"კადიროვს აუწიეს ყური... კრემლსა და ჩრდილოეთ კავკასიის ლიდერებს შორის ურთიერთობა უფრო ხისტი გახდა, კულუარული მუქარის ფაქტებიც გაჩნდა"

"მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" მეთაურმა ევგენი პრიგოჟინმა ბუნტი მოაწყო, ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის უძლეველობის აღარ სჯერათ", - ამბობს უსაფრთხოების ექსპერტი, მამუკა არეშიძე. მისი თქმით, პრიგოჟინის აქცია სპექტაკლი იყო, სანახევროდ სპექტაკლი თუ ნამდვილი ჯანყი, მნიშვნელობა აღარ აქვს, კავკასიაში და ყველა სხვა რეგიონში უკვე შეიქმნა და განვითარდა აზრი, რომ რუსეთის უძლეველობა მითია. უფრო ვრცლად, თუ რა ვითარებაა ახლა ჩრდილოეთ კავკასიაში და როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები, რუსეთ-უკრაინის ომის კვალდაკვალ, მამუკა არეშიძე "კვირის პალიტრას" ესაუბრება:

- ძალიან საინტერესო პროცესები დაიწყო ჩრდილოეთ კავკასიაში. ერთ დეტალზე მინდა თქვენი ყურადღების გამახვილება - როდესაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, რეგიონულმა ლიდერებმა, კრემლის ნებართვით, ძალიან დიდი ენთუზიაზმით ჩამოაყალიბეს სამხედრო ფორმირებები და შესაბამისი სახელებიც დაარქვეს, მაგალითად, "ალანისა", "ინგუშეთი" და ა.შ. შესაბამისად, ყველა რეგიონულ ლიდერს თავისი "მინიარმია" ჰყავს. საქმე ისაა, რომ კრემლის არა ერთი მოთხოვნის მიუხედავად, ნაციონალური "მინიარმიები" ომში არ მონაწილეობენ. გამონაკლისი მხოლოდ ჩეჩნური დანაყოფია. რა თქმა უნდა, ჩრდილოეთ კავკასიელები ამ ე.წ. სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობენ და საკმაოდ დიდი მსხვერპლიც აქვთ, განსაკუთრებით - ინგუშებს, მაგრამ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ისედაც მსახურობდნენ თავდაცვის ძალებში ანუ მოხალისეობის სურვილი მაინცდამაინც არ აქვთ. კრემლი ბოლო დროს ძალიან შფოთავს ჩრდილოეთ კავკასიის მილიტარიზაციის გამო. ისტორიიდან ხომ ყველამ კარგად ვიცით, რა შედეგი მოაქვს ამ რეგიონის მილიტარიზაციას?! ამიტომ მოსკოვში გადაწყვიტეს, რომ ჩრდილოეთ კავკასიელებისთვის, რაღაც ფორმით მაინც დაექნიათ თითი. ამისთვის გამოიყენეს რამზან კადიროვი. მიუხედავად იმისა, რომ ის პუტინის ერთგულია, კადიროვს, ზოგადად, ახასიათებს სამართლებრივი სივრციდან გასვლის ჩვევა. ადრე მოსკოვში მის ამ ჩვევაზე თვალს ხუჭავდნენ. ახლა ასეთი რამ მოხდა - ერთი თვის წინ გროზნოში ზარემა მუსაევას სასამართლო პროცესი გაიმართა. ეს არის ქალბატონი, რომლის ქმარ-შვილსაც კადიროვი ემტერება. ჩეჩნურმა სპეცსამსახურის თანამშრომლებმა ის ნოვოსიბირსკში ყოფნის დროს, პირდაპირ ბინიდან მოიტაცეს. გროზნოში სასამართლო პროცესზე დასასწრებად მოსკოვიდან ცნობილი ჟურნალისტი ელენა მილაშინა და, ასევე, ცნობილი ადვოკატი ალექსანდრ ნემოვი ჩავიდნენ. ორივე ოპოზიციურ ძალებთან ასოცირდება და კრემლისთვის მიუღებელი პერსონები არიან. ასე იყო თუ ისე, გროზნოს აეროპორტში ორივეს დაესხნენ თავს, სცემეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. ნემოვი დაჭრეს კიდეც. ცემის დროს სათითაოდ წამოაძახეს ყველა ის სტატია, რომელშიც პუტინი და კრემლი ჰყავდათ გაკრიტიკებული. მილაშინასთვის ეს პირველი შემთხვევა არ იყო. ადრეც არა ერთხელ დასხმიან თავს, ოფიციალური მოსკოვს ამაზე არასდროს არ ჰქონია რეაქცია. ამჯერად მოსკოვში გადაირივნენ - ერთი ამბავი ატყდა, ცალკე დუმაში, ცალკე სამართალდამცავ სტრუქტურებში, სპეციალური თვითმფრინავი გამოაგზავნეს მათ წასაყვანად. მიუხედავად იმისა, რომ მილაშინა ძალიან მაგრად არის ნაცემი, სიცილით კვდება და ამბობს, - რას წარმოვიდგენდი, კრემლში ჩემ გამო ასე თუ შეწუხდებოდნენო. საქმე ისაა, რომ ამ ჟესტით კადიროვს აუწიეს ყური.

