შარშანდელი ჩავარდნილი სეზონის შემდეგ, წელს თხილის ერთ-ერთი საუკეთესო მოსავალს ელიან. წამლობა დროულად ჩატარდა, ამინდიც ნორმალურია და რაც მთავარია, წელს თურქეთში ცუდ მოსავალს ელოდებიან. ეს კი ქართული თხილზე ფასს და მოთხოვნას გაზრდის.
თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის გიორგი თოდუას ინფორმაციით, წელს მოსავალს ძალიან კარგი პირი უჩანს.
„სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს ფერმერებისთვის 1 ჰექტარზე პესტიციდებისთვის 500 ლარიან მხარდაჭერას. ამან პოზიტიურად იმოქმედა ბევრ ბენეფიციარზე. ამინდების მხრივაც წინა წელი უფრო ნალექიანი იყო ვიდრე მიმდინარე. აგროღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს და მოლოდინები უკეთესია. სავარაუდოდ, 50-55 ათას ტონა ხილის მოსავალს მაინც მივიღებთ და მთავარია საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. მიმდინარეობს წამლობები“, - განაცხადა გიორგი თოდუამ.
ამასთან, ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მთავარია სწრაფად მოხდეს მოსავლის აღება, გაშრობა და თხილის მწარმოებელმა ფერმერებმა დაიცვან აგროვადები და არ დაუშვან შეცდომები, რადგან ეს თხილის ხარისხზე ნეგატიურად მოქმედებს.
გიორგი თოდუას განმარტებით, თხლის ფასს მსოფლიო ბაზარზე, ყველაზე მსხვილი მოთამაშის, თურქეთის ფაქტორი განსაზღვრავს.
„მნიშვნელოვანია რა მოცულობის მოსავალს მიიღებს თურქეთი და როგორი იქნება ამ ქვეყანაში ინფლაციის დონე. ჩვენ მოტივირებული და მიზანმიმართული ვართ, ყველას ვურჩევთ კონკურენტუნარიანები ვიყოთ და უმაღლესი ხარისხის პროდუქცია ვაწარმოოთ“, - თქვა თოდუამ.
რას შეეხება ადგილობრივ ბაზარზე დღეს არსებულ ვითარებას - თხილის რეალიზაცია პრაქტიკულად დასრულებულია. საშუალოდ 4-5 ლარის ფარგლებში ფიქსირდება გაუტეხავი თხილის ფასი, გატეხლის 12-13 ლარია.
რაც შეეხება თურქეთს, აგროპორტალ „ფასტ ფრუტის“ ინფორმაციით, თურქეთს წელს სერიოზული პრობლემა შეექმნა, რადგან ევროკავშირის ბევრი მყიდველი უკვე ალტერნატიულ მიმწოდებლებს, მათ შორის საქართველოს ანიჭებს უპირატესობას.
პორტალი წერს, რომ გლობალურ ბაზარზე კონკურენცია მძაფრდება. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი მსხვილი მოთამაშეა, ბაზარზე აბსოლუტური ლიდერობის მიუხედავად, ამ სეზონზე თავისი პროდუქციის მნიშვნელოვანი მოცულობის გაყიდვა ვერ შეძლო. 2023-24 წლების სეზონზე თურქეთი პროგნოზირებული 1,825 მილიონი ტონიდან 810 ტონა მოსავალს ელოდება, რაც გლობალური წარმოების 63%-ია.
რაც შეეხება ქართულ თხილს, თურქეთის ფაქტორი, ცხადია, ადგილობრივი პროდუქტის გაყიდვასა და ფასებზე დადებითად იმოქმედებს, თუმცა კონკრეტულად რა მოცულობით შეიძლება თხილი გაიყიდოს, ჯერჯერობით ვერც მწარმოებლები და ვერც ექსპორტიორები აკონკრეტებენ.
თხილის მოსავლიანობის ზრდაზე საუბრობენ მწარმოებლებიც. კომპანია „ჯეო იუსის“ ხელმძღვანელმა ლაშა შენგელიამ აღნიშნა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო სეზონია, მაგრამ შედეგი საბოლოოდ ამინდზეა დამოკიდებული.
„ყველა პირობამ - ამინდმა, პრევენციულმა ღონისძიებებმა - კარგი შედეგი მოგვცა. ნამდვილად გაზრდილი მოსავალი და ასე თუ გაგრძელდა, ხალხი მეტ სარგებელს მიიღებს. ფაროსანაც თითქმის გაქრა. ამ ეტაპზე თხილი, ძირითადად, სიდამპლესა და ნაცარზეა შესაწამლი, რაც ხარისხზეც უკეთესად იმოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ კარგი მოცემულობაა, პროგნოზს ვერიდებით, რადგან არ ვიცით, საბოლოოდ რა შედეგს მივაღწევთ, ამინდმა უნდა გაამართლოს, რაც შეგვეძლო, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ძალიან კარგი მოსავალი იქნება“, - განაცხადა შენგელიამ და დასძინა, რომ ფასი, სავარაუდოდ, მოიმატებს, თუმცა ზუსტად რამდენით, ჯერჯერობით უცნობია.
თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ფერმერებმა 14,8 მლნ ლარის ღირებულების თხილის ბაღების მოვლის საშუალებები შეიძინეს. მეთხილე ფერმერების მხარდასაჭერად თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა გასული წლის ნოემბერში ამოქმედდა. პროგრამით, რომლითაც ჯამში, 90 ათასზე მეტი ფერმერი ისარგებლებს, 44 000 ჰექტარზე მეტ ფართობზე თხილის ბაღებში მავნებლების და დაავადებების საწინააღმდეგოდ ღონისძიებები განხორციელდება.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში უნდა გააჩნდეს თხილის ბაღი, ჯამურად არანაკლებ 0.2 ჰა და არაუმეტეს 3 ჰა. სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 500 ლარით - 1 ჰა თხილის ბაღზე გადაანგარიშებით.