მამუკა არეშიძე: “ჩემი აზრით, ქოლ-ცენტრების სქემებში ჩართული ამ ხელისუფლების ჩინოსნები ლობირებდნენ კრიმინალურ ბიზნესს”

მამუკა არეშიძე: “ჩემი აზრით, ქოლ-ცენტრების სქემებში ჩართული ამ ხელისუფლების ჩინოსნები ლობირებდნენ კრიმინალურ ბიზნესს”

“რუსეთს შეიარაღებაში პრობლემა აქვს, განსაკუთრებით დეფიციტურია ჭურვები. ვერ აუდის რუსული სამხედრო წარმოება ამხელა დანაკარგს, არ იყვნენ მზად ასეთი მასშტაბური დაპირისპირებისთვის. ურალში რამდენიმე ქარხანა აამუშავეს, მიუხედავად ამისა, ვერ ახერხებენ იარაღით სამხედროების მთელ ფრონტზე მომარაგებას. ამზადებენ იარაღის რეზერვსაც, რადგან უკრაინელების მასირებული შეტევის შემთხვევაში რეზერვების გარეშე მოგერიება ძალიან გაუჭირდებათ. გარდა ამისა, მწვავე დაპირისპირებაა რუს სამხედრო ხელმძღვანელობაში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ ომის განმავლობაში 17 ხელმძღვანელი გამოიცვალა ამ ე.წ. სამხედრო ოპერაციის სხვადასხვა მონაკვეთზე, მათ შორის საერთო ხელმძღვანელობაშიც. რუსული არმია ორგანიზაციულად ძალიან დაბალ დონეზეა, კრიტიკას ვერ უძლებს მისი სამხედრო ხელმძღვანელობა”, - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რუსეთს ჰქონდა გეგმები, რომ ომი დაეწყო საქართველოშიც, მოლდოვაშიც და ყაზახეთშიც”.

“იმ კორუფციამ, რომელიც რუსეთშია გაბატონებული, განსაკუთრებით კი წლების განმავლობაში ყვაოდა სამხედრო სფეროში, ამ მდგომარეობამდე მიიყვანა ეს ქვეყანა. ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთმა თავისი სამხედრო შესაძლებლობები ამოწურა, მაგრამ ამ ომმა გამოაჩინა უდიდესი ნაკლოვანებები. კერძოდ, ის, რომ ეს არის შიგნიდან მოშლილი, მომპალი სახელმწიფო. როგორც სამხედროები ამბობენ, ისინი უკრაინისგან არ ელოდნენ ასეთ წინააღმდეგობას, ამისთვის არც იყვნენ მზად და ძალიან გაუჭირდათ ახალ რეალობაზე გადაწყობა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 9 თვის განმავლობაში ვერ აიღეს ერთი პატარა ქალაქი. როგორც იუწყებიან, ბახმუტისთვის ბრძოლაში 20 000 რუსი სამხედრო დაიღუპა. არც უკრაინის დანაკარგია მცირე, მაგრამ მსოფლიოში მეორე არმია რომ გქვია, ერთ პატარა ქალაქს ამდენ რესურსს შეალევ და შედეგსაც ვერ იღებ, ძალიან სამარცხვინოა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“რუსეთისგან რომელიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით მასშტაბურ სამხედრო შეტევას არ ველი. აშკარაა, რომ ამისთვის საკმარისი რესურსი არა აქვს. ბახმუტმა ორივე მხრიდან ძალიან დიდი სამხედრო რესურსი შეიწირა, მაგრამ უკრაინელები იმ ტიპის შეიარაღებას, რითაც იქ იბრძვიან, ყოველდღიურად იღებენ დასავლეთიდან, რუსეთის წარმოებას კი ძალიან უჭირს. უკრაინელებს სხვა გზა არა აქვთ, მათ უნდა დაიწყონ შეტევა, ვფიქრობ, ეს უკვე მალე მოხდება. გარდა ამისა, მსოფლიოს სხვადასხვა პოლიტიკურ ცენტრში ამ ომთან დაკავშირებული გარკვეული პროცესები მიდის. ეს პოლიტიკურ განცხადებებშიც ჩანს. ბოლო დროს მეტად საინტერესოა ჩინეთის პოზიცია. ეს ქვეყანა პროცესში აშკარად სულ უფრო მეტად ერთვება. სი ძინპინის საუბარი ზელენსკისთან და გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერა, რომელშიც რუსეთზე, როგორც აგრესორზეა ლაპარაკი, ბევრ რამეზე მიანიშნებს. ჩემი აზრით, რუსეთის მდგომარეობა კრიტიკულია. არც უკრაინისთვის არის მარტივი ვითარება სამხედრო თვალსაზრისით, მაგრამ მის მხარეს არის მორალური უპირატესობა და აქვს არნახული მხარდაჭერა, რაც მის უპირატესობას განაპირობებს”, - დაასკვნის რესპონდენტი.

