„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია ხვიჩა კვარაცხელიას განსხვავებულ როლში ხედავს. Gazzetta Dello Sport-ი წერს, რომ ფრანგი სპეციალისტი ლუჩანო სპალეტისგან განსხვავებით ხვიჩას სათამაშო ფუნქციას ოდნავ შეუცვლის.
კვარა სპალეტის თაოსნობით გამოკვეთილი ფლანგელი იყო, მაგრამ გარსია ფიქრობს, რომ მან უფრო მეტად ცენტრში და კართან ახლოს უნდა იმოქმედოს.
„სპალეტისთან ის ფლანგზე თამაშობდა, ფაქტობრივად აუტის ხაზიდან იწყებდა მოძრაობას, რათა დაუყოვნებლივ მეტოქისთვის შეეტია, ჰქონოდა თავისუფლება, თუნდაც შეცდომების დაშვების უფლება და ნებისმიერ მომენტში მომგებიანი მოქმედება გაეკეთებინა. ცხადია, იგივეს მას გარსიაც სთხოვს, მაგრამ ბურთის მიღების წერტილი მისთვის შეიცვლება.
გარსიას მოსწონს ვერტიკალური თამაში, უფრო მეტად ცენტრალიზებული. ამიტომ მისი იდეაა კვარამ მოქმედება ცენტრალური ზონიდან დაიწყოს, რომ კარს მიუახლოვდეს და კარში დაარტყას. ოსიმენთან უფრო ახლოს უნდა იყოს და მეტოქის დაცვას მეტი პრობლემა შეუქმნას“, - წერს Gazzetta Dello Sport-ი.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ დღეს ამხანაგურ მატჩს თურქულ „ჰატაისპორთან“ ჩაატარებს. მოსამზადებელ ეტაპზე ნეაპოლელებს სულ 4 ამხანაგური თამაში აქვთ დაგეგმილი, ხოლო 19 აგვისტოს, სერია A-ს პირველ ტურში „ფროზინონეს“ სტუმრად შეხვდებიან.