Deep State – ქართულად „სიღრმისეული სახელმწიფო“ სინამდვილეში გახლავთ ის ძალაუფლება, რომელიც მოქმედი სამართლით ფორმალიზებული უკვე აღარც არის და იმდენად ღრმად აქვს ფესვები გამდგარი, რომ ჩვეულებრივ, თვალსაც ვერ მიადევნებ, რადგან უკუნის უძიროობაა.
თანამედროვე ფიზიკიდან კარგადაა ცნობილი: იმისდა მიხედვით, რა მასშტაბში გამოიკვლევა ანდა წარმოიდგინება რეალობა, შეიძლება ვისაუბროთ მაკრო და მიკროსამყაროებზე; არსებობს პლანკის ზღვარი, რომლის მიღმა იწყება ე.წ. კვანტური რეალობა, რაც მაკროსამყაროს კანონებით საერთოდაც ვერ აიხსნება და ვერც აღიწერება; ამას შეიძლება სიღრმისეული, ერთგვარად უძირო, ანდა, თუ ხალისი გნებავთ − სულაც „ძირგავარდნილი“ რეალობაც ვუწოდოთ. როგორც დღევანდელ მსოფლიოში შექმნილი გამაოგნებელი ანომალიურობიდან მკაფიოდ ჩანს, Deep State-ის შემთხვევაშიც ასე უნდა იყოს: არსებობს რაღაც ზღვარი, რომლის მიღმა რეალური პოლიტიკის სულ სხვა, სრულიად პარადოქსული კანონები მოქმედებს და ვინ იცის, შესაძლოა აქაც კვანტური მექანიკიდან კარგად ცნობილი სუპერპოზიციის პრინციპის ანალოგიასთანაც გვქონდეს საქმე: ე.ი. შრედინგერის კატის მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ − ერთდროულად მკვდარიც და ცოცხალიც ვიყოთ. ხოლო მკვდარია თუ ცოცხალი კონკრეტულად დაკვირვებადი კატა, დამკვირვებლის არჩევანზე, ხოლო კვანტურ ანალოგიას თუკი პოლიტიკაშიც გადმოვიტანთ, ვინაიდან ასეთი პოსტმოდერნული აზროვნება-არსებობის (ვაზროვნებ − ვარსებობ) წესი, ამომრჩევლის „დილიხორზეა“ დამოკიდებული…
მკვდარ-ცოცხლის გასარჩევად მკითხველს შევთავაზებდი დავაკვირდეთ აი, ამ კონკრეტულ ისტორიულ მოვლენას:
7 მარტს სენატორებმა თომას მასიმ, მაიკ ლიმ და კიდევ 10-მა კონგრესმენმა აშშ-ის კონგრესში კანონპროექტი შეიტანეს, რომლის მიხედვით ფედერალური სარეზერვო სისტემა უქმდება!!!
ფედერალური სარეზერვო სისტემა − დოლარს, ანუ მსოფლიო ფულს განაგებს. თუ როგორ, ეს ალბათ ყველაზე დიდი, უფრო სწორად, „დიპ“ საიდუმლოთა შორის „უდიპესი“ საიდუმლოა. ინტუიციურად ისიც შეგვიძლია დაბეჯითებით ვამტკიცოთ, რომ თავად სტეიტის „დიპობა“ − სწორედ აქედან, ფედერალური რეზერვის უძირო (თუ ძირგავარდნილი?) საიდუმლოებებიდან მოდის. ეს ისტორიული მოვლენა − ფსს-ის გაუქმების მცდელობა კი სწორედ სუპერპოზიციაზე მიანიშნებს: თუ ეს ნამდვილად მოხდა, მაშასადამე, იმ კვანტური კატისა არ იყოს, თურმე „დიპ სთეითიც“ ერთდროულად ცოცხალიცაა და მკვდარიც. ტრამპისტების „დილიხორითა“ და ხელით − შესაძლოა, მკვდარიცაა ან დღე-დღეზე მოკლავენ. მაგრამ იმავდროულად, აშკარად ცოცხალიც უნდა დარჩეს, რათა ბატონებმა იბატონონ, ე.ი. დოლარმა რომ იდოლაროს, უკვდავი ფედერალური რეზერვი უკვდავადვე უნდა დარჩეს…
