როგორც ჩანს, საქართველოს ახლო და შორეული მეზობლები საკუთარი აგროწარმოების დაცვაზე გადაერთნენ და მკაცრი შეზღუდვები დააწესეს. სხვათა შორის, მეწარმეთა ერთი ნაწილი იგივეს ითხოვს ჩვენს ქვეყანაშიც.
თურქეთი მაისიდან ხორბლის, სიმინდისა და ქერის იმპორტზე 130%-იან გადასახადს დააწესებს. პარალელურად, ევროკომისია უკრაინიდან მზესუმზირის ზეთის იმპორტის აკრძალვას დათანხმდა, თუმცა ამ პროდუქტის ტრანზიტი დაშვებული იქნება.
მანამდე ევროკომისია ხორბლის, სიმინდის, რაფსისა და მზესუმზირის აკრძალვას დათანხმდა. ასევე, რუსული ხორბლის ექსპორტი აკრძალა ყაზახეთმა.
ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა აცხადებს, რომ ეს არის ის ნაბიჯები, რასაც ქართველი მეხორბლეები და ხორბლის იმპორტიორები 2 წელია ითხოვენ ხელისუფლებისგან.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროპის პრაქტიკა გახდება მაგალითი ჩვენი ხელისუფლების გადაწყვეტილებისთვის. ჩვენ, ხშირად გვესმოდა, რომ გვაქვს ორმხრივი ხელშეკრულებები და ვალდებულებები, მათ შორის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან გვაქვს ვალდებულება და ამის გამო არ შეგვიძლია მექანიზმების ამუშავება, ყოველთვის იყო ამაზე საუბარი და უცებ გაჩნდა სხვაგვარი მიდგომაც.
ევროკავშირი, თურქეთი და ყაზახეთი, რომლებმაც შეზღუდვები დააწესეს, მაგალითებია იმისა, რომ ქვეყნები პირველ რიგში და ხარისხში საკუთარ წარმოებას და საკუთარი ფერმერების ინტერესებს აყენებენ. ეს არის საკმაოდ მოქნილი მექანიზმები. რასაც ჩვენ 2 წელია ვითხოვთ, რიგმა ქვეყნებმა თვე, თვენახევარში გადაწყვიტეს. იმიტომ, რომ პრობლემა გაუჩნდათ. საერთაშორისო ორგანიზაციებთან უფრო აქტიური მუშაობაა საჭირო იმისთვის, რომ გადაიჭრას არა მხოლოდ წისქვილკომბინატებთან დაკავშირებული პრობლემა, არამედ ფერმერებთანაც, რომელიც უკვე სასურსათო უსაფრთხოებასთანაა კავშირში“, - განაცხადა გადაცემა „საქმეში“ სილაგავამ.
რამდენიმე დღის წინ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში შეტანილ ხორბალზე, სიმინდსა და ქერზე ნულოვანი საბაჟო გადასახადი 1-ლი მაისიდან მოქმედებას შეწყვეტს და ეს საქონელი 130%-იანი გადასახადით დაიბეგრება.
გამონაკლისი დაშვებულია სინგაპურისთვის, რომლიდანაც თურქეთში ამ პროდუქციის ნაწილის შეტანა 16,2%-იანი გადასახადით იქნება შესაძლებელია, ხოლო ბოსნია და ჰერცეგოვინაზე ნულოვანი ბაჟი დარჩება ძალაში.
კოვიდპანდემიამდე იმპორტის გადასახადი ხორბალზე 45%-ს, ქერზე 35%-ს, ხოლო სიმინდზე 25%-ს შეადგენდა. თუმცა 2020 წლის ოქტომბერში, პანდემიის დაწყებისთანავე თურქეთმა ეს გადასახადები ჯერ შეამცირა, შემდეგ კი საერთოდ გაანულა.
მეხორბლეთა ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ ეს ყველაფერი კეთდება ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერისთვის. ორგანიზაცია საქართველოს მთავრობისგანაც იგივეს ითხოვს.
„თურქეთი ამ ყველაფერს აკეთებს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერისთვის. 130%-იან საბაჟო გადასახადს აწესებს პროდუქციაზე, რომელიც შიგნით რჩება, მაგრამ თუ ის ექსპორტზე გავა უკვე გადამუშავებულზე, ანუ ფქვილზე კვლავ ანულებს ბაჟს. ამით ის ახალისებს ექსპორტს. ყველა ქვეყანა ფიქრობს თავისი წარმოების განვითარებაზე, მით უფრო გლობალური გამოწვევებისა და ომის ფონზე. ფაქტობრივად, ეს არის, რასაც ითხოვს მემარცვლეთა ასოციაცია და ეს არის, რასაც ვითხოვთ ჩვენ - საქართველომ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, ამ ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე.
დადგა ევროპის მაგალითი, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებმა ვალდებულებების მიუხედავად შეცვალეს გადაწყვეტილებები და ამას დაეთანხმა ევროკომისია. ჩვენის მხრივ, მოწოდებაა საქართველოს მთავრობის მიმართ, რომ იმუშაონ, მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, ისევე როგორც ამას აკეთებს ევროკავშირის ქვეყნები, ან თურქეთი“, - აცხადებენ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში.
ევროკომისია უკრაინიდან მზესუმზირის ზეთის იმპორტის აკრძალვას რამდენიმე დღის წინ დათანხმდა, მანამდე კი ხორბლის, სიმინდის, რაფსისა და მზესუმზირის შეტანა აკრძალა. ამ ხუთის გარდა, სიაში შესატანად ამზადებენ ფქვილს, თაფლს, შაქარს, კვერცხს, ხორცს (განსაკუთრებით ფრინველისას), რძესა და რძის პროდუქტებს, ასევე ვაშლის წვენსა და კონცენტრატებს.
იმპორტირებული ხორბლის დაბეგვრა კი აქაური მეხორბლეების ინტერესია, რომელთა მარცვლეულის მოსავალი მესამედზეც კი ვერ აკმაყოფილებს ქვეყანას.
იმპორტირებული ხორბლის ბეგარის გაზრდა იმიტომ უნდათ აქაურ მეხორბლეებს, რომ თვითონაც გაზარდონ ფასი. სულ ესაა.
არა, ბიჭო და სულ ქვეყნის მოსახლეობის ინტერესებზე ზრუნავენ.