ევროკომისიამ სირიის დროებით პრეზიდენტს, აჰმედ ალ-შარაას მოწვევა გაუგზავნა ბრიუსელში დონორთა კონფერენციაზე დასასწრებად, რომელიც 17 მარტს გაიმართება. ევროკავშირის მიწვევის პარალელურად, სირიაში რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ მასობრივი ხოცვა-ჟლეტა მიმდინარეობს.
შაბათ-კვირას სირიის უსაფრთხოების ძალებსა და ასადის მომხრეებს შორის ინტენსიურმა ბრძოლებმა ჩრდილო-დასავლეთ სირიაში ასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილი განაპირობა. სოციალურ მედიაში გავრცელებული შოკისმომგვრელი კადრები ასახავს სიკვდილით დასჯას, ცხედრების თრევას მანქანებით და ექსტრემისტი მებრძოლების მიერ ალავიტების დახოცვის შესახებ სკანდირებას (ალავიტები ისლამის შიიტური შტოს ერთ-ერთ სექტას წარმოადგენენ).
ალავიტებთან ერთად, ახალი რადიკალური რეჟიმის მმართველობის პირობებში ქრისტიანებიც აქტიურად არიან დევნის საგანი.
დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულმა ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ჯგუფმა (SOHR) 740-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა დააფიქსირა ლატაკიაში, ჯაბლეში და ბანიასში − სამ სანაპირო ქალაქში, რომელიც ისტორიულად დაკავშირებულია სირიის რელიგიურ უმცირესობათა თემებთან. დაღუპულთა რიცხვი ზუსტად არ არის დადასტურებული და შესაძლოა მნიშვნელოვნად მეტი იყოს.
Remix News-მა გაავრცელა შემაშფოთებელი კადრები, სადაც ჩანს ბავშვი, რომელსაც დანა უჭირავს და გარშემორტყმულია ექსტრემისტებით, რომლებიც ალავიტების განადგურებას „ღვთაებრივ მოწოდებას“ უწოდებენ. აღნიშნული ძალადობრივი ქმედებები შეფასებულია, როგორც შურისძიება ბაშარ ალ-ასადის წარსული მმართველობისთვის, რომლის დროსაც ალავიტი უმცირესობა მაღალ სამთავრობო და სამხედრო თანამდებობებს იკავებდნენ. ექსტრემისტები მათ ათწლეულების განმავლობაში სირიის სუნიტური უმრავლესობის ჩახშობაში ადანაშაულებენ.
მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა მკაცრად დაგმო ეს სისასტიკე, ევროკავშირის პასუხი გამორჩეულად თავშეკავებული იყო.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ხოცვა-ჟლეტის მომწყობებს „რადიკალი ისლამისტი ტერორისტები და უცხოელი ჯიჰადისტები“ უწოდა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. რუბიომ განაცხადა: „აშშ დგას სირიის რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებთან, მათ შორის მის ქრისტიან, დრუზ, ალავიტ და ქურთ მოსახლეობასთან, და თანაგრძნობას უცხადებს მსხვერპლთა ოჯახებს“.
მან ასევე მოუწოდა სირიის დროებით მთავრობას, მიიღოს სწრაფი ზომები, რათა „ სირიის უმცირესობათა თემების წინააღმდეგ ხოცვა-ჟლეტის მომწყობმა დამნაშავეებმა სრულად აგონ პასუხი“.
ამის საპირისპიროდ, ევროკავშირმა მეტად ორაზროვანი განცხადება გამოაქვეყნა და არჩია დაეგმო „ბოლოდროინდელი თავდასხმები, ასადის მომხრე ელემენტების მიერ დროებით სამთავრობო ძალებზე“, ვიდრე უშუალოდ გაემახვილებინა ყურადღება უმცირესობებზე განხორციელებულ ძალადობაზე.
ევროკავშირმა ყველას მოუწოდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პატივისცემისკენ, ასევე მიმართა ყველა გარე აქტორს, პატივი სცენ სირიის სუვერენიტეტს, ერთიანობას და ტერიტორიულ მთლიანობას.
