სანდრო თვალჭრელიძე:  “დღევანდელი იუსტიციის საბჭო მართლაც კლანია და ყველაფერს გააკეთებს, რომ მომავალი ხელისუფლებისთვისაც შეუცვლელი იყოს...”

სანდრო თვალჭრელიძე:  “დღევანდელი იუსტიციის საბჭო მართლაც კლანია და ყველაფერს გააკეთებს, რომ მომავალი ხელისუფლებისთვისაც შეუცვლელი იყოს...”

“საქართველოს ხელისუფლებაში ხვდებიან, რომ აუცილებელია საქართველომ წლის ბოლომდე როგორმე მიიღოს უკრაინისა და მოლდოვის მსგავსი სტატუსი და ეს ვიზიტებიც ამით არის განპირობებული. აკეთებენ იმას, რაც მათი გადმოსახედიდან მნიშვნელოვანია. საკმარისი იქნება თუ არა, ვნახოთ... ბუნებრივია, მართლაც მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად მეტი კომუნიკაცია გვქონდეს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. ევროპაში ხედავენ, რომ გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით საქართველოს მნიშვნელობა იზრდება. სწორედ ამით აიხსნება ევროპელის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტები ჩვენს ქვეყანაში”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ახალი ნიურნბერგის პროცესი აუცილებლად შედგება და რუსეთი ყველა დანაშაულისთვის დაისჯება”.

“ჩვენი ხელისუფლება ცდილობს დაუმტკიცოს ევროპელ პოლიტიკოსებს, რომ ყველაფერს აკეთებს ევროკავშირის სტატუსის მისაღებად და მუშაობს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე. საქართველოში მეტი დემოკრატიული რეფორმის აუცილებლობაზე ლაპარაკობენ ევროკავშირის თუ ნატოს მაღალჩინოსნები. გაცილებით კრიტიკულია ცალკეული ევროპარლამენტარი, რომელთა მიმართ დელიკატურობით არც “ქართული ოცნების” ლიდერები გამოირჩევიან. პროცესი საკმაოდ რთულია, თუმცა, ვფიქრობ, ხელისუფლებაში ხვდებიან, რომ საქართველომ თუ წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, “ქართული ოცნების” საქმე ვერ იქნება კარგად. ჩემი აზრით, პოლიტიკურ ველზე ამ პროცესში წინსვლა ჩანს, შემოდგომასთან შედარებით დღეს გაცილებით უკეთესი ვითარება გვაქვს, ხელისუფლების დამხობასა და რევოლუციაზე აღარავინ ლაპარაკობს, თანაც დრო კიდევ არის, რომ უფრო მეტი ქმედითი ნაბიჯი გადადგან როგორც ხელისუფლებამ, ისე ოპოზიციამ. პოლიტიკური ნებაზეა ბევრი რამ დამოკიდებული და თუ პოლიტიკოსები ქვეყნის განვითარების პერსპექტივაზე ცოტას მაინც დაფიქრდებიან, შეუძლებელი არაფერი იქნება. გაცილებით რთულად არის სასამართლო სისტემის რეფორმირების საქმე - პირადად მე ეს მართლაც შეუსრულებელი პირობა მგონია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

