ისრაელის 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გაი ლუზონმა ჩეხეთთან გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გასვლის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მან კომენტარი საქართველოსთან მომავალ დაპირისპირებაზე გააკეთა და თქვა, რომ რამაზ სვანაძის გუნდს ძალიან დიდ პატივს სცემს, ნახევარფინალში კი საუკეთესო გუნდი გავა:
„შესანიშნავი გრძნობაა, ჩვენ ისტორია დავწერეთ და ვაჩვენეთ გამბედაობა, დიდი მოთმინება და მაღალი ხარისხი. ძალიან ვამაყობ, რომ ამ საოცარი გუნდის მწვრთნელი ვარ. ეს შედეგი ჩვენთვის დიდი მიღწევაა, მაგრამ შაბათის მატჩზე ახლა არაფერი მკითხოთ, 1 საათი მჭირდება დასასვენებლად და მოსამზადებლად, ღამის 12 საათიდან კი საქართველოს ნაკრებისთვის მომზადებას დავიწყებ.
საქართველოს მატჩებს ვუყურე. ისინი დიდი ვნებით და სულისკვეთებით თამაშობენ. არავის სჯეროდა, რომ ნიდერლანდებთან, ბელგიასა და პორტუგალიასთან ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდოდნენ. სრული პატივისცემა გვაქვს ამ გუნდის მიმართ და მიხარია, რომ თამაშს 50 000 ან 60 000 ადამიანი დაესწრება, ეს მომწონს, ვისურვებდი, რომ სტადიონზე 100 000 გულშემატკივარიც იყოს! ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და საუკეთესო გუნდი გავა ნახევარფინალში“, - თქვა ლუზონმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ისრაელის ნაკრებთა მეოთხედფინალური მატჩი 1 ივლისს, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე გაიმართება.