"რომ იცოდეთ, მხოლოდ ჩემი აზრი არ არის, რომ ფარული ჩანაწერები არ უნდა განადგურდეს და გამოძიება უნდა დაიწყოს"

"მერე გამოძიებით შეიძლება ვერაფერი დადგინდეს. ამ ფირების უმრავლესობა გადაღებულია არა მარტო ბინებში, არამედ სასტუმროებშიც. თანაც, გარდა შემკვეთებისა, უნდა დადგინდნენ და გამოვლინდნენ ის ადამიანები, ვინც უკანონოდ დაამონტაჟეს ოთახებში მოსასმენი თუ სათვალთვალო კამერები. შესაბამისად, სასტუმროების მეპატრონეებიც დანაშაულის თანამზრახველები არიან. წარმოიდგინეთ, რამხელა ქსელი იყო შეკრული, თანაც ისე, რომ ამ ტიპის დანაშაულისთვის არავინ აგებს პასუხს. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ამ კადრების განადგურება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონსაც და საერთაშორისო პრაქტიკასაც", - აცხადებს ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის წევრი, ჩანაწერების განადგურების ერთადერთი მოწინააღმდეგე, ექსპერტი კახი კახიშვილი გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურითფარულ ჩანაწერებს ანადგურებენ... / რატომ აფარებენ ხელს ჩანაწერების ავტორებს?

"რა გითხრათ. მასალების წაშლისა და განადგურების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია. რამდენად არის ეს ავტომატურად კვალის წაშლა ან ვინმეზე ხელის დაფარება, არ ვიცი. იმაში კი დარწმუნებული ვარ, რომ კანონი უნდა გამკაცრდეს და ასეთი ტიპის დანაშაულისთვის სასჯელი 0-დან 3 წლამდე კი არ უნდა იყოს, უნდა გაიზარდოს და ადამიანმა იცოდეს, თუ მაგვარ ბინძურ ჩანაწერებს გააკეთებს, სჩადის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს და შესაბამისად დაისჯება. ყველა დანაშაულს ჰყავს თავისი შემსრულებელი - ის ადამიანები, რომლებიც ამ მასალებს აგროვებდნენ და შემდგომ მათი გამოყენების მუქარით მანიპულირებდნენ, გამოდის, რომ პასუხს არ აგებენ და დაუსჯელები დარჩებიან", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახი კახიშვილი და შეკითხვას - "პირდაპირ ვთქვათ, წინა ხელისუფლებასთან გარიგებასთან ხომ არ გვაქვს საქმე?" - პასუხობს:

"არა მგონია. ადრე საუბრობდნენ იმაზე, რომ ამ მასალების გამოძიება არ შეიძლება მარტო იმიტომ, რომ პირი იდენტიფიცირებულია. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. თუ გამოძიება დაიწყება, პირის იდენტიფიცირება საჭირო არცაა, ისე შეიძლება დადგინდეს ჩანაწერების ავტორის ვინაობა. ეს სპეციფიკური საკითხია და ამას არ ჩავუღრმავდები. არსებობს ეჭვი, რომ ამ მასალების ასლები დიდი ხანია გატანილია ქვეყნიდან და თუნდაც იმისთვის, რომ მოძიებული იყოს ასლები, მათი ადგილსამყოფელი - ამისთვისაც საჭიროა გამოძიება. იმისთვის კი, რომ ამ მასალების მფლობელების ვინაობა დაადგინო, გჭირდება ის მასალები, რაც ხელთ გვაქვს. ასევე ის ადამიანები, რომლებიც ამ მასალებს აგროვებდნენ".

"ჩინოვნიკებმა გაიტანეს ის მასალები, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მე ვფიქრობ, შსს-ში აღმოჩენილი მასალა ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რა მასალებიც რეალურად არსებობს ბუნებაში. შესაძლოა, ყველაზე ძვირად ღირებული მასალა საზღვარგარეთაა გატანილი. ამიტომ, მართლაც არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ ამ დუბლირებული მასალების გამოყენება არ მოხდება. ამიტომ კომისიაში შევთანხმდით იმაზე, რომ ვიმუშავებთ კანონის დახვეწაზე, თუმცა სანქციების გაზრდა რამდენად უზრუნველყოფს ამ დანაშაულებრივი ქმედებების განმეორებისთვის ხელის შეშლას, ვერ გეტყვით. ისე, რომ იცოდეთ, მხოლოდ ჩემი აზრი არ არის, რომ ეს მასალები არ უნდა განადგურდეს და გამოძიება უნდა დაიწყოს. ბევრი იურისტია ჩემი მხარდამჭერი,მ მათ შორის ყოფილი პროკურორები და მისამართლეებიც. რასაც მე ვსაუბრობ, ეს არ არის კახიშვილის ჯიუტი ფანტაზია - ეს არის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნა - მე ვითხოვ კანონის დაცვას და სხვას არაფერს", - დასძენ რესპონდენტი.

"ვიცი, რომ უამრავი ასეთი ადამიანი ჯერ კიდევ მუშაობს შსს-ში - ისინი წლების განმავლობაში ასრულებდნენ დანაშაულებრივ ქმედებებს, მონაწილეობდნენ დანაშაულის ჩადენაშიც და ამიტომ ნამდვილად არ შედის მათ ინტერესებში ასეთი ტიპის გამოძიების ჩატარება. ასევე არ შედის იმ პროკურორების ინტერესებშიც, რომლებიც წლების მანძილზე ხელს აფარებდნენ შს და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს. სამწუხაროდ, ამ საკითხს რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, როგორც ჩანს, ხელისუფლებაში ამხელა ყურადღებას არ ანიჭებენ, რაც ჩემთვისაც გაუგებარია - როცა ამბობენ, რომ წინა ხელისუფლებამ ჩაიდინა უამრავი დანაშაული და ამ დანაშაულებათა მტკიცებულება ისე ნადგურდება, რომ გამოძიება არ წარმოებს, უკვე არ მესმის", - დაასკვნის კახი კახიშვილი.