მილანის „ინტერის“ სპორტულმა დირექტორმა პიერო აუზილიომ იტალიურ მედიას უთხრა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მანამდე იცნობდა, სანამ ის „ნაპოლიში“ გადავიდოდა. თუმცა, აუზილიომ განმარტა, რატომ არ დაიმატა „ინტერმა“ ქართველი ფეხბურთელი.
„დიახ, სიმართლეა, რომ „ნაპოლიში“ ტრანსფერამდე ის ჩვენს სიაში იყო, მაგრამ არა მხოლოდ ჩვენს სიაში. ის არც არსაიდან მოსულა და არც მთვარიდან. მის აგენტს თავადაც შევხვდი, ვიცი, რომ ამ ბიჭის ტრანსფერზე „იუვე“ და „რომაც“ მუშაობდნენ, მაგრამ თუ 3-5-2 სქემით თამაშობ, როგორც ჩვენ კონტესა და ინძაგის პერიოდში, რთულია მისი უნარების ფეხბურთელი მოერგოს. შემდეგ პოსტ-კოვიდის პერიოდში რაღაც მოხდა და „ნაპოლიმ“ ისარგებლა ხელსაყრელი სიტუაციით, გარდა ამისა, მათ სათამაშო სისტემაც დაეხმარათ. როდესაც ამ ტიპის არჩევანს აკეთებ, გამბედაობაც გჭირდება, რადგან ის ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე ჩამოყალიბებული ფეხბურთელი, მაგრამ არც უცნობი იყო, მასზე ყველამ იცოდა, მათ შორის "ინტერმაც". მასში მნიშვნელოვანი ინვესტიცია მაშინვე გამართლებული იყო, რადგან ჩანდა, რომ მაღალი დონის ტალანტი იყო, მაგრამ ის 4-3-3 ან 4-2-3-1 ტაქტიკისთვის ფუნქციონალურია, 3-5-2 ტაქტიკაში ალბათ იგივე მდგომარეობა არ იქნებოდა“, - თქვა აუზილიომ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიმ“ ერთი წლის წინ შეიძინა და ქართველი ფეხბურთელი პირველივე სეზონში სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ასევე ის აღიარეს ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად. ქართველმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 43 მატჩში 14 გოლი, 14 საგოლე პასი და 5 მოპოვებული პენალტი მიითვალა.