და რა არის ფედერალური რეზერვი? რატომაა იგი უკვდავი? − ამის ახსნა მარტივადაც შეიძლება და ძალიან რთულადაც. ყველაზე მარტივი ახსნა ის იქნება, რომ ერთი სახალისო ანეკდოტის ანალოგიას მივმართოთ. აი, ეს „წვერებიანი“ ანეკდოტიც ბევრს ეცოდინება და იგი სწორედაც ფულის წარმომავლობის „დიპ“ საიდუმლოს უკავშირდება:
„ − აბრამ, საიდან ამდენი ფული? – „ტუმბოჩკიდან“! − და „ტუმბოჩკაში“ საიდან? − ჩემმა ცოლმა სარამ ჩადო. − ვაჰ! შენ ცოლს საიდანღა? − მე მივეცი, აბა მაშ, სხვა საიდან? − შენ საიდან გქონდა, რომ მიეცი? − აკი გითხარით, „ტუმბოჩკიდან“-მეთქი, რით ვერ გაიგეთ?!“
ამრიგად, ფედერალური რეზერვი სწორედ ის „აბრამის ტუმბოჩკაა“, სადაც ფულს „დებენ“ და საიდანაც ფულს „იღებენ“. აბრამის ვინაობაც ცნობილია: ეს სწორედ ის ბანკები არიან, რომლებიც ფედერალური რეზერვის სისტემაში შედიან, მაგრამ აბრამისგან განსხვავებით, ფულსაც თავადვე ჭრიან, „ტუმბოჩკაშიც“ თავად ინახავენ და მიმოქცევაშიც თავადვე უშვებენ. ეს წრებრუნვა რომ არ შეწყდეს, „ტუმბოჩკა“ და მისი უკვდავება აუცილებელია. ანდა, მაშინ ძალიან სერიოზულ შეკითხვებზე მოუწევთ პასუხის გაცემა და თანაც, აბრამობით იოლას ვერ გავლენ. მაგალითად:
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, მიმოქცევაში გაშვებული დოლარის მთლიანი მასა (ანგარიშებზე არსებული ნაღდი და უნაღდო დოლარების ჯამური ოდენობა მთელ მსოფლიოში) 1959 წლის დეკემბერში შეადგენდა 138,9 მლრდ-ს, ხოლო 2023 წლის ბოლოს უკვე 18,5 ტრილიონ დოლარს, ანუ ეს მასა გაიზარდა 133-ჯერ! კატასტროფული სიჩქარით გაიზარდა აშშ-ის სახელმწიფო ვალიც: 1960 წელს იგი შეადგენდა 290,5 მლრდ დოლარს, ხოლო ამჟამად 36,5 ტრილიონი დოლარია, ანუ გაიზარდა 123-ჯერ − ე.ი. თითქმის იმდენჯერვე, რამდენჯერაც მიმოქცევაში გაშვებული ფული. თუ „ტუმბოჩკიდან“ არაა ეს ფული, როგორც უფლებები და როგორც ვალდებულებები, მაშ რით აიხსნება ამ მასშტაბის ზრდა? ხომ ცხადია, მსოფლიო ეკონომიკა 1960 წლიდან დღემდე 133-ჯერ ვერ გაიზრდებოდა და ფულის ეს მასა საჭირო არ იყო; ასევე, ისიც ცხადია, რომ არც აშშ-ის სახელმწიფოს ფუნქციები და მის მიერ ნაწარმოები საზოგადოებრივი ან ზოგადსაკაცობრიო სიკეთეების მოცულობა 123-ჯერ არ გაზრდილა, რომ ამხელა ვალის აღება ყოფილიყო საჭირო. მაშ სად არის შავი კატა ამ „დიპ“ ოთახში? ან იქნებ არც არის და ვერც ვერავინ დაიჭერს?