“.ჩემი აზრით, იმაში, რაც ხდება სასამართლო სისტემაში, გარკვეულწილად ჩვენი დასავლელი პარტნიორების ბრალიც არის. სწორედ მათ მიერ მოთხოვნილი კოაბიტაციის გამო მოხდა ეს ერთგვარი გარიგება “ქართულ ოცნებასა” და სააკაშვილის ხელისუფლებისთვის კოჭის გამგორებელ მოსამართლეებს შორის. ასე ჩამოყალიბდა დღევანდელი იუსტიციის საბჭო, რომელიც მართლაც კლანია და ყველაფერს აკეთებს თვითგადარჩენისთვის. კლანი ნებისმიერი პატრონის მოსამსახურედ იქცევა - ეს ხალხი თავის დროზე “ნაციონალურ მოძრაობას” ემსახურებოდა, ახლა ემსახურება “ქართულ ოცნებას” და ყველაფერს გააკეთებს, რომ მომავალი ხელისუფლებისთვისაც შეუცვლელი იყოს. როცა სააკაშვილის ხელისუფლება შეიცვალა, ჯერ სრული ლუსტრაცია უნდა მომხდარიყო ამ სისტემის და მერე დაეგეგმათ ეს ვითომ რეფორმები”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ამ სისტემაში რეალურად შეცვლის ერთადერთ გზად მიმაჩნია ყველა დონეზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოტანა. მაშინ ვერავინ ვეღარ დააბრალებს სასამართლოს ვერც პოლიტიკური ინტერესების ზეგავლენით მოქმედებას, ვერც დაკვეთების შესრულებას და ვერც კორუმპირებულობას. ერთბაშად 12 კაცის მოსყიდვა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება. ეს არის ერთადერთი მექანიზმი, რომელმაც გასული საუკუნის 30-იან წლებში აშშ-ის კორუფციაში ჩაფლული იურიდიული სისტემა გადაარჩინა. ეს მექანიზმი უნდა კარგად დაიხვეწოს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გარდა, ყველგან ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ... რა თქმა უნდა, ხელისუფლებაშიც იციან, რომ ამ სისტემაში რეფორმა ფასადურადაც კი ვერ მოესწრება და გეოპოლიტიკურ ვითარებაზე აპელირებით ცდილობენ ევროპას შეახსენონ საქართველოს როლის მნიშვნელობა რეგიონში, რომ არაერთ სფეროში საქართველო უკრაინასა და მოლდოვას არათუ ჩამორჩება, უსწრებს და უსამართლობა იქნება ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთხელ თუ უთხრეს უარი. თუ ასე მოხდა, ვშიშობ, ეს ცუდი გზავნილი არ იყოს რუსეთისთვის და საქართველო კიდევ უფრო სახიფათო ვითარებაში არ აღმოჩნდეს”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“დიდი იმედი მაქვს, რომ ევროპაში გამჭრიახობა ეყოფათ. ბოლოს და ბოლოს, საერთაშორისო შეთანხმებებს დებს საქართველო და ქართველი ხალხი და არა მმართველი პარტია. მიმაჩნია, რომ მარტის აქციების შედეგად იმ ცნობილი კანონპროექტის გაწვევის შემდეგ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა ბევრად გაიზარდა, მაგრამ ვნახოთ... სამწუხაროდ, არავინ იცის, ჩვენი ხელისუფლება კიდევ რამდენ სისულელეს ჩაიდენს... მთავრობის წარმომადგენლებს არასდროს უთქვამთ, ევროკავშირი გვიბიძგებს ომისკენო, თუმცა ამას ნამდვილად აბრალებენ უკრაინას, “ნაციონალურ მოძრაობასა” და როგორ თვითონ ამბობენ, “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაახლოებულ გარკვეულ პოლიტიკურ წრეებს დასავლეთში. ამაში უფრო გულისხმობენ, როგორც ვხვდები, ევროპარლამენტში არსებულ გარკვეულ პოლიტიკურ კოალიციებს. მე ამას ვერ დავარქმევდი ხელისუფლების ანტიდასავლურ პროპაგანდას, ეს უფრო ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით წამოწყებული კამპანიაა იმის საჩვენებლად, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ქვეყანა მართლაც არ ყოფილა სამხედრო კონფლიქტში და თითქოს ისინი რომ არა, საქართველო ომში იქნებოდა ჩათრეული. ასე ცდილობენ დაარწმუნონ ამომრჩეველი, რომ მათ გარდა, ყველა “ომის პარტიაა”. გარკვეულწილად მათ ამგვარ პოლიტიკურ გზავნილებს ხელი შეუწყვეს გარკვეულმა პირებმა უკრაინიდან და “ნაციონალური მოძრაობიდანაც”, - თვლის სანდრო თვალჭრელიძე.

