ნავთობის გაიაფების მორიგი ეტაპი დაიწყო. ტენდენცია გარკვეული პერიოდი შენარჩუნდება. „ოპეკი პლუსის“ რვა ქვეყანამ (საუდის არაბეთი, რუსეთი, ერაყი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ქუვეითი, ყაზახეთი, ალჟირი და ომანი) 3 მაისს ვირტუალური შეხვედრა გამართა და შეთანხმდნენ, რომ ივნისში ნავთობის წარმოება, მაისთან შედარებით, დღეში 411 000 ბარელით გაიზარდება.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ალიანსის წევრებმა გადაწყვიტეს, შეეზღუდათ წარმოება შეთანხმებული კვოტებით, რათა ფასები შედარებით მაღალ ნიშნულზე შენარჩუნებულიყო. ახლა კი ქვეყნები თანდათან უბრუნდებიან წარმოების ნორმალურ დონეს და ამას მოსალოდნელზე უფრო სწრაფი ტემპით აკეთებენ.
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ღირებულება კიდევ უფრო ქვევით წამოვა, მაგრამ რამდენად აჰყვება ქართული ბაზარი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს და დაიწყება თუ არა ჩვენთანაც საწვავის გაიაფება, ამაზე პასუხის გაცემა უჭირს ანალიტიკოს პაატა ბაირახტარს.
„ვფიქრობ, ნავთობის ფასი მოპოვების ზრდის შემდეგ კიდევ უფრო ქვევით წამოვა, თუმცა მანამდეც შეიძლება ეს მოხდეს, რადგან ტრეიდერები მოლოდინის ეფექტს დიდ ყურადღებას აქცევენ. ამიტომაც შესაძლებელია ფასის ვარდნა მანამდეც დაიწყოს. ქართულ ბაზარს რაც შეეხება, ამეზე საუბარი რთულია. კარგად მოგეხსენებათ, რომ კონკურენციის სააგენტოს არაერთი დასკვნის მიუხედავად, ჩვენს საცალო ქსელში და საწვავის ბაზარზე საკმაოდ თავისებური მდგომარეობაა. ახლაც კი მსოფლიო ტენდენცია ჯეროვნად ვერ აისახება ადგილობრივ ბაზარზე. მიუხედავად ამისა, წესით და რიგით, გლობალურმა ტენდენციამ ადგილობრივ ბაზარზე საწვავი მაინც უნდა გააიაფოს“, - აღნიშნა ბაირახტარმა.
ნავთობიმპორტიორები უფრო დადებით პროგნზს აკეთებენ. თუ არსებული ტენდენციები კიდევ 1-2 კვირა შენარჩუნდა, საწვავზე ფასი დაახლოებით 15-20 თეთრით დაიკლებს. ნავთობიმპორტიორი კომპანია „სენტა პეტროლიუმის“ დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე ადასტურებს, რომ დაბლა მოდის „პლატცის“ ფასიც. როგორც ცნობილია, საქართველოში საწვავის ფასი სწორედ „პლატსის“ მიხედვით ანგარიშდება. მაგალითად, იანვარში „პლატსის“ მიხედვით ბენზინის საშუალო ღირებულება ტონაზე 737.02 აშშ დოლარს, ხოლო დიზელზე 714.91 აშშ დოლარს შეადგენდა. თებერვალში - ბენზინის 726.55 დოლარი, ხოლო დიზელზე - 705.3 დოლარი იყო. მარტში ბენზინზე - 683.89 დოლარი, დიზელზე - 655.55 დოლარი. ამჟამინდელი ღირებულება კიდევ უფრო დაბალია.
იაკობიძის ინფორმაციით, თავის მხრივ, ეს ქართულ ბაზარზე უკვე აისახა, ბოლო კვირის განმავლობაში თითქმის ყველა ტიპის საწვავზე 10-თეთრიანი კლება ფიქსირდება.
„თუკი კიდევ რამდენიმე კვირა შენარჩუნდა ის ტენდენცია, რაც ბოლო 3-4 კვირის განმავლობაშია, ვგულისხმობ ლარის გამყარებასა და საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის გაიაფებას, შემიძლია ვივარაუდო, რომ საწვავზე ფასი კიდევ დაახლოებით 15-20 თეთრით დაიკლებს.
დღეს უკვე არის მოცემულობა, რომ საბითუმოდ გაყიდული საწვავის ფასმა დაახლოებით 5-10 თეთრით იკლო, ახლა კი ვითარების დასტაბილურების ფონზე, მოსალოდნელია, ღირებულება სრულიად სამომხმარებლო სექტორზეც გავრცელდეს.
ოღონდ, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ეს დამოკიდებულია ლარის გამყარების პროცესსა და ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე შექმნილ სიტუაციაზე“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ „სენტა პეტროლიუმის“ დამფუძნებელმა.
ამჟამად 1 ბარელი ნავთობი საერთაშორისო ბირჟებზე 60-61 დოლარის ფარგლებშია. ვარაუდობენ, რომ ივნისის დასაწყისში ფასი კიდევ უფრო დაიწევს და დაახლოებით 55 დოლარის ფარგლებში იმერყევებს. ეს კი ნავთობპროდუქტების იმპორტიორი ქვეყნებისთვის დადებითი ტენდენციაა.