„ცხრა ძმა ხერხეულიძის, 300 არაგველის დედები სამშობლოს წირავდნენ შვილებს, ზურაბიშვილმა კი ფეშენცხოვრება შეუქმნა შვილებს საქართველოს გაწირვის ხარჯზე“

„ცხრა ძმა ხერხეულიძის, 300 არაგველის დედები სამშობლოს წირავდნენ შვილებს, ზურაბიშვილმა კი ფეშენცხოვრება შეუქმნა შვილებს საქართველოს გაწირვის ხარჯზე“

„ევროპარლამენტართა კორუფციულ სკანდალს აუცილებლად მოყვება სააკაშვილთან დაკავშირებული სკანდალის გამოძიება, თუ რა იდგა ყველაფრისგან დაცლილი რეზოლუციების უკან. დასავლეთში ადამიანობა წაშლილია. როგორ შეიძლება ადამიანურობაზე ისაუბრო, როდესაც სააკაშვილის ოჯახის მიერ გადახდილი მილიონის საფასურად 4-მილიონიანი საქართველოს უბედურებაზე აწერ ხელს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.

მას შემდეგ, რაც სააკაშვილის ლობისტური კომპანიის შესახებ ინფორმაცია ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე აიტვირთა, საქართველოში გაჩნდა მოსაზრება, რომ მხოლოდ რუსეთისგან კი არ ვართ დასაცავი, არამედ კორუმპირებული ევროპისგანაც. სულ ახლო წარსულში გამოვლინდა ე.წ. კატარგეითის საქმე, რომლითაც ევროპარლამენტარების კორუფციულ სკანდალს აეხადა ფარდა. როგორ ფიქრობთ, კატარგეითის საქმის გაგრძელება შეიძლება გახდეს „მიშაგეითის“ საქმე, რომლითაც ირკვევა, რომ სააკაშვილის ოჯახი ლობისტების მეშვეობით რეპუტაციულ ზიანს აყენებდა საქართველოს?

- ამ საქმეს ორი მხარე აქვს, ერთი, თვითონ მიშა, როგორც ამ ქვეყნის მოღალატე. ვერც ვამბობ, სააკაშვილი საკუთარი ქვეყნის მოღალატეა-თქო, რადგან მას არ აქვს საკუთარი ქვეყნის განცდის უნარი. მე მგონი, არც ერთი ქვეყნის მიმართ არ აქვს განცდის უნარი. საბედნიეროდ, ასეთ ადამიანს მხოლოდ ერთს შევხვდი ცხოვრებაში - სააკაშვილს და მეორეს არც შევხვედრივარ, მაგრამ ასეთი სტილის ადამიანებს როცა სხვა ადამიანების სიყვარული არ შეუძლიათ, როგორ შეიძლება, საკუთარი ქვეყანა უყვარდეთ. ეს ერთი მხარეა და მეორე მხარეა ის ბინძური ძალა, რომელთანაც ეს უსამშობლო ადამიანი თანამშრომლობდა, თუ აგენტობდა.

