ვახტანგ ძაბირაძე: “ვიცით, რომ “მეფე შიშველია” და უნდა დავრწმუნდეთ, რომ შიშველი მეფის ჩამოგდება ვისაც უნდა, ისიც შიშველი არ არის”

ვახტანგ ძაბირაძე: “ვიცით, რომ “მეფე შიშველია” და უნდა დავრწმუნდეთ, რომ შიშველი მეფის ჩამოგდება ვისაც უნდა, ისიც შიშველი არ არის”

“აირაის” გამოკითხვები მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც გვაჩვენებს ტენდენციას და არა ზუსტ მონაცემებს. კვლევის შედეგები ხშირად არ ემთხვევა არჩევნების შედეგებს. თუ ტენდენციებს გავითვალისწინებთ, გასაგებია, რომ პირველ ადგილზე იქნება “ქართული ოცნება”. ამასთან, ნათელია, რომ ოპოზიციას მაინცდამაინც დიდი მხარდაჭერა არა აქვს. ვფიქრობ, ვანო მერაბიშვილი და დავით კეზარაშვილი რომ არ გამოჩენილიყო, “ნაცმოძრაობის” სასარგებლოდ მეტი ამომრჩეველი დაფიქსირდებოდა. თუმცა უნდა ითქვას, რომ მარტში, როდესაც ეს კვლევა ჩატარდა, არც კეზერაშვილი ჩანდა აქტიურად და არც მერაბიშვილი, არც ქოლცენტრების თემა იყო გააქტიურებული... არ არის გამორიცხული, ახლა რომ ჩატარდეს კვლევა, მნიშვნელოვნად განსხვავებული სურათი მივიღოთ”, - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “დასავლელმა პარტნიორებმა არ იციან, რომელ პოლიტიკურ ძალას ან პოლიტიკოსს ენდონ”.

“ყველა დანარჩენ ოპოზიციას აქვს ამომრჩევლის პრობლემა, ანუ ბარიერის. უპირველეს ყოვლისა, ეს უნდა გაითვალისწინონ პარტიათა ხელმძღვანელებმა და წვრილი პარტიები უნდა დაჯგუფდნენ. სასურველია, არსებული პოლიტიკური ძალები 3 ნაწილად გაიყონ: “ქართული ოცნება”, “ნაციონალური მოძრაობა” და მესამე ჯგუფი, რომელიც იმ ელექტორატს მოიცავს, რომელსაც არც “ქართული ოცნება” სურს და არც “ნაციონალური მოძრაობა”. ეს იქნებოდა ყველაზე უკეთესი ვარიანტი. თეორიულად ეს ყველაფერი შესაძლებელია, პრაქტიკულად, რა მოგახსენოთ. ყველამ გავიგეთ “ქართული ოცნება” რაც არის. ვიცით, რომ “მეფე შიშველია” და უნდა დავრწმუნდეთ, რომ შიშველი მეფის ჩამოგდება ვისაც უნდა, ისიც შიშველი არ არის. “ნაციონალები” უხერხულ მდგომარეობაში იგდებენ თავს, როდესაც დემოკრატიაზე საუბრობენ. წვრილ-წვრილი პარტიები კი ინერციით აგრძელებენ ხელისუფლების კრიტიკას. ხელისუფლების კრიტიკა, რა თქმა უნდა, უნდა გააგრძელონ, მაგრამ იმაზეც უნდა ილაპარაკონ, რას გააკეთებენ თუ ხელისუფლებაში მოვლენ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

”ლელოს” იდეა “ნაციონალების” გარეშე ოპოზიციური გაერთიანების კარგია, მაგრამ როგორ მოახერხებენ ხორცის შესხმას, არ ვიცი. გასათვალისწინებელია, რომ შემდგომი არჩევნები პროპორციულია და ბლოკების შექმნა არ მოხერხდება. კიდევ ერთი პრობლემაა “ლელომ” “ნაციონალების” გარდა გახარიას პარტიასაც დაუწერა მინუსი. პოლიტიკოსებს მესამე ცენტრის შექმნაში ხელს უშლის უპირველესად პოლიტიკური კულტურის უქონლობა. მეორე მიზეზი ის არის, რომ ქვეყანაში ხელისუფლება მანამდე არ იცვლება, სანამ რევოლუციური ვითარება არ შეიქმნება. ზვიად გამსახურდიაზე აღარაფერს ვიტყვი, შევარდნაძის დროსაც ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე იდგა. ასეთივე ვითარება იყო 2012 წელსაც. მესამე პოლიტიკური ძალის შექმნა რომ გახდეს შესაძლებელი არჩევნები უნდა ჩატარდეს მშვიდ გარემოში და ქვეყანაში რევოლუციური ვითარება არ უნდა იყოს. დღეს ხელისუფლება მუდმივად მოსალოდნელ რევოლუციაზე ლაპარაკობს. ამ ნარატივთან დასაპირისპირებლად საჭიროა მაღალი პოლიტიკური კულტურა, რაც არც 30 წლის წინ გვქონდა და არც ახლა გვაქვს”, - განმარტავს რესპონდენტი.