“ნამდვილად ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა რუსეთს არ მისცეს საბაბი საქართველოში სამხედრო მოქმედებების წამოსაწყებად. ამგვარი გეგმები რუსეთს ჰქონდა როგორც საქართველოზე, ასევე მოლდოვასა და ყაზახეთზეც. უკრაინაში ომის ამგვარად განვითარების შემდგომ კრემლს ამის რესურსი თითქოს აღარ აქვს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, მათ პროვოკაციის მოწყობა და არეულობის კერის შექმნა ყოველთვის შეუძლიათ, ბოლოს და ბოლოს, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ამით არის განპირობებული სწორედ ჩვენი ხელისუფლების ეს ერთი შეხედვით გადამეტებული სიფრთხილე. ჩემი აზრით, რუსეთიდან მომდინარე საფრთხის შეფასებაში გადაჭარბებას ვერ ვხედავ, მაგრამ გეთანხმებით, რომ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაში ჩვენი ხელისუფლების ზოგი წარმომადგენლის რიტორიკა ნამდვილად არ არის მოსაწონი. საჭიროა მეტად აწონილი და დიპლომატიური პოლიტიკა. არ შეიძლება ასეთი კონფრონტაციული კილოთი საუბარი”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“თავად დასავლეთის პოლიტიკაც ზოგჯერ უცნაურია, ევროპელი პოლიტიკოსებისგანაც გვესმის განცხადებები, რომ რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში საქართველო ეხმარება, მაგრამ პარალელურად თეთრი სახლის ადმინისტრაციის შესაბამისი ბიურო გამოდის და საქართველოს ხელისუფლებას უხდის მადლობას რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებში მონაწილეობისთვის... ჩვენი ხელისუფლების ზოგიერთი ქცევა, განსაკუთრებით რიტორიკის თვალსაზრისით მიუღებელია, მაგრამ ამ კონსერვატიულ კონფერენციაში მონაწილეობა რატომ არის ასეთი პრობლემური, ცოტა გაუგებარია. დღეს მსოფლიო კონსერვატიზმი ერთგვარი რევანშისთვის ემზადება. მხოლოდ უნგრეთში შეკრებილ პირებზე არ არის ლაპარაკი. ამერიკაშიც ამ მიმართულების იდეოლოგების მთავარი ლოზუნგი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ასეთია: “ჩვენ წავაგეთ ყველა ურბანული ცენტრი, მაგრამ უნდა მოვიგოთ რეგიონები”... დღეს ამერიკის რესპუბლიკურ პარტიაში კონსერვატიული განწყობები ძალიან ძლიერია”, - ამტკიცებს მამუკა არეშიძე.

