საავტორო უფლებებზე, ახალ კანონპროექტზე და გაფლანგულ თანხებზე დავამ უკვე პიკს მიაღწია. საქმეში ბოლომდე ჩეართო უკვე სახელგატეხილი საავტორო უფლებათა ასოციაცია, რომელიც ითხოვს პარლამენტმა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე მსჯელობა შეაჩეროს და ცვლილებებზე მუშაობა თავიდან დაიწყოს.
ასოციაციის თავმჯდომარემ გიგა კობალაძემ თავდაცვის მექანიზმი მას შემდეგ ჩართო, რაც „საქპატენტის“ დაკვეთით ჩატარებული აუდიტის შედეგები გახდა ცნობილი და მიხვდა, რომ მის ფინანსურ კეთილდღეობას საფრთხე შეექმნა, ამიტომ მოქმედებაზე გადავიდა, ოპოზიციური ტელეარხი დაიხმარა და ასე სცადა მითის შექმნა იმის შესახებ, რომ მას რუსეთი ებრძვის.
„საქპატენტის“ თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ კი დაადასტურა, რომ საავტორო უფლებათა ასოციაციიდან საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხები იქნა გახარჯული პრემიებზე, ბონუსებზე, მანქანის შეძენა იქნებოდა ეს თუ ბინის, როგორც თავად განმარტავენ საოფისე ფართის შეძენა ქალაქ ბათუმში, საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებაზე და ა.შ.
„მათი პოზიციაა, რომ ეს ყველაფერი მათ გააკეთეს ოფიციალურად, ისინი მიიჩნევენ, რომ რადგან ეს ყველაფერი დოკუმენტირებულია, ამიტომ არ არის დარღვევა. თუმცა, ფაქტია, რომ ისინი ავტორებს არ აძლევდნენ ჰონორარს. შინაარს რომ შევხედოთ, აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ მილიონობით ვალი არის ავტორების მიმართ და ეს ვალი არის დეკლარირებული. მაგრამ უნდა შევხედოთ შინაარსს თუ რატომ აქვს მას ეს ვალი. რატომ არ გადაუხადა ავტორებს ეს ფული, მაშინ როდესაც პრემიებს იღებდა და საზღვარგარეთ მიდიოდა“, - განაცხადა „საქპატენტის“ ხელმძღვანელმა.
როგორც მოსალოდნელი იყო ასოციაციის ხელმძღვანელი გიგა კობალაძე ახლა აცხადებს, რომ ცვლილებების შემდეგ საქართველოს, საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაციის (GERA) მეშვეობით, რუსეთი ამ სფეროს გააკონტროლებს.
„ევროპაში ისეთი ტიპის ორგანიზაციები, რომლებიც აგროვებენ ჰონორარს, წარმომადგენლობითი უნდა იყვნენ. ეს ნიშნავს, რომ მათ ქართული რეპერტუარის გარდა, უნდა ჰქონდეთ უფლება მოსარგებლეებს ესაუბრონ დანარჩენი მსოფლიოს სახელითაც. დღევანდელ კანონში ეს კრიტერიუმი დევს და წერია, რომ მხოლოდ ისეთ ორგანიზაციას აქვს უფლება შეასრულოს ეს ფუნქცია, ვისაც აქვს ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებები მსოფლიოში არსებული მსგავსი ორგანიზაციების უმრავლესობასთან. ჩვენი თხოვნით საერთაშორისო ექსპერტებმა იმუშავეს ამ კანონპროექტზე, ჯერ პრინციპების დონეზე გამოაგზავნეს, რა უნდა ყოფილიყო და არა ამ ახალ კანონში. მათი დაჟინებული მოთხოვნა თავიდანვე იყო ის, რომ შენარჩუნებულიყო ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპი და პარალელური ადმინისტრირების დაშვება არ მომხდარიყო. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი და იგივე უფლებაში არ შეიძლება იყოს ორი ერთნაირი ორგანიზაცია, რადგან ეს პირველ რიგში თავად ავტორებს აზიანებთ.
იმას მივაღწიეთ, რომ ერთი ფანჯრის პრინციპი კანონში შენარჩუნებულია, თუმცა წარმომადგენლობით კრიტერიუმს რაც შეეხება, აქ უკვე მუხანათური მუხლი შემოიტანეს. ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულება გვაქვს თითქმის მთელ მსოფლიოსთან. GERA-ს აქვს მხოლოდ მცირე ქართული რეპერტუარი და ასევე რუსული რეპერტუარი. ამიტომ, შემოიტანეს ასეთი მუხლი, რომელიც ძალიან სასაცილოა, რადგან როგორც ვთქვი, უცხოეთის წარმომადგენლობის გარდა, იგივე მუხლში მეორე კრიტერიუმია, სადაც წერენ, რომ უნდა გქონდეს ხელშეკრულება ისეთ ქვეყნებთან, სადაც ქართული რეპერტუარი ხშირად სრულდება. ეს ნიშნავს, რომ უცხოურ რეპერტუარს რომ წარმოადგენდეს შენს ქვეყანაში, ესეც საჭიროა, მაგრამ ასევე საჭიროა გქონდეს ხელშეკრულება რომელიმე ქვეყანასთან, სადაც ქართული რეპერტუარი სრულდება. ეს ყველაფერი აკრედიტაციის მისაღებად არის საჭირო. ეს ჩანაწერი პირდაპირ მორგებულია ამ „რუსულ“ ორგანიზაციას იმისთვის, რომ აკრედიტაციაზე უარი გვითხრან“, - თქვა პრესკონფერენციაზე კობალაძემ.