ფულის მასის და იმავდროულად ვალების ასეთი კატასტროფული ზრდა დაიწყო ე.წ. ოქროს სტანდარტის გაუქმების შემდგომ, როცა დოლარის მზარდი ემისია ყოველწლიურად სულ უფრო მეტად უკონტროლო ხდებოდა. 1971 წლამდე ძალაში იყო „ოქროს სტანდარტი“ ანუ მიმოქცევაში გაშვებული დოლარის ოდენობა შეესაბამებოდა აშშ-ის ბანკებში შენახული ოქროს ოდენობას. ქაღალდის ფული ფაქტობრივად წარმოადგენდა ოქროს გარკვეული რაოდენობის ფლობის უფლებას. ოფიციალურად აშშ-მა ოქროს სტანდარტი შემოიღო 1900 წელს, როცა კანონით დადგინდა, რომ ქაღალდის დოლარი შეუფერხებლად იცვლებოდა ოქროზე. კურსით − 1 უნცია ოქრო უდრიდა 20,67 დოლარს. აშშ-ის შიდა ბაზარზე „დიდი დეპრესიის“ წლებში შეიზღუდა დოლარის ოქროზე გადაცვლა და პირიქითაც მოხდა: მოქალაქეები დაავალდებულეს, მათ ხელთ არსებული ოქრო ბანკებში მიეტანათ და ქაღალდის ფულზე გადაეცვალათ. მიუხედავად ამისა, „ოქროს სტანდარტი“ 1944 წლის ბრეტონ-ვუდსის შეთანხმების (მას ასეც ეწოდა − ოქრო-დოლარის სტანდარტის საერთაშორისო სავალუტო სისტემა) ერთ-ერთ მთავარ საფუძველს წარმოადგენდა: დოლარი საერთაშორისო სარეზერვო ვალუტად ცხადდებოდა იმ სავალდებულო პირობით, რომ იგი უცხოელებისათვის თავისუფლად გადაიცვლებოდა აშშ-ში ოქროზე მყარად გარანტირებული კურსით. ეს კურსი 1944-1971 წწ-ში მართლაც სტაბილური გახლდათ და შეადგენდა 35 დოლარს უნციაზე. გასული საუკუნის 70-იან წლების დასაწყისში განვითარებული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა და ინფლაციის გამო, უცხოელებმა (მაგალითად, ფრანგებმა) აშშ-ს მოსთხოვეს მათ ხელთ არსებული დოლარის მასის ოქროში გადაცვლა. დოლარი სწრაფად უფასურდებოდა, ხოლო აშშ-ის ოქროს მარაგი მცირდებოდა. ამიტომ, ნიქსონმა 1971 წელს დროებით შეზღუდა ეს გადაცვლა, რაც საბოლოო ჯამში 1975 წელს ბრეტონ-ვუდსის სისტემის სრული გაუქმებით დასრულდა. იგი ჩანაცვლდა იამაიკის (იამაიკის კონფერენციაზე შეთანხმდნენ) სისტემით, რის შედეგადაც ოქროს სტანდარტი საყოველთაოდ გაუქმდა, ხოლო ოქროზე მიბმული ფიქსირებული სავალუტო კურსი შეიცვალა თავისუფლად მცურავი საბაზრო კურსით. ამასთან, დოლარმა მყარად შეინარჩუნა მსოფლიო ფულის ფუნქცია და კვლავ დარჩა საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში ძირითად სარეზერვო ვალუტად. ბუნებრივია, ოქროს სტანდარტის გაუქმებამ და იმავდროულად დოლარის, როგორც უალტერნატივო მსოფლიო ფულის, ურყევმა სტატუსმა განაპირობეს კიდეც ახალი, „ფიატური დოლარის“ უკონტროლოდ ჭარბი ემისია; რადგან დოლარი ოქროზე აღარ გაიცვლებოდა, მისი მასა ოქროს რეზერვების მოცულობით ვეღარც შეიზღუდებოდა; ხოლო ის, რომ დოლარი მსოფლიო ფულია და მასზე მუდმივი პლანეტარული მოთხოვნაა, გარანტირებულ საშუალებას იძლევა, ჭარბი ემისიით განპირობებული ინფლაციის საფრთხე აშშ-იდან მთელ მსოფლიოში იქნას ექსპორტირებული, ინფლაცია მოითოკოს თავად აშშ-ში, სადაც ეს ემისია ხდება და შესაბამისად ინფლაციის რისკი იქმნება, ხოლო ინფლაციის ტვირთი აშშ-ში რაც შეიძლება მსუბუქი იყოს. მიუხედავად ამისა, ფულის გაუფასურებას მკაფიოდ ვხედავთ და აქ საზომად ოქროს ფასი უნდა ავიღოთ: ჭარბი ემისიის შედეგად, ნაცვლად 35 დოლარისა, 2024 წელს უნცია ოქრო საშუალოდ 2 030 დოლარი ღირდა, ანუ 58-ჯერ გაძვირდა! თუ ამ სტატისტიკიდან ამოვალთ და „ოქროს კურსით“ გადავიანგარიშებთ როგორც ფულის მასის ზრდას, ასევე აშშ-ის სახელმწიფო ვალის კატასტროფულ მატებას, უნდა აღვნიშნოთ: ოქროზე გადაანგარიშებით, ფულის მასა 1960 წელთან შედარებით არა 133-ჯერ, არამედ მხოლოდ 2,3-ჯერ არის გაზრდილი, ხოლო აშშ-ის ვალი არა 123-ჯერ, არამედ მხოლოდ 2,1-ჯერ.