FARA-ს დოკუმენტმა ამოატივტივა ნაკლოვანი თვისებები და დაგვანახა, რომ მთავარია, ამ ხალხს გადაუხადო, მათთვის სიმართლე არაფერს ნიშნავს, მათ არ აინტერესებთ, ვის უფლებებს არღვევენ. თანაც, ვისზეა ლაპარაკი -ევროპარლამენტზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებზე, საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირებზე, ვისაც პრეტენზია აქვთ დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე. ამ დროს რა გამოიკვეთა, ფულის გულისთვის ნებისმიერ რამეს დაწერენ და ხელს მოაწერენ, არ დაეძებენ, არის თუ არა ამაში სიმართლე. ლობისტური საქმიანობა და ლობისტური საქმიანობის შედეგად აღებული თანხა იმას კი არ უნდა გულისხმობდეს, რომ უზნეობას, ტყუილს, ადამიანების და ქვეყნების ღალატს ლობირებდე, არამედ ლობისტური საქმიანობის შედეგი უნდა იყოს ის, რაც კარგია, მაგრამ არ არის წარმოჩინებული და შენ მის წარმოჩინებაში, წინ წამოწევაში თანხას შეიძლება იღებდე. ეს გასაგებია, მაგრამ ეს ევროპარლამენტარები და სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლები რაში იღებდნენ თანხას? იმაში, რომ მხარი დაეჭირათ საქართველოს დასანქცირებისთვის, ქვეყნის დასანქცირებისთვის, რომელსაც არც ერთი ქვეყნისთვის არაფერი დაუშავებია, უახლესი ისტორიის მანძილზე ვერავინ გაიხსენებს და ვერავინ იტყვის, რომ საქართველოს ვინმესთვის რამე დაუშავებია. მე არ უარვყოფ ჩვენს მოღალატეებს, „ნაციონალებს“ და მიშა სააკაშვილს, კი ბატონო, ეს ჩვენი პრობლემაა, ამას ვაღიარებ და ჩემს წილ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ, მაგრამ შენ რომ პრეტენზია გაქვს დემოკრატიაზე, ღირებულებებზე, ადამიანის უფლებებზე, ზესახელმწიფო რომ ხარ და ასეთ მდაბიო ქცევას კადრულობ ფულის სანაცვლოდ, საერთოდ რა ხარ და ვინ ხარ? ეს რომ კარგად გაიაზრონ პოსტსაბჭოთა სივრცის მოქალაქეებმა, ნამდვილად იტყვიან, რომ საბჭოთა კავშირსაც კი არ გამოუვლენია თავის დროზე ასეთი უსახური სახე, როგორიც დღეს ევროპამ და ამერიკამ გამოავლინა.

სხვათა შორის, იმავე კანონის საფუძველზე, რომელი კანონიც საქართველოში ამერიკის და ევროპის აგენტებმა დაბლოკეს და არ მიგვაღებინეს, ეს სურათი დღეს წამოტივტივდა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი საკუთარი მოღალატეები გვყავს და ეს მოღალატეები ახერხებენ, სუპერსახელმწიფოებში, რომელთაც დღემდე კარგი იმიჯი ჰქონდათ, ფულის სანაცვლოდ მიაღწიონ ქვეყნის დასანქცირებას, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის შეჩერებას.

წლების წინ, მუამარ კადაფის ტრაგედიის შემდეგ, კადაფის ვაჟი ამბობდა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა სარკოზიმ მამამისს დიდძალი თანხა აართვა საკუთარი წინასაარჩევნო კამპანიისთვის, საბოლოოდ კი გაყიდა, მოსაკლავად გაიმეტა და „ის კლოუნი“ თანხის დაბრუნებას ლიბიისთვის არც აპირებდა. იმ პერიოდში, ალბათ, ბევრი ფიქრობდა, რომ კორუფციულ სკანდალში სარკოზის ცილს სწამებდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, კორუფცია ევროპისთვის უცხო არ უნდა იყოს. პოსტსაბჭოთა სივრცეში შეჩვეულნი ვიყავით, რომ „ბასიაკი“ რუსი ჩინოვნიკები ადვილად იყიდებოდნენ ფულზე, მაგრამ რუსებში რაც არ მოგვწონდა, დასავლეთშიც იგივე ყოფილა. რა უნდა ქნას საქართველოსნაირმა პატარა სახელმწიფომ, რომელიც ხან ევროპას შეჰყურებს, ხან ამერიკას, რომ უკვე ორივე მხარის აგრესორებისგან თავი დავიცვათ? როგორც ევროპისგან, ისე რუსეთისგან?