მისივე მტკიცებით, ორგანიზაციის რუსეთთან კავშირებზე სხვადასხვა მტკიცებულება მიუთითებს. ამას გარდა, მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ, GERA-მ საავტორო უფლებების ასოციაციიდან 150 წევრი გადაიბირა.
„მინდა დიპლომატიურ ორგანიზაციებს და სახელმწიფო სტრუქტურებს მივმართო, რომ შეისწავლონ ეს საკითხი. განსაკუთრებით იმ საელჩოებს, რომლებიც სანქციების საკითხს აკვირდებიან. მივმართავ პარლამენტს შეაჩერონ კანონპროექტის განხილვა და დავიწყოთ ახალ კანონპროექტზე მუშაობა“, - აცხადებს კობალაძე.
GERA-ს გენერალური დირექტორი თამარ გვარიშვილი კი უარყოფს ინფორმაციას იმაზე, რომ მათი მეშვეობით რუსეთი სანქციებს გვერდს უვლის.
„ამის უარყოფა არც ერთ ეტაპზე არ მომხდარა და რუსეთის ფედერაციიდან ჩვენი ავტორ-შემსრულებლებისთვის თანხა მოგვაქვს. ვთხოვეთ პარლამენტს, რომ ყოფილიყო ორი ასოციაციის შესაძლებლობა, რადგან ვფიქრობ, კონკურენცია აჯანსაღებს ნებისმიერ სფეროს. რაც შეეხება იმ ბრალდებებს, რაც მოდის საავტორო უფლებათა ასოციაციისგან, უამრავი ქართველი ავტორ-შემსრულებელი თავის კუთვნილ ჰონორარს ითხოვს, ასევე ითხოვს გაირკვეს გამქრალი საკმაოდ დიდი მოცულობის თანხა, სად წავიდა. ამასობაში მეორე მხრიდან ბრალდება, რომ ისინი რუსები არიან, არ ვიცი, რამდენად სწორია თქვენ თვითონ განსაჯეთ“, - აცხადებს GERA-ს დირექტორი.
კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი ბაია კვიციანი ამბობს, რომ საკანონმდებლო ცვლილების შედეგად დაინერგება კოლექტიური მართვის ორგანიზაციის აკრედიტაციის, მისი საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველმყოფი, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ახლებური მექანიზმი, ჰონორარის სამართლიანი განაწილებისა და ტარიფების დადგენის პრინციპები.
„ჩვენი საფიქრალი ავტორების მდგომარეობაა და ისინი ნამდვილად უსამართლო პოზიციაში იმყოფებიან, ბევრი კითხვა აქვთ და სწორედ ამიტომ დაიწყო ამ კანონპროექტზე მუშაობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ავტორები საზღვარგარეთაც სათანადოდ დაფასებულები იყვნენ. ანუ იქ, სადაც ჟღერდებიან ჩვენი ავტორები და მნიშვნელობა არ აქვს ეს ქვეყანა გვიყვარს თუ არა, მტერია თუ მეგობარი. ჩვენი ქვეყნის ავტორი თუ იკვრება, მათი უფლებები უნდა დავიცვათ. ამიტომ, უპირატესობა მიენიჭება იმ ორგანიზაციას, რომელსაც უმრავლეს ქვეყანასთან ექნება ხელშეკრულება“, - აღნიშნა კვიციანმა.
გიგა კობალაძის ასოციაციას ხელოვანების 14 მილიონიანი დავალიანება აქვს, რომელიც ავტორების ნაცვლად, მის პირად კომფორტს მოხმარდა. თანხების არამიზნობრივ ხარჯვას 2 აუდიტორული შემოწმება ადასტურებს. დოკუმენტებით დადგენილია, რომ მხოლოდ 2021 წელს, ასოციაციის ერთადერთი შემოსავლიდან ანუ შეგროვებული ჰონორარებიდან – თითქმის ოთხი მილიონიდან, ავტორებს – 1300–1300 ლარი ერგოთ, გიგა კობალაძეს კი 233 062 ლარი.
კობალაძის სარგებელმა 2022 წელს, შემოსავლის ზრდის ხარჯზე იმატა და უკვე 336 569 ლარი შეადგინა, ავტორების ჰონორარი კი ისევ მიზერული დარჩა. გარდა ამისა, აუდიტის ანგარიშით დგინდება, რომ 2022 წელსაც, (მსგავსად 2021 წლისა) ასოციაციის ავტორთა უფლებების მართვის შედეგად შეგროვებული 5 412 250 ლარიდან ასოციაციის მართვის ხარჯმა, ნაცვლად კანონით გათვალისწინებული 20%-ის შეადგინა 40%, კერძოდ, 2 158 279 ლარი.
ფული იხარჯებოდა ავტომობილებზე, ავეჯზე, ოფისებზე, მივლინებებზე – ყველაფერზე, ავტორ შემსრულებლების ვალის გადახდის გარდა. თუმცა, როგორც ჩანს, კობალაძისთვის ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი. მადა გაეხსნა და ასოციაციის ბიუჯეტიდან საკუთარ თავს 30 ათასი ლარი ასესხა. დარღვევები იმდენად მძიმეა, რომ რეალურ მდგომარეობას იმ კომპანიაშიც კი ვერ უარყოფენ, რომელმაც ასოციაციაში შიდა აუდიტი ჩაატარა.