ამრიგად, არის თუ არა კატა და ბნელი ოთახი, იმ სისტემაზე ხდება დამოკიდებული, რითაც თავად ფულის ობიექტური ღირებულება უნდა ითვლებოდეს. სხვათა შორის, ეკონომისტებმა დაითვალეს საბაზისო მნიშვნელობის საქონლისა და მომსახურების ფასები, დაწყებული ანტიკური ეპოქიდან ვიდრე დღემდე, ოღონდ ოქროს კურსის ფასებით, და იგი გამაოგნებლად სტაბილური აღმოჩნდა, რაც ფულის ე.წ. მეტალისტური გაგების სასარგებლოდ მეტყველებს.
საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ფულის სამი დიდი კონცეფცია არსებობს: ფულის მეტალისტური, ნომინალისტური და რაოდენობრივი გაგება.
მეტალისტური კონცეფცია იმ წანამძღვრიდან ამოდის, რომ სიმდიდრის გამოხატულება იმთავითვე ძვირფასი მეტალია, როგორც წესი − ოქრო ანდა ვერცხლი; მათი მატერიალური ღირებულება ეჭვს არ იწვევს და ყველა სახელმწიფოში უდავოდ აღიარებულია; ამდენად, „მეტალისტები“ მიიჩნევენ, რომ ვინაიდან ფულის მთავარი ფუნქცია ღირებულების საზომია, იგი უნდა იყოს ოქრო ან ვერცხლი, როგორც საყოველთაოდ ერთნაირად აღიარებული ღირებულება. ევროპაში − ჯერ შვედეთში, შემდეგ კი ბრიტანეთში, ქაღალდის ფულის გამოშვებამ ეს კონცეფცია, რასაკვირველია, თითქოს უკვე შეარყია. შვედეთში ამას ინფლაციაც მაშინვე მოჰყვა. მაგრამ სერ ისააკ ნიუტონის მიერ ინგლისის ბანკისთვის შეთავაზებულმა ოქროს სტანდარტმა ფულის მეტალისტურ გაგებას კვლავაც გაუმყარა საფუძველი. ისააკ ნიუტონის წინადადება მიიღეს და ფუნტი სტერლინგის კურსი ოქროს მიმართ მკაცრად დააწესეს ქაღალდის ბანკნოტის ღირებულების მკაცრ სტანდარტად. უნცია ოქრო 4 გირვანქა სტერლინგში უპრობლემოდ უნდა გაცვლილიყო ნებისმიერ ბრიტანულ ბანკში. ეს კურსი სტაბილური გახლდათ ბრეტონ-ვუდსის სისტემამდე, სანამ მსოფლიო ფულის ფუნქცია ფუნტი სტერლინგიდან დოლარმა არ გადაიბარა. შედეგად Pax Britanica შეიცვალა და დადგა Pax Americana. ქაღალდის ფულით, მაგრამ ოქროს სტანდარტით. თუმცა არაფერია უცვლელი. პოსტმოდერნში, სადაც მყარი არც ოქროა და საერთოდაც არც არაფერი, ვინაიდან აზროვნება-არსებობის წესად რეალიტივიზმი და სუბიექტივიზმი ბატონობს, ოქროს სტანდარტმა საზრისი დაკარგა. ობიექტური ღირებულება არაფერს აქვს, ხოლო ფარდობითი ანდა სუბიექტური კი ყველაფერს, რაც კი რაიმეში სარფიანად ხურდავდება და მომგებიანად იცვლება. ამ პრინციპის გამო მეტალისტები ცხოვრებას უიმედოდ ჩამორჩნენ და დღეს იმის მტკიცება, რომ ფული არის მხოლოდ ოქრო − არავის მოუვა თავში. ოქროს კი არა, ბეჭედდასმული ქაღალდის ორიგინალის არავითარი სტანდარტი უკვე არ არსებობს. ახლა ელექტრონულია ყველაფერი და შეუკავებელი „კრიპტოვიზაცია“ ხდება. ელექტრონული ფული. კრიპტოვალუტა. ბლოკ-ჩეინი და ყველაფერი, რაც ასლია ორიგინალიც იმთავითვე არის. ოქროს კრიპტოასლიც − ოქროა. კრიპტომეტალიკაა დღეს მოდაში.
