"პროცესი მდორედ, კულუარული თამაშებით მიმდინარეობს, ვიღაცებს ომის გაჭიანურება აწყობთ"

"გადამწყვეტ უპირატესობას ვერც ერთი მხარე ვერ აღწევს, პროცესი მდორედ, კულუარული თამაშებით მიმდინარეობს, ვიღაცებს ომის გაჭიანურება აწყობთ" - ასე აფასებს რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზზე დღეს არსებულ ვითარებას ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში მამუკა არეშიძე და ირწმუნება, რომ მსგავსი რამ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ არ მომხდარა. ვის და რატომ შეიძლება აწყობდეს ომის გაჭიანურება და რა გავლენას ახდენს ეს პროცესი რეგიონის ქვეყნების დღის წესრიგზე, ამის შესახებ არეშიძე ვრცლად გვესაუბრება:

- სამწუხაროდ, გარკვეული პარიტეტი შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას დასავლეთი მაღალი ხარისხის იარაღს აწვდის (თუმცა არის უხარისხო იარაღის გადაცემის ფაქტები, სამხრეთ ევროპის ქვეყნებიდან), ეს იარაღი არაა საკმარისი. უკრაინას აკლია ავიაცია. არადა, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით - ტაქტიკურ ავიაციას. აქედან გამომდინარე, უკრაინას ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციების დაწყების საშუალება არ აქვს. ლოკალური წარმატებების მიღწევა შეუძლია და აქვს კიდეც, მაგალითად, ზაპოროჟიეს მიმართულებით. თუმცა, ამით რაიმე გადამწყვეტის მიღწევა შეუძლებელია. შესაბამისად, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ომის გაგრძელება რუსეთსაც აწყობს და უკრაინის უკან მდგომ ძალებსაც.

- რუსეთს რატომ უნდა აწყობდეს?

- რუსეთი ომს ვერ იგებს. რუსეთის ხელისუფლების მოქმედება თავად რუსი ექსპერტებისთვისაც კი გაუგებარია. მაგალითად, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება ის ფაქტი, რომ რუსეთი ბომბავს მშვიდობიან უკრაინელ მოსახლეობას, მაგრამ არ ბომბავს საკომუნიკაციო არხებს - რკინიგზის ხაზები, ხიდები... არ ნადგურდება ის გზები, საიდანაც დასავლური იარაღი შემოდის და ინსტრუქტორები შემოჰყავთ. რამდენიმე დღის წინ რუსულ პრესაში დაისვა ასეთი კითხვა - რატომ არ იბომბება კიევის აეროპორტი, საიდანაც სისტემატურად ჩამოდიან უცხოელი სტუმრები?! კრემლში ამას იმით ხსნიან, რომ ეს საკომუნიკაციო საშუალებები, შეტევის დროს ჩვენვე დაგვჭირდებაო. სინამდვილეში, ეს მხოლოდ თავის მართლებაა, ყველამ კარგად იცის, რომ ასეთი რამ უკვე გამორიცხულია. ადრე ნამდვილად ფიქრობდნენ უკრაინის დიდი ნაწილის დაკავებას, მაგრამ ახლა იმასღა ცდილობენ, აღმოსავლეთ უკრაინა მაინც შეინარჩუნონ. ახლა თავად მოსკოვშიც ძალიან რთული ვითარებაა, რუსი ლიდერები პრიგოჟინის ჯანყის შედეგების აღმოფხვრის პროცესში არიან. არა ერთი გენერალია გამქრალი, მათ შორის - სუროვიკინიც. კაცმა არ იცის, სად არიან. ერთობ არაჯანსაღი პროცესია ძალოვან სტრუქტურებში, ერთმანეთზე ეჭვიანობენ... ქაოსური ვითარებაა პოლიტიკურ ელიტაშიც. შესაბამისად, ახლა რუსეთის ხელისუფლებას შიდასაქმეების დალაგება და ფრონტის ხაზზე სიტუაციის შენარჩუნება აწყობს, ამ მდგომარეობაში მყოფს, გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება ნამდვილად არ შეუძლია. სხვათა შორის, ასეთი ჩიხური სიტუაცია იყო პირველი მსოფლიო ომის დროს. რემარკმა დაწერა კიდეც ცნობილი რომანი - "დასავლეთის ფრონტი უცვლელია". მაშინაც, დიდი ხნის განმავლობაში, გრძელდებოდა პოზიციური ომი. მართალია, ახლა ტიპური პოზიციური ომი არ არის, მაგრამ გადამწყვეტ უპირატესობას ვერც ერთი მხარე ვერ აღწევს, პროცესი მდორედ, კულუარული თამაშებით მიმდინარეობს. ძალიან რთულია ამის აღწერა, მაგრამ ბევრი რამ არის ისეთი, რაც ეჭვს ბადებს, რომ ვიღაცას ომის გაჭიანურება სჭირდება.

