ხვიჩა კვარაცხელია შესაძლოა

ხვიჩა კვარაცხელია შესაძლოა "ნიუკასლის" ისტორიაში სარეკორდო შენაძენი გახდეს

„ნიუკასლ იუნაიტედი“ საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებას ისევ ცდილობს. Daily Mail-ის ცნობით, „კაჭკაჭები“ „ნაპოლის“ 95 მილიონ ევროს სთავაზობენ და საჭიროების შემთხვევაში მზად არიან შეთავაზება 100 მილიონამდეც გაზარდონ.

ჯერჯერობით, ნეაპოლელებს ინგლისელთათვის არ უპასუხიათ, მაგრამ ცნობილია ისიც, რომ იტალიელებს ხვიჩას შენარჩუნება სურთ. თუმცა, ცხადია, შეთავაზებაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული და არაა გამორიცხული სიტუაცია სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე შეიცვალოს. რა თქმა უნდა, „ნიუკასლი“ ხვიჩას გაცილებით მაღალ ხელფასს შესთავაზებს, ვიდრე „ნაპოლიში“ ამჟამად იღებს ან განახლებული კონტრაქტით მიიღებს.

ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ტრანსფერი შედგება, ეს „ნიუკასლის“ ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელი იქნება, რადგან „ჯორდებს“ აქამდე ყველაზე მეტი ალეკსანდერ ისაკში აქვთ გადახდილი - 63 მილიონი გირვანქა სტერლინგი.

„ნიუკასლისთვის“ ქართველი ფეხბურთელები უცხო სულაც არ არის: თავის დროზე „სენტ ჯეიმს პარკზე“ თემურ ქეცბაია და ზურაბ ხიზანიშვილი თამაშობდნენ. „კაჭკაჭებმა“ პრემიერლიგაში გასულ სეზონში ოთხეულში მოხვედრა მოახერხეს და შესაბამისად, დამდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია გასულ სეზონში სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად და ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. მან ყველა ტურნირზე 43 მატჩში 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა და 5-ჯერ პენალტი მოიპოვა.