“აირაის” კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა ყველაზე დიდ პოლიტიკურ (87%) და ეკონომიკურ საფრთხეს (76%) რუსეთიდან ხედავს. მიუხედავად იმისა, რომ ლამის მილიონამდე ქართველი ცხოვრობს ამ ქვეყანაში და ამასთანავე, ჩვენებური მილიონერების დიდმა ნაწილმა ფული სწორედ იქ იშოვა, საქართველოს მოქალაქეებს არ უნდათ რუსეთი, მას უპირველეს მტრად განიხილავენ და ეს სწორი პოზიციაა. რამდენსაც არ უნდა ყვიროდეს ცალკეული პოლიტიკოსი, რასაც არ უნდა აცხადებდეს ეს ე.წ. "ხალხის ძალა", ამას ხალხის რეალურ პოზიციასთან არანაირი კავშირი არა აქვს. შეუძლებელია ამას ვერ ხედავდნენ "ქართულ ოცნებაში", ამიტომ ძალიან გადაჭარბებული მგონია შეფასებები, რომ თურმე ეს ხელისუფლება ქვეყანას რუსეთისკენ მიაქანებს... თუ ვერ მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ალბათ, იქნება მწვავე საპროტესტო ტალღა, დაახლოებით იმ ტიპის, როგორიც მარტში ვნახეთ. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ თითქოს საქმე ვადამდელ არჩევნებამდე მივა, მაგრამ ამის არ მჯერა. სტატუსის საქმე გაირკვევა ამ წლის ბოლოს, მომავალ წელს კი ისედაც არჩევნები გვიწევს, ჩემი აზრით, ვადამდელ არჩევნებს აზრი სრულიად ეკარგება. თუმცა, თუ ძლიერი საპროტესტო ტალღა იქნება, ალბათ, “ქართულ ოცნებაში” ბევრი რამ შეიცვლება, მათ შორის შეცვლიან ბევრ წამყვან აქტორს”, - ამტკიცებს რესპონდენტი.

“აირაის” კვლევიდან ჩანს ერთი მნიშვნელოვანი რამ - ქართველი ამომრჩევლის თითქმის 60% მთელ პოლიტიკურ სპექტრს უცხადებს უნდობლობას. ძალიან არის შემცირებული მმართველი პარტიის რეიტინგი, ოდნავ მომატებულია “ნაციონალური მოძრაობის”, დანარჩენ ოპოზიციას კი პულსი აღარ ესინჯება. მოსახლეობის ნახევარზე მეტს არავინ მოსწონს. თუ ასე გაგრძელდა, ამომრჩეველი მივა კი არჩევნებზე? ჯერჯერობით არ არის არც ერთი პარტია, რომელიც რაიმე ახალს გვთავაზობდეს. ხავსმოკიდებული რიტორიკა, გაუგებარი გადაწყვეტილებები, იდეების სრული დეფიციტი - სულ ეს არის ჩვენი პოლიტიკური სპექტრი. ერთმანეთს ეძახიან “რუსულ ოცნებასა” და “ომის პარტიას” - სულ ეს არის ამათი შემოქმედებითი აზროვნება. ცხადია, ახალი სახეები, ახლებური აზროვნება, ახალი პოლიტიკური იდეები სჭირდება შექმნილ ვითარებას, აუცილებელია ახალი ლიდერები. ასეთი ადამიანები არიან ჩვენს საზოგადოებაში, სუფთა ადამიანები, მაგრამ არა აქვთ ფინანსური რესურსი. აი, ამ მიმართულებით უნდა იფიქრონ ჩვენმა პარტნიორებმა. ვფიქრობ, მათ უნდა მოახერხონ და წაახალისონ ახალი ლიდერების გამოჩენა ჩვენს პოლიტიკურ არენაზე”, - დაასკვნის თვალჭრელიძე და შეკითხვაზე - “2008 წლის ომის სარჩელზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს საქართველოსთვის კომპენსაციად 129 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა”... - პასუხობს:

“ეს არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და იდეოლოგიური გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე რუსეთი არაფრის გადამხდელი არ არის, მაგრამ ეს სამომავლოდ დაედება ვალად და გადახდა მაინც მოუწევს. როცა რუსეთში დადგება პოსტპუტინური პერიოდი, აი, მაშინ გადაგვიხდიან ისევე, როგორც უკრაინის ინფრასტრუქტურის განადგურებისა და ომის დანაშაულებისთვის გადაიხდიან დიდ ფასს. ეს რუსეთს აუცილებლად მოუწევს ისევე, როგორც გერმანიას მოუწია. აუცილებლად შედგება ახალი ნიურნბერგის პროცესი და რუსეთი ყველა დანაშაულისთვის დაისჯება”.