- იქიდან გამომდინარე, რომ რეგიონის დღის წესრიგს სწორედ რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზი განაპირობებს, საინტერესოა, რა ტიპის თამაშის წესებს კარნახობს ეს მოცემულობა რეგიონის ქვეყნებს და ვინ რა სტრატეგიას ირჩევს საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონირებისას?

- სტრატეგიული დაგეგმვის თვალსაზრისით, ჩვენი რეგიონის ვერც ერთი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის. ერთადერთი, აზერბაიჯანი მეტ-ნაკლებად ართმევს თავს ამ რთულ მოცემულობას. ვითარება იმდენად არაპროგნოზირებადია, რომ სტრატეგიული ხედვების ჩამოყალიბება ურთულესია, თითქმის ყველა ტაქტიკური ნაბიჯის გადადგმაზეა ორიენტირებული, მათ შორის, პირველ რიგში, ჩვენი ახლო მეზობელი სომხეთიც. ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად შეფასდეს რუსეთის მიერ ბოლო 30 წლის განმავლობაში სომხეთში გატარებული პოლიტიკა. რუსი კონსერვატორები ახლა ამბობენ, რომ ნამდვილი კატასტროფა იყო ის პოლიტიკა, რომელიც რუსეთმა კავკასიაში გაატარა, რომ ეს დამღუპველი აღმოჩნდა მათთვის. მათი აზრით, საჭიროა, ამ პოლიტიკის შეცვლა. დღეს ბევრი რამ ამოტივტივდა ზედაპირზე. მოსკოვში უკვე ხმამაღლა ლაპარაკობენ, რომ რუსეთმა სომხეთი გაყიდა. სომხეთი და რუსეთი მხოლოდ კოლექტიური უსაფრთხოების ("ოდეკაბეს") ფორმატში კი არ თანამშრომლობდნენ, ცალკე სხვა დოკუმენტიც ჰქონდათ, 1997 წელს ხელმოწერილი, რომელიც გულისხმობს ურთიერთდახმარებას სამხედრო აგრესიის შემთხვევაში. დღეს რუსი ოპოზიციონერები სერიოზულად აკრიტიკებენ კავკასიაში და, ზოგადად, პოსტსაბჭოთა სივრცეში გატარებულ არაეფექტიან პოლიტიკას. ამ ქაოსურ ვითარებაში ძალიან რთულია სწორი აქცენტის გაკეთება და სწორად მანევრირება. დღეს სიტუაციის ზედაპირული შეფასება არ შეიძლება, სიღრმისეული ანალიზია საჭირო. მოსკოვში აქტიურად ლაპარაკობენ, რომ მათი პოლიტიკა საქართველოში იყო არაპროდუქტიული და უვარგისი, საქართველოსთან არასწორი მიდგომების გამო - მათი თქმით, აფხაზეთისა და ცხინვალის დაკავების გამო დაკარგეს პლაცდარმი სამხრეთ კავკასიაში, რომ თურქეთს საშუალება მისცეს, ერთი მხრივ, გასწორებოდნენ სომხებს და, მეორე მხრივ, სომხები გაეყვანათ რუსეთის ორბიტიდან და რუსეთის გავლენები სამხრეთ კავკასიაში მინიმუმამდე დასულიყო.

- ბატონო მამუკა, თუ წარმოგიდგენიათ, როგორი შეიძლება იყოს რუსეთის სწორი და პროდუქტიული პოლიტიკა, სტრატეგია?

- უნდა ვთქვათ, რომ რუსული პოლიტიკური ელიტა იმპერიალისტური მარწუხებიდან ჯერ კიდევ არ არის გამოსული. აქედან გამომდინარე, რთულია იმის თქმა, მართლა შეცვლის თუ არა რუსეთი თავის პოლიტიკას, თუმცა, გარწმუნებთ, რომ ამ თემაზე საუბრები ნამდვილად დაიწყო, მაგრამ შეიძლება, შეიძლება ეს საუბრები, საუბრებად დარჩეს, ვინაიდან რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, პუტინის მეთაურობით, ისეთ ჩარჩოებშია მოქცეული, რომ სხვაგვარი გადაწყვეტილების მიმღები არ არის. ეს მათი პოლიტიკური ტრენდია, რომელსაც ესენი ვერ შეცვლიან, ამის ნიჭი და პოლიტიკური ალღო არ აქვთ.

