"ე.წ. ოპოზიცია ცდილობს პანიკა შექმნას, საქართველოს მოსახლეობა დააშინოს" - რა საფრთხეს შეიცავს რუსეთის მოქალაქეების სიმრავლე საქართველოში?

"ე.წ. ოპოზიცია ცდილობს პანიკა შექმნას, საქართველოს მოსახლეობა დააშინოს" - რა საფრთხეს შეიცავს რუსეთის მოქალაქეების სიმრავლე საქართველოში?

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩვენს ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა: ზოგიერთი მათგანი ომს გამოექცა, ზოგი - პუტინის რეჟიმს, ხოლო სხვები - სანქციებს და ფინანსურ პრობლემებს. მხოლოდ 2022 წელს, ჩვენი სახელმწიფოს საზღვარი რუსეთის 1 459 546-მა მოქალაქემ გადმოკვეთა, ხოლო 2023 წლის პირველ 3 თვეში - 298 285-მა – ასეთია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემები. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ საგანგაშო არაფერი ხდება, რომ რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა საქართველოში სულაც არ არის კატასტროფული, ქართველ საზოგადოებაში კი ამ პრობლემის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულებაა, ამაზე ჩვენი რესპონდენტების ნაამბობიც მეტყველებს.

"ე.წ. ოპოზიცია ცდილობს პანიკა შექმნას, საქართველოს მოსახლეობა დააფრთხოს და დააშინოს"

ზაზა პაპუაშვილი - მსახიობი:

- "რუსები შემოვიდნენ!" - ზოგიერთები ამ ფრაზით ცდილობენ, ქვეყანა არიონ და, როგორც ყოველთვის, ჭიქაში ქარიშხალი დაატრიალონ. ზოგჯერ ვუსმენ, როგორ აშუქებს ამ საკითხს ზოგიერთი ტელევიზია და პროტესტი მიჩნდება, რატომ? - ამ ტელევიზიებში მიწვეული ე.წ. ოპოზიცია ცდილობს, პანიკა შექმნას, საქართველოს მოსახლეობა დააფრთხოს და დააშინოს. ამიტომაც ვამბობ, რომ ამ ქვეყანაში ოპოზიცია არ არის - ესენი არიან ცრუ-ოპოზიციონერები, რომლებსაც ჯიბეში რუსული პასპორტები უდევთ, რუსეთში აქვთ ბიზნესები და იქიდან ფინანსდებიან. მათი ერთადერთი მიზანია, ჩვენს ქვეყანაში სიმშვიდე და სტაბილურობა არ იყოს - სხვა ამოცანა მათ არა აქვთ. სწორედ ამიტომ ცდილობენ, აქ შემოსული რუსეთის მოქალაქეებისგან მომავალი საფრთხე გააზვიადონ. კი, მაგრამ საქართველოში შემოსულ ადამიანებს ეროვნების მიხედვით ხომ ვერ დავყოფთ? ჩემი აზრით, ეს მხოლოდ შოვინიზმის და ფობიების გამო ხდება. წინადადება - "რუსები საქართველოში არ უნდა შემოვუშვათ" - მე ფაშისტურ ლოზუნგებს მაგონებს. არადა, ქართველებს მსგავსი ფობიები არასდროს ჰქონიათ. მე მგონი, რუსებთან დამოკიდებულება ფობიაში ახლაც არ უნდა გადავიდეს. ამ დღეებში ტელევიზიით გადმოსცეს შემაძრწუნებელი ინტერვიუ, სადაც ახალგაზრდა ბიჭი ამბობდა: რუსულად დამიჭირეს, რუსულად შემომხედეს, რუსული საკვები მომიტანეს და რუსულად მაჭამესო... მე არ ვიცი, ეს რა განზომილებაა ან ასეთი პრიმიტივიზმი რით აიხსნება. ასეთი სექტანტური, დაშტამპული აზროვნება ახალგაზრდა კაცს რატომ უნდა ჰქონდეს?! ეს არც პატრიოტიზმთანაა კავშირში და არც ადამიანობასთან. ბაგეები წარმოუდგენელ სისულელეს ამბობენ და გონება ამ სიტყვებს ვერ აკონტროლებს - ეს არის შიზოფრენია, მეტი - არაფერი.