- ადამიანი ყველგან ადამიანია - რუსეთშიც, ამერიკაშიც, აფრიკაშიც, საფრანგეთშიც და მიდრეკილია ცოდვისკენ, უარყოფითისკენ. ეს იყო, ალბათ, ჩვენი ილუზია და პიარის შედეგი, რომ წარმოგვედგინა, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, ანუ საბჭოთა სახელმწიფოს იქით მხოლოდ და მხოლოდ სამოთხე იყო. პირადად მეც ასე მეგონა, რომ დასავლეთი ეს არის ანგელოზები დედამიწაზე, მაგრამ ის რეალობა, რომ ადამიანი ადამიანია ყველგან, ამას ვერ გავექცევით. კორუფციის თვალსაზრისითაც რომ შევადაროთ მასშტაბები, მართალია, მაშინ სხვა თვითღირებულება ჰქონდა ყველაფერს და სხვა იყო ეკვივალენტი თანხებში, მაგრამ ასეთი მასშტაბის კორუფცია საბჭოთა სახელმწიფოში არ მახსოვს, რასაც მე დასავლეთში ვუყურებ. ყველგან ყველაფრის გადამწყვეტია შავი, მაგრამ გათეთრებული ფული. კონიაკს ან არაყს რომ ჩაუტანდა ქართველი რუსს, ამით უზარმაზარ საქმეებს აკეთებდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს კონიაკის და არყის კი არა, ადამიანური ურთიერთობების შედეგი უფრო იყო, ვიდრე ქრთამის შედეგი. რასაც დღეს ვუყურებ, დასავლეთში ადამიანობა საერთოდ წაშლილია. როგორ შეიძლება ადამიანობაზე ისაუბრო, როდესაც ვიღაცის მიერ გადახდილი მილიონის საფასურად 4-მილიონიან საქართველოს წირავ და 4-მილიონიანი ქვეყნის უბედურებაზე აწერ ხელს. ეს შეიძლება რაიმე თანხაში იყოს გამოხატული? სად არის აქ ადამიანობა, რისთვისაც უფალმა შექმნა ადამიანი - სიკეთისთვის, სიყვარულისთვის, თანადგომისთვის. სად არის ეს ამ უღმერთო ქვეყანაში? მე ვფიქრობ, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რასაც დასავლეთი საქართველოში ებრძვის, ჩვენი რწმენა და უფალია. აქ მთლიან დასავლეთს კი არა, ბინძური პოლიტიკის გამტარებელ ძალას - ნეოლიბერალებს ვგულისხმობ. სწორედ ჩვენი რწმენა აფხიზლებს ადამიანს და ეუბნება, რისთვის ხარ და რა არის შენი საკეთებელი ამ ქვეყანაზე. ეს აყენებს ადამიანს იმ ჩარჩოებში, რომ ბინძური ლობისტური კომპანიების გადახდილ ფულზე შენი სინდისი არ გაყიდო.

ერთგან თქვენ აცხადებთ, რომ მუდამ ასეთი მოცემულობა იყო - სააკაშვილი იბრძოდა საქართველოს წინააღმდეგ, აშკარაა, მაოხრებელი გზირის ფუნქციას „ვივამედიდანაც“ აგრძელებს. დღეს ევროპა თვალს ხუჭავს ყველაფერზე, მაგრამ ევროპარლამენტართა კორუფციული სკანდალის გაგრძელება შეიძლება საქართველოსთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალიც იყოს?

- აუცილებლად, ეს უთუოდ მოხდება. ჩვენ ჩავერევით ამაში, არ ჩავერევით, ვითამაშებთ როლს თუ არა, აუცილებლად მოხდება, რადგან „ფარას“ კანონმა ისეთი ნათელი გახადა ბევრი რამ, რომ საგამოძიებო ორგანოები ამ თემით დაინტერესდებიან, თუკი ყველაფერი გაყიდული და გადაგვარებული არ არის დასავლეთში. გაირკვევა, რა იდგა აბსოლუტურად ყველაფრისგან დაცლილი რეზოლუციების უკან, ბინძური შინაარსის მოთხოვნების უკან, სადაც ყოველგვარი სამართლებრივი ჩარჩო, ეთიკა დარღვეული იყო, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი ხელყოფილი იყო. ასეთი დოკუმენტების უკან რა იდგა, არ შეიძლება თვითონ ამ უწყებებს არ აინტერესებდეთ.

მათ შორის, შეიძლება ამ საქმის გაგრძელება იყოს პოლონელი ექიმის სკანდალიც?

- რა თქმა უნდა, კორუფციაზე ვსაუბრობთ და ესეც კორუფციის ნიშნებს ატარებს. აბა, ჰუმანური მოსაზრებით იპარავდა სააკაშვილის ბიოლოგიურ ნიმუშებს? თუ სიკეთისთვის და კარგი საქმისთვის უნდოდა, კიდევ ერთხელ სთხოვდა ექიმებს, სააკაშვილის ბიოლოგიური მასალა დამატებით მომეცითო. არ მისცემდნენ „ვივამედის“ ექიმები?! იპარავდა იმიტომ, რომ ცუდის გაკეთება უნდოდა. მალულად და ქურდულად გაჰქონდა, რომ საქართველოსთვის ძირგამომთხრელი სამუშაო ჩაეტარებინა. როდესაც ვიგებთ, რომ ამ ლობისტური კომპანიის ერთ-ერთი მიზანი იყო საქართველოს დასანქცირება, რის საფუძველზე უნდა მომხდარიყო ეს? ჩვენი იმიჯის შელახვის საფუძველზე. მთელ მსოფლიოში კამპანია უნდა დაწყებულიყო, რომ ქართულმა სახელმწიფომ მოწამლა თავისი მესამე პრეზიდენტი და გაწირა სასიკვდილოდ და თურმე ესენი რა ღირსნი არიან ევროკავშირის?!

სააკაშვილს არ მოსწონს, როცა გიული ალასანიას ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ადანაშაულებენ. მიშა ერთადერთი არ არის, ვისაც არ მოსწონს გიული ალასანიას მიმართ ასეთი შეფასებები, აღმოჩნდა, რომ მურმან დუმბაძეც ცდილობს, გიული ალასანია ირინა ენუქიძეს შეადაროს.

- არ გამახსენოთ მურმან დუმბაძის ნათქვამი, ეს არაადამიანური საქციელი, ვის შეადარა მაგ ნაძირალამ სააკაშვილის დედა? როგორ შეიძლება, ფულის გულისთვის ყველაფერზე აიღოს ხელი? ეს ბინძური ადამიანის ნათქვამია.

როგორ ფიქრობთ, შეიძლება რამენაირად ახსნა მოეძებნოს გვარამიას შემწყნარებელ პრეზიდენტ ზურაბიშვილს იმაში, რომ იქნებ, ისიც გაება სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებულ ლობისტთა მახეში? „ფარას“ დოკუმენტაციაში ზურაბიშვილზე გავლენის მოხდენის შესახებ პირდაპირაა ნათქვამი. იქნებ, ვერ გაუძლო ამ ცდუნებას ზურაბიშვილმა?

- ვერ გაუძლო ცდუნებას? ზურაბიშვილმა ვერ გაუძლო იმას, რომ თავისი შვილებისთვის ფეშენცხოვრება არ შეექმნა საქართველოს გაწირვის ხარჯზე? მე ვიცი ქართველი დედები-ცხრა ძმა ხერხეულიძის, 300 არაგველის დედები, რომლებიც სამშობლოს წირავდნენ თავიანთ შვილებს და არა პირიქით, სამშობლოს რომ წირავენ თავიანთი შვილის სიცოცხლეს კი არა, უბრალოდ, კარგ სამსახურს და კარგ მდგომარეობას. ზურაბიშვილი საკუთარი მერკანტილური ინტერესებისთვის იყენებს ქვეყანას, ქვეყანას, რომელიც მისთვის არაფერს წარმოადგენს, არც დაბადებულა, არც გაზრდილა, არც ცხოვრობს აქ და არც აპირებს საქართველოში ცხოვრებას. მისი ოჯახის არც ერთი წევრი, ნათესავი არ ცხოვრობს საქართველოში.