„მანჩესტერ იუნაიტედში“ ანდრე ონანას ტრანსფერი გადაწყდა. როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, ინგლისელები ახლოს არიან „ინტერთან“ საბოლოო შეთანხმების მიღწევასთან.
ონანას „მანჩესტერთან“ პირადი კონტრაქტი დიდი ხანია შეთანხმებული აქვს, ასე რომ, ერიკ ტენ ჰაგს გუნდში ეყოლება მეკარე, რომელიც თვითონ მოითხოვა. "წითელ ეშმაკებს" ეს ტრანსფერი 50 მილიონი ევრო და პლუს 4 მილიონი ბონუსის სახით დაუჯდათ. აღსანიშნავია, რომ ონანა ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ მეკარეების ხუთეულში მოხვდება.
ონანას „მანჩესტერში“ ტრანსფერი სავარაუდოდ, „ინტერში“ იან ზომერის გადასვლას მწვანე შუქს აუნთებს, ხოლო ზომერის შემცვლელად „ბაიერნში“ გიორგი მამარდაშვილს ასახელებენ.
ანდრე ონანამ კარიერა „აიაქსში“ დაიწყო, სადაც ერიკ ტენ ჰაგთან მუშაობდა, რომელიც ახლა „მანჩესტერის“ მწვრთნელია. კამერუნელი „ინტერში“ 2022 წლიდან თამაშობს და გასულ სეზონში 41 მატჩი ჩაატარა.