თუ რუსები საქართველოში შემოდიან და ბინებს ქირაობენ ან ყიდულობენ, ეს თანხა ხომ ბინის მფლობელის ოჯახში შედის? მოსახლეობას ბინის გაქირავებას და საკუთარი ქონების განკარგვას ხომ ვერ ავუკრძალავთ? ზომიერების გრძნობა ყველაფერში საჭირო და აუცილებელია. თუ ჩვენ აქ არავის შემოვუშვებთ, მაშინ არც ქართველებს გააჩერებენ სხვა ქვეყნებში და საქართველო ჩაკეტილი ქვეყანა გახდება. ასეთი ქვეყნის ეკონომიკა როგორ უნდა განვითარდეს? ქართველებსაც ხომ აქვთ ნაყიდი სახლები სხვა ქვეყნებში და ცხოვრობენ? ვამბობთ, რომ ტურისტულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ვცდილობთ, ეს სფერო განვითარდეს და ტურისტებს ეროვნების მიხედვით თუ დავახარისხებთ, ამ დარგში დასაქმებულმა ადამიანებმა რა შემოსავალი უნდა მიიღონ? ამ ყველაფერს ბალანსი და კონტროლი სჭირდება, მეტი არაფერი. სულ რამდენიმე წლის წინ ჩვენ თვალწინ რუსებს ყველაფერი გადაუფორმეს, ომი წააგეს, კაპიტულაციას ხელი მოაწერეს და ახლა ეს ხალხი აქეთ გვაბრალებს რუსეთის საქმეს აკეთებთო. იდიოტიზმის დაკანონებას აპირებენ, მაგრამ ეს საქართველოში არ გამოუვათ!

მე ჩემს აზრს მოგახსენებთ: თავიანთ ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანები ასე არ ლაპარაკობენ და არ იქცევიან. ის პრობლემები, რომელიც დღეს საქართველოს აქვს, ლანძღვა-გინებით და გულში მჯიღის ცემით ვერ გადაწყდება და, საერთოდ, აგრესიულ, ემოციურ ადამიანებს ჭკვიანი ხალხი მოლაპარაკების მაგიდასაც არ გააკარებს. თუ არ იცი, რას ნიშნავს კომპრომისი, როდისაა საჭირო თავდაცვა და როდის - თავდასხმა, მაშინ პოლიტიკაში რა გინდა? ამ საქმეში ყველაფერს დროის შერჩევა და სიღრმისეული აზროვნება სჭირდება, კიდევ - ცოდნა, კვალიფიკაცია, და არა - ლანძღვა-გინება... ამათი მიზანია, არეულობა გამოიწვიონ და მერე თვითონ ისარგებლონ. მათ არ სურთ, ჩვენი ქვეყანა სინათლის გზით წავიდეს, ქართველი კაცი ყოველთვის იბრძოდა და ომობდა, მაგრამ ომობდა თავისი ოჯახის და სამშობლოს გამო, ხომ არ შეიძლება 21-ე საუკუნეში, ნატოს ან ევროკავშირის გამო ვიომოთ? ნატო და ევროკავშირი თუ იღუპება, ჩვენც თან უნდა ჩავყვეთ? - არა მგონია, ეს გონივრული გადაწყვეტილება იყოს. პოლიტიკაში ასეთი სიხისტით ვინღა ლაპარაკობს?! ჩემი აზრით, ამ ურთულეს სიტუაციაში ჩვენი პოლიტიკა ზედმიწევნით პრაგმატული, ფრთხილი და გონივრული უნდა იყოს.

"რუსეთის მოქალაქეების შესვლა თავიანთ ტერიტორიაზე ბალტიის ქვეყნებმა აკრძალეს და ჩვენ ვისი იმედი გვაქვს?!"

ლაშა ბუღაძე - მწერალი:

- საგანგაშო, იცით, რა არის? - ის, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკის გამო ჩვენი უსაფრთხოების ხარისხი ძალიან დაბალია. ამიტომ, როცა ჩვენს სამშობლოში რუსეთის მოქალაქეების სიმრავლე არ მოგვწონს, ეს სულაც არ არის შოვინიზმის ან ქსენოფობიის გამოვლინება. ჩვენ ვხედავთ, რომ აქ თავისუფლად, დემონსტრაციულად შემოდიან გაურკვეველი წარსულის მქონე ადამიანები, კადიროვთან დაკავშირებული ე.წ. ბიზნესმენები და ნახევრად გასამხედროებული ჯგუფები, რა გასაკვირია, საზოგადოებას ეს არ მოსწონდეს? ამავდროულად, ძალიან ბევრი რუსი, რომელიც პუტინის რეჟიმს აკრიტიკებს და რუსეთში საფრთხე ემუქრება, რადგან უცხოეთის აგენტად არის გამოცხადებული, საქართველოში ვერ შემოდის. ყველამ ვიხილეთ, როგორ არ შემოუშვეს საქართველოში ცნობილი მწერალი და პუბლიცისტი ვიქტორ შენდეროვიჩი. ვისაც არ ახსოვს, შევახსენებ: 2006 წელს, როცა ქართველები რუსეთიდან შეურაცხმყოფელი ფორმით გამოაძევეს, ვიქტორ შენდეროვიჩი მოსკოვში აქციებს მართავდა, ის სხვა პროგრესულად მოაზროვნე რუსებთან ერთად აპროტესტებდა პუტინის უსამართლო ბრძანებას და ემბლემასაც ატარებდა წარწერით - "მე ქართველი ვარ"! აი, ასეთ ხალხს არ უშვებს საზღვარზე ჩვენი ხელისუფლება. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სპეციალური სია აქვთ შედგენილი, რომლის მიხედვითაც არჩევენ, ვინ შემოუშვან საქართველოს საზღვარზე და ვინ - არა. ასევე, არ უშვებდნენ ცნობილ რუს მწერალს, პუტინის კრიტიკის გამო უცხოეთის აგენტად გამოცხადებულ დიმიტრი ბიკოვს, რომელიც მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ბათუმის აეროპორტში 4-5 საათის განმავლობაში გააჩერეს. ჩვენ ჩავერიეთ და მხოლოდ ამის შემდეგ შემოუშვეს. ამ დროს საზღვარზე ისეთი ხალხი შემოდის, რომელიც კაცმა არ იცის, რომელი სპეცსამსახურის წარმომადგენელია და რა პროვოკაციის მოწყობას აპირებს.

უსაფრთხოების დაცვის მიზნით, რუსეთის მოქალაქეები ევროკავშირში ვეღარ შედიან, იგივე ხდება ბალტიის ქვეყნებშიც. სამაგიეროდ, ჩვენთან არიან ბლომად. ეს ხდება მაშინ, როცა ძალიან ბევრი ქართველი მიდის საქართველოდან - თუ ადრე ოჯახიდან ერთი ადამიანი მიდიოდა და საქართველოში დარჩენილ ახლობლებს ის არჩენდა, ახლა უკვე ოჯახებით მიდიან. ეს ძალიან საშიში ტენდენციაა, რადგან ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ, თანაც, ეს ხდება ქვეყანაში, რომლის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ამიტომ საქართველოში რუსების მომრავლება ძალიან საშიში პროცესია! რუსებს საერთოდ ახასიათებთ თავიანთი ანკლავების შექმნა, რუსული სკოლებით, საბავშვო ბაღებით, კაფეებით თუ რესტორნებით... ამიტომაც ვამბობ, რომ ეს ძალიან საშიში ტენდენციაა, რომელიც მხოლოდ ერთი რამით აიხსნება: ალბათ, ხელისუფლებასთან დაკავშირებული კლანები ამ პროცესით სერიოზულ ფინანსურ სარგებელს იღებენ და სახელმწიფოზე აღარ ფიქრობენ. საბოლოოდ, რუსები და საქართველოში არსებული ერთი მუჭა კლანი მდიდრდება, ხოლო ქართველები ღატაკდებიან და სამშობლოდან მიდიან...

კიდევ ერთ რამეზე მინდა, ყურადღება გავამახვილო: პუტინი უკრაინაში რომ დამარცხდება, ვის მიადგება და მერე ვინ იქნება ჩვენი დამცველი? თუ დასავლეთს ზურგს შევაქცევთ და რუსეთის პირისპირ დავრჩებით, ვინ გვიშველის? ამ ფონზე ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების ლანძღვა როგორ შეიძლება?! ვინც გვარწმუნებს, რომ ეს საშიში არ არის, დანაშაულებრივ ტყუილს ამბობს. რუსეთი ახლა აგონიაშია, მისი მოქალაქეების შესვლა ბალტიის ქვეყნებმა თუ აკრძალეს, ჩვენ რის იმედი გვაქვს?! იმას კი არ ვამბობ, რუსეთს ძალით დავუპირისპირდეთ, მაგრამ დასავლეთი არ უნდა ვაძაგოთ - არავითარ შემთხვევაში! სწორედ აშშ-ის და ევროპის წყალობით არსებობს ქართული სახელმწიფო 30 წელზე მეტია, თორემ პუტინი თუ დაინახავს, რომ აქ მისთვის მარტივი გასეირნება იქნება, უპრობლემოდ შემოვა - მას ვერც "ოცნება" შეაფერხებს და ვერც ბიძინა ივანიშვილი. სწორედ ამიტომაა საჭირო ნორმალური, პარტნიორული ურთიერთობის შენარჩუნება დასავლეთთან და მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან.