„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა და ასევე მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტეფუსკომ ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასებზე ისაუბრა.
მისთვის სამარცხვინოა ის ფაქტი, რომ „ნაპოლი“ ქართველს კონტრაქტის განახლებით სეზონში 2.5 მილიონს სთავაზობს, ხოლო ნიგერიელს 7 მილიონს და პლუს ბონუსებსაც.
„არ მესმის, რატომ უნდა გამოიმუშაოს ოსიმენმა 7-8 მილიონი ევრო, ხოლო კვარაცხელიამ განახლებით შეეძლოს 2.5 მილიონის აღება. არაფერი მაქვს ნიგერიელის საწინააღმდეგო, რომელიც დამანგრეველი ფეხბურთელია, მაგრამ ვინ ამიხსნის ორ თავდამსხმელს შორის ამ უზარმაზარი განსხვავების მიზეზს?
ჩემთვის სამარცხვინოა ასეთი აშკარა უთანასწორობაა. ვხედავ ფეხბურთელს და ვფიქრობ, რომ კვარაცხელია არის ძალიან ძლიერი, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ევროპაში“, - თქვა მონტეფუსკომ.
აღსანიშნავია, რომ იტალიური მედიის ცნობით, ოსიმენის გარდა, ხვიჩაზე გაცილებით მაღალი ხელფასი კონტრაქტის განახლების შემთხვევაში პიოტრ ჟელინსკისაც ექნება, სეზონში 4.5 მილიონი ევრო. ხვიჩას ხელფასი ამჟამად 1.2 მილიონი ევროა, ხოლო კონტრაქტის განახლების შემდეგ ის გაორმაგდება და 2.5 მილიონი ევრო გახდება. იტალიელი ჟურნალისტები წერენ, რომ ხელშეკრულების განახლება ხვიჩასა და „ნაპოლის“ შორის უკვე გადაწყვეტილია.