ფულის ნომინალისტური კონცეფცია ამტკიცებს, რომ ფულის ღირებულება მის მატერიალურ შინაარსზე არ არის დამოკიდებული, რადგან ეს ღირებულება უშუალოდ და პირდაპირ სახელმწიფოს მიერ მისი სუვერენული ნების შესაბამისად დგინდება. ამ კონცეფციას იზიარებდა, სხვათა შორის, ჯონ მეინრად კეინზიც. ამ კონცეფციის ყველაზე თანმიმდევრული გამოხატულება საბჭოთა კავშირის ფულად-საკრედიტო სისტემა გახლდათ.
დღეს ყველაზე მეტად გავრცელებული და პოპულარულია ფულის რაოდენობრივი კონცეფცია. ფულის ობიექტური ღირებულება დგინდება არა მისი მატერიალური შინაარსით, ანდა სახელმწიფოს ნებელობითი აქტით, არამედ რაოდენობრივი პროპორციებით ბაზარზე მიმოქცევის შედეგად. ჭარბი ფული საქონელს აძვირებს, ფულის დეფიციტი − აიაფებს. ასევე, საქონლის მზარდი მიწოდება, თუ ფულის მასა არ გაიზარდა, ფულს „აძვირებს“ და პირიქით.
რასაკვირველია, ეს კონცეფციები ხშირად კომპლექსურად მუშაობს და ძნელია თქმა, რომელია მათ შორის უდავოდ ჭეშმარიტი. დამოკიდებულია ისტორიულ გარემოებებსა და პირობებზე, რაც მთავარია იმაზე, თუ ფულის 5 ძირეული ფუნქციიდან ესა თუ ის სახელმწიფო ან საზოგადოება რომელს მიიჩნევს ყველაზე მეტად პრიორიტეტულად.
თანამედროვე პირობებში საყოველთაოდ მხოლოდ ე.წ. ფიატური ფულია გავრცელებული. ამისი ახსნაც სახალისო ანეკდოტითაა მოსახერხებელი. აი, ეს „ასიგნაციური“ ანეკდოტიც:
„სომეხი მემატიანე ასიგნაციის გამოგონების ისტორიულ ამბავს ასე მოგვითხრობს:
მეფე ერეკლე ძალიან დაღონებულიყო… იჯდა თავისი ერთი ბეწო სასახლის აივანზე და თავ-პირი ჩამოსტიროდა. ამ დროს ცნობილმა სომეხმა დიდვაჭარმა, აღა გეორქამ ჯორით ჩამოიარა, ფაფახი მოიხადა, მეფეს მდაბლად თავი დაუკრა; შენიშნა ერეკლეს უგუნებობა და ეზოდან შესძახა:
− რა იყო მეფეო, განა ეგრე რამ დაგაღონა? ხომ არაფერი გაგჭირვებიაო?
