"ნაპოლის" ულტიმატუმი ლოზანოს და ჟელინსკის

„ნაპოლის“ ირვინგ ლოზანო სავარაუდოდ დატოვებს. იტალიური მედიის ცნობით, მექსიკელ ფეხბურთელს „ლოს ანჯელესი“ იწვევს და მზადაა MLS-ში გადავიდეს.

აღსანიშნავია, რომ ლოზანოს კონტრაქტი 2024 წელს ეწურება და კლუბში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ მექსიკელსაც და პიოტრ ჟელინსკისაც „ნაპოლიმ“ პრაქტიკულად ულტიმატუმი წაუყენა: ორივე ან კონტრაქტს გაახანგრძლივებს, რომელიც გაისად იწურება, ან კლუბს დატოვებენ.

თანაც, ირვინგიც და პიოტრიც ხელფასის შემცირებასაც უნდა დათანხმდნენ, რადგან კლუბის ახალ სახელფასო ბიუჯეტს არ ერგებიან. ასე რომ, ლოზანო სავარაუდოდ ამერიკაში გადავა, თუმცა, შეთავაზება საუდის არაბეთიდანაც აქვს, ისევე როგორც ჟელინსკის.

შეგახსენებთ, რომ ლოზანომ კარიერა სამშობლოში, „პაჩუკაში“ დაიწყო, 2017-2019 წლებში პსვ ეინდჰოვენში ითამაშა, ხოლო 2019 წლიდან „ნაპოლის“ მაისურით 155 შეხვედრაში 30 გოლის გატანა მოახერხა.