ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისთან“ კონტრაქტის განახლებაზე როგორც ჩანს, საბოლოოდ შეთანხმდა. „გაძეტა დელო სპორტის“ ინფორმაციით, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის საფუძველზე ხელშეკრულებას ერთი წლით განაახლებენ.
ქართველი ფეხბურთელი ახალ კონტრაქტს 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმებს, ხოლო მისი ხელფასი, როგორც ითქვა, გაორმაგდება. ხვიჩა სეზონში ამჟამად 1.2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, განახლების შემდეგ კი 2.5 მილიონ ევროს მიიღებს.
ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ შარშან შეუერთდა და პირველივე სეზონში სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, 43 მატჩში 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა და თავის გუნდს 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტოს მოგებაში დაეხმარა.