უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-2 თამაში მოიგეს
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-2 გამარჯვება იზეიმა (პირველი არგენტინასთან იყო, 20:0) და ისტორიული შანსი აქვს, ნახევარფინალში ითამაშოს.
ლადო კილასონიას მიერ გაწვრთნილმა უმცროსმა ბორჯღალოსნებმა იტალიას 30:17 სძლიეს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, 4 ლელოს დადებისთვის ბონუს-ქულა აიღეს, რაც შესაძლოა, გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს.
ამ დროისთვის, ქართველ მორაგბეებს 9 ქულა აქვთ და C ჯგუფში პირველ ადგილზე იმყოფებიან, არგენტინას, სამხრეთ აფრიკასა და იტალიას კი 5-5 ქულა აქვთ. დღის ბოლოს აფრიკელები არგენტინას ეთამაშებიან და თუკი ეს მატჩი ფრედ დასრულდა, საქართველო ლიდერის პოზიციას შეინარჩუნებს.
ქართველმა მორაგბეებმა ჰიმნი ტრადიციულად ემოციურად შეასრულეს
ქართველმა მორაგბეებმა ჰიმნი ტრადიციულად ემოციურად შეასრულეს
არის კიდევ ერთი შანსი. თამაში არგენტინელებმა უნდა მოიგონ, ოღონდ, ბონუსის აღების გარეშე. ესეც რომ არ მოხდეს და ქართველი მორაგბეები მე-2 ადგილზე აღმოჩნდნენ, ეს უკვე ისტორიული შედეგია, რადგანაც ბრძოლას მეხუთე-მერვე პოზიციებისთვის გააგრძელებენ, ასეთი რამ კი არასდროს მომხდარა. სხვათა შორის, ნახევარფინალში გასვლის შანსი მე-2 ადგილითაც არსებობს, თუმცა, ამისთვის ბევრი დამთხვევაა საჭირო და ნაკლებად მოსალოდნელია.
უმცროსი ბორჯღალოსნები იტალიასთან პრინციპულ მატჩს სასტარტო შემადგენლობაში 2 ცვლილებით შეხვდნენ. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ტრავმირებული კვაჭის ნიკა ბაბუნაშვილის ნაცვლად თამაში ბასა ხონელიძემ დაიწყო (ის არგენტინასთან შეცვლაზე შევიდა და ლელოც დადო), მეორე ხაზში კი გიორგი ნიკოლაძე გამოჩნდა, რომელიც სამხრეთ აფრიკასთან ძირითადში იყო, არგენტინასთან კი არ უთამაშია. საერთო ჯამში, 23-კაციანი განაცხადში 11 მორაგბე ფრანგული კლუბებიდან იყო, 12 კი – შიდა პირველობიდან.
ქართველმა მორაგბეებმა თამაში ძალიან აქტიურად დაიწყეს და საწყისი 10 წუთი მეტოქე ჩვენს ნახევარზეც კი არ გადმოსულა. ამან ლოგიკური შედეგი მოიტანა. მორიგი ჯარიმის შემდეგ, არგენტიმელმა რეფერიმ იტალიელი მორაგბე გაასინბინა, მოლის შემდეგ კი, ბურთი ნიკა ლომიძემ აიტაცა და მატჩის პირველი ლელოც მიითვალა. პეტრე ხუციშვილის გარდასახვა ზუსტი იყო – 7:0.
ამის შემდეგ აპენინელების მონაკვეთი იყო. მათ ქართველების შეცდომებით ისარგებლეს და სიმონე ბრისიგელმა ჯარიმა გაიტანა, მალევე იტალიელთა 9 ნომერმა ლორენცო კასილიომ ლელო მიითვალა, ჯაკოპო ბოტურიმ კი გარდასახვა შეაგდო და იტალია წინა გაიჭრა – 10:7.
ეს მცირე ჩავარდნა უმცროს ბორჯღალოსნებს არ დატყობიათ. თამაშს მეტწილად ისინი აკონტროლებდნენ და რომ არა დერეფანში არსებული პრობლემა და უზუსტობები ხაზით მოქმედების დროს, სხვაობა, ანგარიშში სხვაობა გაცილებით ადრე დაიწყებდა ზრდას. ასე კი, ისევ ნაცადმა მოლმა გვახეირა. საქართველოს ნაკრების მხრიდან მე-2 ლელოდ კვაჭმა ხონელიძემ მიითვალა და მართალია, ხუციშვილს გარდასახვა გაუცუდდა, 36-ე წუთზე მან ახლო მანძილიდან ჯარიმა შეაგდო და გუნდი 18:10 დააწინაურა.
პირველი ტაიმი ასეც დასრულდა, თუმცა კი, ბოლოსკენ ჩვენთვის არასასიამოვნო ეპიზოდი იყო. მეტოქის ჰაერში ბოჭვისთვის მსაჯმა გიორგი შველიძეს ყვითელი ბარათი უჩვენა და საქართველო კაცნაკლული დარჩა. კარგი ის გახლდათ, რომ იტალიელებს მოლი ჩავუშალეთ და შესვენებაზე ბურთის ფლობის 64%-იანი მაჩვენებლითა და 8-ქულიანი უპირატესობით გავედით.
მე-2 ნახევარი მეტოქემ უფრო აქტიურად დაიწყო, არაერთხელ დაგვაჯარიმა, რასაც მარკოს ფრანჩესკო გალორინის ლელო და ბრისიგელიას გარდასახვა მოჰყვა – 18:17. სხვაობა მინიმალური გახდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს, იტალიელთა ბოლო წარმატება იყო.
საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა დაიბრუნა და მართალია, მეტოქის ხუთმეტრიან ზოლში მორიგი დერეფანი წავაგეთ, აუტის მოწოდებისას მეტოქეც შეცდა და ხონელიძემ დუბლის შესრულება მოახერხა. ქართველ მორაგბეებს ბონუსის აღებისთვის კიდევ 1 ლელო სჭირდებოდათ და მიზანს თამაშის ბოლოსკენ მიაღწიეს.
უმცროს ბორჯღალოსნებს საქმე იმანაც გაუადვილა, რომ მეტოქემ კიდევ ერთი ყვითელი ბარათი მიიღო. შეცვლაზე შესულმა მატიას დუგლასმა გაშლილი იდაყვით ითამაშა და სინბინს ვერ გადაურჩა, ქართველების მე-4 ლელო კი მრავალფაზიან შეტევას მოჰყვა, რომლის ბოლოსაც ბურთი თამაზ ჭამიაშვილმა აიტაცა და რამდენიმე მეტოქესაც გასცდა.
როგორც აღვნიშნეთ, თუ რომელ ადგილს დაიკავებს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე, დღის დასკვნით მატჩში გაირკვევა. 21:00 საათიდან მსოფლიოს პირველობის მასპინძელი სამხრეთ აფრიკა ეტლონში არგენტინას უმასპინძლებს და ახლა, ეს თამაში ქართველი ქომაგის განსაკუთრებული ინტერესს იწვევს.