“დღეს ჩვენი საზოგადოების განწყობა არის პროევროპული. ხელისუფლება აცხადებს, რომ ევროინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის გზა და მიზანია. შესაბამისად, მოუწევს ხელისუფლებას გაითვალისწინოს იმ ევროსტრუქტურების პოზიცია, რომელშიც აპირებს საქართველო გაწევრებას. ბოლო ხანს კონსერვატიული პოზიციების დემონსტრირება ჩვენს ხელისუფლებაში ახალ ტრენდად იქცა, რასაც თავისი მიზეზები აქვს, მაგრამ, ალბათ, ბევრი თანამდევი საკითხია, რაზეც ღირს დაფიქრება. თუმცა, თუ ევროსტრუქტურებს ეს თემა ძალიან აწუხებთ, ვფიქრობ, ამას ჯერ საკუთარ რიგებში უნდა მიხედონ. ვგულისხმობ ევროკავშირის წევრ აღმოსავლეთ ევროპის რიგი ქვეყნების ლიდერებს, რომლებიც ამ რელსებზე აშკარად დადგნენ. მხოლოდ ორბანზე არა მაქვს ლაპარაკი”, - ამბობს რესპონდენტი დ შეკითხვაზე - “ლამის დღე არ გავა, არ გავიგოთ, რომ რომელიღაც შენობაში მიდის სპეცოპერაცია ქოლცენტრის აღმოსაჩენად...” - პასუხობს:

“შეუძლებელია ასეთი მასშტაბური დანაშაულის თაობაზე შესაბამის უწყებებს არ სცოდნოდათ. მიმაჩნია, რომ იცოდნენ, მაგრამ ამ კრიმინალს თავად სახელმწიფო სტრუქტურების გავლენიანი პირები მფარველობდნენ. თუ არ იცოდნენ, ეს უფრო დიდი უბედურებაა - გამოდის, სპეცსამსახურები ტყუილად გვყოლია, თუ ცხვირწინ ამხელა დანაშაულებრივ სისტემას ვერ ხედავდნენ. ჩემი აზრით, ამ სქემებში ჩართული იყვნენ ამ ხელისუფლების რიგი ჩინოსნები, რომლებიც ლობირებდნენ კრიმინალურ ბიზნესს. სწორედ მათ გამო არ მოხერხდა ამ დანაშაულებრივი სისტემის გამოაშკარავება”.

“ახლა დროა ხელისუფლებამ ძალიან აქტიურად იმოქმედოს და გამოააშკარაოს სახელმწიფო სტრუქტურებში ყველა ის ჩინოსანი, რომლებიც ქოლცენტრების საქმეში არიან ჩაბმული. მათ შორის შეიძლება იყვნენ უკვე ყოფილი სახელმწიფო მოხელეებიც. ეს უნდა გააკეთონ დროულად, სანამ შვედური თუ ბრიტანული მედია ისევე არ გაშიფრავს და გამოაქვეყნებს იმ პირთა გვარ-სახელებს, როგორც კეზერაშვილი და მისი მეგობრები გაშიფრეს. შეიძლება ეს არ იცოდნენ პრემიერ-მინისტრმა თუ პარლამენტის თავმჯდომარემ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ საქმეში ჩართული იყო არაერთი მაღალჩინოსანი. მახსოვს, ჩვენი ზოგიერთი ჟურნალისტი როგორ იდგა ხოლმე ამა თუ იმ შენობასთან და ამბობდა, აქ არის ქოლცენტრიო. თუ ახლა დარბიან ყველა შეტყობინებაზე, მაშინაც შეემოწმებინათ. როდესაც თავის დროზე საფრანგეთის სამართალდამცავებმა დააკავეს კეზერაშვილი და საქართველოდან დანაშაულის დამამტკიცებელი დოკუმენტაციის გაგზავნა მოითხოვეს, აქედან ერთი ფარატინა ქაღალდი ჩავიდა მხოლოდ, რაც იმ წყალქვეშა დინებამ განაპირობა, რომელიც ამ დანაშაულებრივ საქმიანობას დღემდე ფარავდა”, - დასძენს მამუკა არეშიძე.