პრეზიდენტ ალ-შარაას მიწვევა მოჰყვა გასულ თვეში ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას სირიის ეკონომიკური შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ. ეს ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავს სირიის ეკონომიკურ აღდგენასა და პოლიტიკური გარდატეხის მხარდაჭერას, ფართოდ გააკრიტიკეს მიმდინარე სასტიკი ძალადობის ფონზე. სანქციების შემსუბუქების ძირითადი ზომები გულისხმობს სირიის ენერგეტიკულ სექტორზე სანქციების მოხსნას, ფინანსური შეზღუდვების შემსუბუქებას და ევროკავშირის აქტივების გაყინვის სიიდან ხუთი ფინანსური სუბიექტის ამოღებას.
ევროკავშირის მიდგომამ მწვავე კრიტიკა გამოიწვია ევროპელი პოლიტიკოსებისა და დამკვირვებლების მხრიდან, რომელთაგან ბევრი ბლოკს ისლამისტურ რეჟიმთან დაახლოებაში ადანაშაულებს.
რობ როსმა, ევროპის კონსერვატორთა და რეფორმისტთა (ECR) პარტიის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, გააკრიტიკა კომისიის გადაწყვეტილება და დაწერა: „ეს აბსურდია! სირიაში არამუსლიმები და თუნდაც ზომიერი მუსლიმები გენოციდის სამიზნეები ხდებიან HTS-ის მიერ! ევროკავშირი აღარ არის სამშვიდობო პროექტი − ის ომის პროექტად იქცა, რომელიც ერთიმეორეს მიყოლებით იღებს დამღუპველ გადაწყვეტილებებს.
გერმანელი ევროპარლამენტარი ტომაშ ფროელიხი (AfD) გამოეხმაურა როსის კომენტარს და დაგმო ბერლინის მიერ 60 მილიონი ევროს შემოწირულება სირიის დროებითი მთავრობისთვის: „გერმანიის მთავრობამ 60 მილიონი ევრო გადასცა გერმანელი გადასახადის გადამხდელებისგან დამასკოს ახალ მმართველებს. იმავდროულად, ევროკავშირი მხარს უჭერს ისლამურ-ტერორისტულ რეჟიმს, რომელიც ხოცავს ალავიტებსა და ქრისტიანებს მთელი მსოფლიოს თვალწინ“.
დროებითმა პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარაამ უარყო სახელმწიფოს რაიმე სახით მონაწილეობა ამ სისასტიკეში და პირობა დადო, რომ სწრაფად აგებინებს პასუხს დამნაშავეებს.
„დღეს, როდესაც ვდგავართ ამ კრიტიკულ მომენტში, ჩვენ ახალი საფრთხის წინაშე აღმოვჩნდით − ყოფილი რეჟიმის ნარჩენების და მათი უცხოელი მხარდამჭერების მცდელობები, აღძრან ახალი შუღლი და ჩაითრიონ ჩვენი ქვეყანა ახალ სამოქალაქო ომში“, − თქვა მან სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოგანცხადებაში.
მან დასძინა, რომ ნებისმიერი, ვინც მონაწილეობს სისხლისღვრაში ან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში, პასუხს აგებს: „არავინ იქნება კანონზე მაღლა და ვისაც ხელები სირიელების სისხლით აქვს დასვრილი, სასამართლოს წინაშე ადრე თუ გვიან მაინც წარდგება“.
თუმცა, იქცევა თუ არა ეს დაპირება რეალობად, ბუნდოვანია. სექტანტური მკვლელობებისა და ექსტრემისტული ძალადობის შესახებ მუდმივი ცნობების გამო, საერთაშორისო საზოგადოება გაყოფილი რჩება იმის თაობაზე, შეიძლება თუ არა სირიის ახალი ხელმძღვანელობის ნდობა სამართლიანობის აღსრულებაში − ან არის თუ არა ის უშუალო თანამონაწილე იმ სისასტიკისა, რომელიც მისი მმართველობის დროს ჩაიდინეს.