− რაღა რა იყო, აღა გეორქ, მტერი კარს მომდგომია, მე კი მორიგე ჯარის შესანახი ფული აღარ მაქვს, ჯარისკაცის ჯამაგირი და ულუფაც კი ვეღარ დამირიგებია… დღეს დილით ზარაფხანაში ვიყავ და წამლად ერთი ოქროც აღარ არის, მარტო თეთრი და ისიც ძალიან ცოტა… აღარ ვიცი, ოქრო საიდან გავაჩინო ულიფისათვის და რა ვქნა, რა წყალში ჩავვარდეო! − შესჩივლა მეფემ.
− თუ სულ ეგ არის, მეფეო, შენი დარდი და წუხილი − ოქრო რომ გამოგლევია, ბედნიერი კაცი ყოფილხარ, მაგას იოლად ეშველება. აი, მე ხომ ამდენი ოქრო მაქვს, გულიდან დარდი ვერ გადავიყარე და მაგის საშველი არც არა არის. მოდი, შენს სატკივარს მე ვუწამლებ და იქნება, შენც მისაშველოო, − შეჰკადრა აღამ.
− ვაჰ, მე თხოვნა მომერიდა, ისედაც დიდი ვალი მაქვს შენი, თავად მიხვდი და მაშ, ოქროს მასესხებო? და რა გინდა სამაგიეროდ, მთხოვე, თუ შევძელ, ყველაფერს შეგისრულებო, − დაიმედდა მეფე.
− მეფეო, მე სახელი და დიდება მჭირდება, შენ − ოქრო. მოდი, ისეთ რამეს გეტყვი, ჩემს დარდსაც ეშველოს და შენსასაცაო, − აღამ.
− რა ამბობ, კაცო? ისეთი ნეტა რა იცი, რას მეტყვი? ერთი აქეთ მოდექ, აივანზე ამო და წვრილად მომახსენეო, − მიიპატიჟა მეფემ აღა.
აივანზე ასულიც არ იყო აღა და მოხსნა უკვე გუდას პირი:
− მეფეო, ოქრო რად გინდა? შენც ადექი, კარგ მხატვარს დაახატვინე, სტამბა გამართული გაქვს და ქაღალდის კოხტა ფული გამოუშვი; ზედ შენი ვარაყიანი პირისახე გამოსახე, შენი დიდი ბეჭედი და ლამაზად დააწერე, რომ ოქროს თუმნიანია! ეგრე შენს სადარდებელს სამუდამოდ ბოლო მოეღება და ფულიც ყოველთვის ულევი გექნებაო. მაგრამ, როცა გკითხავენ, ჭკუა ვინ გასწავლაო − უთხარ, ბრძენმა აღა გეორქამა-თქო და მეც სახელს და დიდებას შევიძენო!
− აბა, ეგ რა გაუგონარ სირეგვნეს მირჩევ და რა ზღაპარს მიყვები, აღა, კაცო, სად გაგონილია, ოქროს ნაცვლად − ქაღალდი?! განა ვინ მოტყუვდება, ვინ ოხერი გაბრიყვდება, ეგ ქაღალდი ფულად სად და როგორ გავაო?! − შუბლში ხელი შემოირტყა მწარედ იმედგაცრუებულმა მეფემ.
− მეფეო, შენ ოღონდ თქვი და გავაო! „ასი-გნაცი!“ − რაღა, მეტი დამაჯერებლობისთვის გაასომხურა ნათქვამი დიდვაჭარმა აღამ…
ეგ იყო და ეგა. ამის შემდეგ ქაღალდის ფულს „ასი გნაცია“ ე.ი. სომხურად − „თქვი და გავა!“ ეწოდება…“
ამრიგად, ფიატური ფული ის ასიგნაციაა, რომელსაც ნომინალისტებიც აღიარებენ და ფულის რაოდენობრივი კონცეფციის მომხრეებიც, თუმცა გრამი ოქროც არ ურევია. მაგრამ ტრამპისტებს − ნამდვილი ოქრო სურთ და არა ისეთი „ფიატი“ ტყუილი, რაც ოქროსავით ბრწყინავს…
…ხოლო რა იქნება − ვნახავთ. ვეჭვობ, შრედინგერის კატა ერთდროულად ცოცხალიც დარჩება და მოკვდება კიდეც, რადგან ფულიანი ხალხი − აბრამი და აღა გეორქა, არ დაილევა… აი, უფულო მეფე ერეკლეს კი − მუდამ გაუმარჯოს!