ცნობილი იტალიელი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო, რომელიც გამოირჩევა სანდო ინფორმაციებით, გიორგი მამარდაშვილის შესახებ წერს, რომ მიუნხენის „ბაიერნის“ ინტერესის სფეროშია.
იტალიელის ცნობით, მიუნხენური გრანდიც დაინტერესებულია 22 წლის ქართველი მეკარით იტალიური და ინგლისური კლუბების შემდეგ. „ბაიერნს“ სხვადასხვა ვარიანტი აქვს, მაგრამ როგორც რომანო წერს, მამარდაშვილი გერმანელთა სიაში 100%-ით არის.
ფაბრიციო იმასაც იტყობინება, რომ პირად კონტრაქტზე პირობების შეთანხმება პრობლემა არ იქნება. მანუელ ნოიერს მიუნხენურ გრანდთან კონტრაქტი 2024 წელს ეწურება, ხოლო იან ზომერმა შეიძლება კლუბი დატოვოს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს „ინტერსა“ და „მანჩესტერსაც“ უკავშირებენ. ქართველ მეკარეს „ვალენსიაში“ 2021 წლიდან დღემდე 63 მატჩი აქვს ჩატარებული, ესპანურ კლუბთან კონტრაქტი კი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.