- როგორ შეიძლება მიიღოს კადიროვმა ეს მინიშნება? ზოგადად, ცნობილია, რომ ის კრემლის კარზე ოსტატურად ლავირებს და ყოველთვის ახერხებს საკუთარი ინტერესების გატარებასაც და დაცვასაც.

- კადიროვი იძულებული გახდა, გამოსულიყო და თავისი სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის მუშტები ებრახუნებინა, - სასწრაფოდ გამოიძიეთ ეს საქმეო. ის მიხვდა, რომ კრემლიდან ირიბად გააფრთხილეს, წითელი ხაზები არ უნდა გადალახოო. ამასთან, კადიროვისთვის ყურის აწევა მინიშნება იყო სხვა რეგიონული ლიდერებისთვისაც. ქართული ანდაზის არ იყოს, "მულო შენ გეუბნებოდნენ, რძალო შე გაიგონეო". სხვათა შორის, კრემლში ძალიან არ ესიამოვნათ კადიროვის აქტიურობა პრიგოჟინის ამბოხის დროს. ის ისე ოპერირებდა, როგორც რუსი მაღალჩინოსანი ანუ კრემლის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენელი. კადიროვი ამ ელიტაში არ შედის, იმის მიუხედავად, რომ თავად ამის დიდი სურვილი აქვს. ეს ეპიზოდი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სწორი დასკვნები გავაკეთოთ, თუ როგორია კრემლის პოლიტიკა კავკასიის მიმართ. უნდა ითქვას, რეგიონულმა ლიდერებმა ეს კარგად გაიგეს. ასეა თუ ისე, კრემლსა და ჩრდილოეთ კავკასიის ლიდერებს შორის ურთიერთობა უფრო ხისტი გახდა. კულუარული მუქარის ფაქტებიც გაჩნდა.

- მუქარა რას უკავშირდება?

- ძირითადად, ფინანსურ საკითხებს. როგორც საუბრის დასაწყისში გითხარით, კრემლში ძალიან ნერვიულობენ ნაციონალური არმიების არსებობის გამო, რომლებიც თავადვე შექმნეს და ვეღარ შლიან.

  • რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს კრემლს ჩრდილოეთ კავკასიიდან, რაზეა ახლა დამოკიდებული კავკასიელი ლიდერების პოზიციების შეცვლა?
  • - რუსეთ-უკრაინის ომის შედეგებზე.

- დიახ, მაგრამ ძალიან ბევრი ვერსია განიხილება, თუ როგორი შეიძლება იყოს ეს შედეგი...

- კი ბატონო, კრემლის მხრიდან პრიგოჟინის ამბოხის დროს გამოჩენილმა სისუსტემ ჩრდილოეთ კავკასიელი ლიდერები პოზაში ჩააყენა. რამდენჯერაც გამოაჩენს კრემლი სისუსტეს, კავკასიელი ლიდერების პოზა იმდენჯერ უფრო ხისტი გახდება.

- თქვენი ვერსიით, როდემდე შეძლებს კრემლი სახის შენარჩუნებას?

- ამის თქმა რთულია. ყველაფერი მაინც ფრონტის ხაზზე განვითარებულ მოვლენებზეა დამოკიდებული. 2022 წლის გაზაფხულამდე კრემლი სახეს სრულად ინარჩუნებდა, სექტემბერიდან, როდესაც რუსეთმა ფრონტის ხაზზე უკანდახევა დაიწყო, ჩრდილოეთ კავკასიელი ლიდერები ჯერ გაოცდნენ, გაკვირვებულები უყურებდნენ პროცესს, ახლა, ნელ-ნელა დაიწყეს პოზაში ჩადგომა. პრიგოჟინის ამბავმა კრემლის საძირკველი საფუძვლიანად შეარყია. კრემლში კი ცდილობენ ამ მდგომარეობის შეცვლას, მაგრამ ჯერ რთულია იმის თქმა, რა გამოუვა. კადიროვს, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ლიდერს, ნებისმიერ დროს შეუძლია რევერსის გაკეთება და განმათავისუფლებელი მოძრაობის დაწყება.