ქალთა საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის წინ, სასტუმროსთან, სადაც ნორვეგიის ნაკრები იმყოფებოდა, უცნობმა პირმა რამდენჯერმე გაისროლა - გვამცნობს Inside The Games.
წყაროს ინფორმაციით, მსროლელს ჰქონდა სატუმბი მოქმედების თოფი, საიდანაც ისროდა. სამართალდამცავი ორგანოების მოქმედების შედეგად უცნობი პირი ლიკვიდირებულია.
ახალი ზელანდიის პრემიერ მინისტრმა კრის ჰიპკინსმა განაცხადა, რომ ტურნირი ამ ინციდენტის გამო არ გადაიდება.
„მსოფლიო ჩემპიონატი დღეს საღამოს იწყება და ოკლენდი დიდ ყურადღებას მიიპყრობს. დილით ქვეყნის მთავრობა ფიფას ორგანიზატორებს ესაუბრა და შეჯიბრი გეგმის მიხედვით წარიმართება. მინდა გავიმეორო, რომ უფრო დიდი საფრთხე ეროვნული უსაფრთხოებისთვის არ არსებობს. როგორც ჩანს, ეს ერთი ადამიანის ქმედებაა.“ - ციტირებს ჰიპკინსის სიტყვებს AP News.
შეგახსენებთ, რომ ნორვეგიის ქალთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩში მასინძელ ახალ ზელანდიას შეხვდება. თამაში ოკლენდში „ედენ პარკის“ სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 11:00 საათზე დაიწყება.
ნორვეგიის ნაკრები A ჯგუფში თამაშობს ახალ ზელანდიასთან, ფილიპინებსა და შვეიცარიასთან ერთად.
ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი 2023 წელს 20 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. ამჟამინდელი გამარჯვებული აშშ-ის ნაკრებია.