ბიძინა ივანიშვილი ახალი, საღი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს (ვიდეო)

ბიძინა ივანიშვილი ახალი, საღი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს (ვიდეო)

„ამბასადორიალზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა  ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა. როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. პრემიერ-მინისტრი ჯერ კიდევ არჩევნებამდე აცხადებდა, რომ პოლიტიკაში დიდხანს დარჩენას არ აპირებდა.

თავდაცვის მინისტრი პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას სახელმწიფოებრივს უწოდებს, რომელიც  საქართველოს გრძელვადიან ინტერესებს ემსახურება. „ეს გადაწყვეტილება თვისობრივად ახალ რეალობას შექმნის ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაში. იქნება ბევრად უფრო კონკურენტუნარიანი გარემო შემდეგ უკვე ადგილობრივი და სხვა არჩევნებისთვის. მგონია, რომ ამით ბიძინა ივანიშვილი ახალი, საღი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ასევე, მიესალმება ბიძინა ივანიშვილის არასამთავრობო სექტორში მუშაობის გაგრძელებას, ვინაიდან ის არასამთავრობო საზოგადოებრივ სარბიელზე მაღალი კონკურენტული გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.

თავდაცვის მინისტრმა ჟურნალსიტების შეკითხვას - არჩევნების შემდეგ მინისტრთა კაბინეტის ფორმირების შესახებ გასცა  პასუხი:  „ძალიან ნაადრევია რაიმე ინსინუაციები კონკრეტულ პირებზეც, მათ შორის მომავალი კაბინეტის ფორმირებაზე. რაც შემეხება მე, ძალიან დიდ პატივად მიმაჩნია, რომ დღეს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ვარ, ვემსახურები ჯარს, ვემსახურები იმ ადამიანებს, ვინც ჩვენ ქვეყანას იცავენ. დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე ღირსეულ საქმეს ჩემი ქვეყნისთვის უახლოეს პერიოდში ვერ გავაკეთებ“.