ესპანურმა გამოცემა Marca-მ 2022-2023 წლების სეზონის 100 საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიას ადგილი ათეულში ერგო.
მადრიდულმა გამოცემამ ქართველ ფეხბურთელს მე-10 ადგილი მიაკუთვნა და მას წლის აღმოჩენაც უწოდა:
„არავინ ელოდა ხვიჩა კვარაცხელიას ვარსკვლავურ ამოფრქვევას, ნეაპოლშიც კი, შეიძლება არც საქართველოში. ის იყო სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი პირველივე სეზონში და სეზონი ორნიშნა რაოდენობის გოლებით და საგოლე პასებით დაასრულა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგაზეც მაღალ დონეზე ითამაშა, მაგალითად, „ლივერპულთან“ მარადონას დონეზე. და, მისი ტრანსფერი „ნაპოლის“ მხოლოდ 11.5 მილიონი ევრო დაუჯდა“, - წერს Marca.
ხვიჩაზე წინ Marca-მ შემდეგი ფეხბურთელები დაასახელა: ერლინგ ჰოლანდი (პირველი ადგილი), ლიონელ მესი (2), ვინისიუსი (3), კილიან მბაპე (4), კევინ დე ბრუინი (5), როდრი (6), ანტუან გრიზმანი (7), ვიქტორ ოსიმენი (8), ილქაი გიუნდოგანი (9).
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია სადებიუტო სეზონში, რომელიც „ნაპოლიში“ გაატარა, იტალიის ჩემპიონი, სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი, სეზონის საუკეთესო გოლის ავტორი და ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.