- ე.ი. გამოდის, რომ რაც უნდა ღრმად გავაანალიზოთ დღეს არსებული რთული მოცემულობა, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დაწყებით ჩვენთვის სასურველ შედეგს მაინც ვერ მივიღებთ. ამასთან, საინტერესოა, მმართველი გუნდის წევრები, რომლებიც ფიქრობენ, რომ რუსეთთან ლავირებაა საჭირო, რატომ ვერ ხედავენ ამის საჭიროებას დასავლეთთან, რთულია იმის გაანალიზება, რომ რუსეთის წინაშე მარტო, დასავლური მხარდაჭერის გარეშე დარჩენა ჩვენთვის ძალიან სახიფათოა?

- ჩვენ უკვე ისედაც სახიფათო მდგომარეობაში ვართ. რისკები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობდა, არსად გამქრალა, პირიქით - გაიზარდა. ახლა რაც შეეხება დასავლეთთან ურთიერთობას. ის ადამიანები ვინც ეკრანზე ჩანან, დასავლურ პოლიტიკას არ ქმნიან. პოლიტიკას ქმნიან სულ სხვა ადამიანები, რომლებიც კულუარებში არიან.

- და ამ ადამიანებისთვის "ქართული ოცნების" ლიდერების პოზიციონირება მისაღებია?

- შეიძლება, თბილისიდან წამოსული გზავნილები არც მათთვისაა მოსაწონი, მაგრამ მათთვის სტრატეგიული ხედვა უფრო მნიშვნელოვანია. რაც უნდა თქვას "ქართული ოცნების" ამა თუ იმ წარმომადგენელმა, სამხრეთ კავკასიას მაინც არ დათმობენ. გარდა ამისა, მათ საქართველოს ხელისუფლებაზე ზემოქმედების სერიოზული ბერკეტები აქვთ - ვგულისხმობ ფინანსურ მხარეს. ნახეთ, როგორ გაჭიანურდა ცნობილი პროექტი, რომელიც ენერგომატარებლების შავი ზღვის ფსკერზე ტრანსპორტირებას ისახავდა მიზნად?! ჯერ პირველი ტენდერი გაჭიანურდა, მაგრამ, როგორც იქნა, ჩატარდა, დაგეგმილზე ბევრად გვიან. ახლა მეორე ტენდერი უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ გაურკვეველი ვადით გადაიდო. მე, როგორც ვიცი, საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები ამუხრუჭებენ ამ ამბავს. ასე რომ, დასავლეთს საქართველოზე ზემოქმედების შესაძლებლობა ნამდვილად აქვს. ამით იმის თქმა მინდა, რომ ევროკავშირში, ადრე თუ გვიან, მაინც გაგვაწევრებენ. ამას გააკეთებენ არა იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა, არამედ იმიტომ, რომ დასავლური პოლიტიკის მწარმოებლებს ასე აქვთ დაგეგმილი. რაც შეეხება ნატოს, ეს გადადებული თემაა, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ქვეყნისთვის და ეს ასე იქნება, ვიდრე მათი ტერიტორიები რუსეთს აქვს ოკუპირებული. რაც უნდა დაჰპირდნენ უკრაინას ამ მიმართულებით, ყველაფერი იქნება ბლეფი. ტყუილად საუბრობენ ჩვენი ოპოზიციონერები, უკრაინამ ყველაფერი მიიღო, საქართველომ არაფერიო. არც უკრაინას მიუღია რამე და არც საქართველოს. ვილნიუსის სამიტზე ახალი არაფერი თქმულა, სხვა სიტყვებით გაიმეორეს ის, რაც ბუქარესტის სამიტზე თქვეს!

- ამის გამო პრეზიდენტ ზელენსკის უკმაყოფილება ნამდვილად ეტყობოდა.

- კი, იმიტომ, რომ ვერაფერი საიმედო ვერ მოისმინა. პოლიტიკური კონიუნქტურა როცა მოითხოვს ამის საჭიროებას, მაშინ მიიღებენ ნატოში უკრაინასაც და საქართველოსაც.