“მე 2016 წელს ტელეეთერის საშუალებით მოვუწოდე­ ხალხს, იმ ხუთი პარტიიდან, რომლებსაც 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი ჰქონდა, ერთ-ერთისთვის მიეცა ხმა. სხვათა შორის, ამომრჩეველს დღემდე აფრთხობს “ნაცმოძრაობა”. გარწმუნებთ, თუ მომავალ არჩევნებში ისევ “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” დარჩებიან ერთმანეთის პირისპირ, ისევ “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს. ხალხს კატასტროფულად არ უნდა “ქართული ოცნება”, მაგრამ კიდევ უფრო არ უნდა “ნაცმოძრაობა”. IღI-ს ბოლოდროინდელი კვლევაც ამას ცხადყოფს. არიან ამომრჩევლები, რომლებსაც ეშინიათ, რომ მათმა მხარდაჭერილმა პატარა პარტიამ ბარიერი ვერ გადალახოს და მათი ხმები ტყუილად დაიკარგოს. შესაბამისად, ხმას ისევ “ნაციონალების” წინააღმდეგ, “ოცნებას” აძლევენ. ასეთი ამომრჩევლები ვიგულისხმე, როდესაც ვთქვი, რომ პოლიტიკური კულტურა არა გვაქვს. სანამ ამ ორ პარტიას მიღმა მესამეს არ დავინახავთ, სულ ერთ წრეზე მოგვიწევს სიარული. მე მირჩევნია ჩემი ხმა დაიკარგოს, ვიდრე “ოცნებას” ან “ნაციონალებს” წაადგეთ” - დაასკვნის პოლიტოლოგი.

“სააკაშვილის ფაქტორი ნელ-ნელა იძირება, სამაგიეროდ, მერაბიშვილი და კეზერაშვილი გამოჩნდნენ. ერთთან რეპრესიები ასოცირდება, მეორესთან - კორუფცია. “ოცნებას” მშვენივრად აქვს საქმე აწყობილი, ახლა ახალი და კიდევ უკეთესი, თანაც ორი საფრთხობელა ჰყავს. თუმცა ერთი რამ ცხადია - “ქართული ოცნება” ძალაუფლებას ვერ ახორციელებს. როგორც 2011 წელს, ძალაუფლება ახლაც ქუჩაში გდია, უბრალოდ, ამღები არავინ არ ჩანს. სხვათა შორის, ახლა მხოლოდ ჩვენ კი არა ვართ გაურკვევლობაში, არც დასავლელმა პარტნიორებმა იციან, რა უნდა გააკეთონ, რომელ პოლიტიკურ ძალას ან პოლიტიკოსს ენდონ. დასავლეთი ყოველთვის იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც ხალხი უჭერს მხარს. ჩვენ მათგან ვითხოვთ შექმნან პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც ხალხზე მერე ექნება გავლენა, ისინი კი პირიქით, ეძებენ ისეთ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც უკვე აქვს ხალხზე გავლენა. თუ დღეს-ხვალ მესამე პოლიტიკური ჯგუფი შეიქმნება, დასავლეთი აუცილებლად ითანამშრომლებს. ისიც უნდა ითქვას, რომ დასავლელი პოლიტიკოსებიც ცდებიან ხოლმე პარტნიორების შეფასებაში”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე და შეკითხვაზე - “რას გულისხმობთ?” - პასუხობს:

“იმას, რომ სააკაშვილი თავის დროზე “დემოკრატიის შუქურად” შერაცხეს. კი, ის ქარიზმატულიც იყო და ხალხის მხარდაჭერაც ჰქონდა, მაგრამ რიგითი ამომრჩევლისგან განსხვავებით, მათ დროულად უნდა განესაზღვრათ, საით მიდიოდა “დემოკრატიის შუქურა”. 2004 წლიდან უკვე ყველაფრის დანახვა გადასარევად შეიძლებოდა. დასავლელი პოლიტიკოსები ცდილობენ მოსახლეობაზეც იმუშაონ, ენჯეოებზეც, პოლიტიკური კულტურის ამაღლებაზეც, პოლიტიკურ ძალებზეც. ასეთ კონფიგურაციაში მუშაობა რთულია. საქართველოში საკონსულტაციო ჯგუფებს ხშირად თავიანთი პოლიტიკური ინტერესები აქვთ და კარგი იქნებოდა, დასავლელი პარტნიორები ამ ხალხს კრიტიკულად აფასებდნენ”...