გიორგი კობერიძე: “პარტნიორები ერთმანეთთან სანქციებით არ საუბრობენ, მაგრამ...”

გიორგი კობერიძე: “პარტნიორები ერთმანეთთან სანქციებით არ საუბრობენ, მაგრამ...”

“ეს არის აშშ-ის კონკრეტული პოლიტიკური აქტი, რომელიც საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებში გაჩენილი ბზარის შედეგია. ვიყოთ ობიექტური და ვაღიაროთ, რომ წლების განმავლობაში ქართული დემოკრატიისთვის სასამართლო სისტემა კვლავ აქილევსის ქუსლია. ეს არ არის მხოლოდ დღევანდელი რეალობის პრობლემა, ის არსებობდა ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მოყოლებული. ამერიკა წინა თუ დღევანდელ ხელისუფლებას მუდმივად მიუთითებდა სასამართლო სისტემის რეფორმირებაზე. მუდმივად იყო ლაპარაკი, რომ მოსამართლეების დანიშვნის წესისთვის უნდა გადაეხედათ”, - აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერიუში, სათაურით “პარტნიორები ერთმანეთთან სანქციებით არ საუბრობენ, მაგრამ...”

“ვიღაცამ შეიძლება თქვას, რა ესაქმება ამერიკას საქართველოს შიდა საქმეებშიო, მაგრამ ამ 20 წლის განმავლობაში საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის ამერიკას დიდძალი ინვესტიცია აქვს ჩადებული. იგულისხმება არა მარტო დაფინანსება, არამედ უამრავი სხვა რამ, მაგალითად, გამოცდილების გაზიარება, საჯარო მოხელეების გადამზადება, უმნიშვნელოვანესი სასწავლო პროგრამები... ბოლოს და ბოლოს, ამერიკა საქართველოს განიხილავდა მოკავშირედ და დემოკრატიის დასაყრდენად კავკასიაში. აქედან გამომდინარე, ის ანტიდასავლური რიტორიკა, რაც არა მარტო სასამართლოს უკავშირდებოდა, სრულიად მიუღებელი გახდა არა მარტო აშშ-ისთვის, არამედ ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვისაც. შექმნილ ვითარებას ორი მხარე აქვს; ერთია სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები, რომელსაც მარტო ამერიკელები კი არა, უპირველესად ქართველი მოსახლეობა გრძნობდა, მეორე კი ის პოლიტიკური პროცესები, რაც ბოლო ხანს ხელისუფლებისგან ვიხილეთ და რაც აშკარად აშშ-სთან დაპირისპირება იყო - ირიბად თუ პირდაპირ მიანიშნებდნენ, რომ თურმე ე.წ. ომის პარტიასთან კავშირი ჰქონდა მთლიანად ამერიკას თუ მის წარმომადგენლებს, სულ ცოტა, რამდენიმე სენატორს მაინც”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კობერიძე.

“ამ ძალიან ნეგატიურმა პროცესებმა განაპირობა ბზარის გაჩენა ურთიერთობაში, ხიდჩატეხილობა, რომელსაც წინ უძღოდა საქართველოს არაერთი შეუსრულებელი დაპირება. გასაოცარი იყო ხელისუფლების წევრების ენის მოჩლექით საუბარი რუსეთთან და იმავდროულად, დიდგულა და შეურაცხმყოფელი განცხადებებიც სტრატეგიული პარტნიორის შესახებ. მოკლედ, ამ პროცესების ლოგიკური შედეგია ის, რაც მივიღეთ. ჩემი აზრით, მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესება უპირველესად ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის განწყობის გაგრძელებაა. ისიც კი, ვინც ხელისუფლების მომხრეა, დიდწილად დარწმუნებულია, რომ სასამართლო სისტემა არაჯანსაღად, პოლიტიკური ზეგავლენების მიხედვით იმართება. ეს არ არის ახალი ამბავი, ასეთივე განწყობა იყო წინა ხელისუფლების დროსაც და ასეთივეა ახლაც. ამ ხელისუფლებამ სააკაშვილის ხელისუფლების ყველაზე ოდიოზური მოსამართლეები გადმოიბარა. ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივი გამოკითხვა ცხადყოფდა, რომ ჩვენს საზოგადოებაში სასამართლოს რეიტინგი უკიდურესად დაბალია, რომ სასამართლოს, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუციის, სანდოობა არ არსებობს. გვარებით იყო დასახელებული სასამართლოს სხვადასხვა კლანური წარმომადგენლობა. დარწმუნებული ვარ, ოფიციალურმა ვაშინგტონმა ეს გადაწყვეტილება სწორედ საზოგადოებრივ განწყობებზე დაკვირვებით მიიღო”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ეს არის პოლიტიკური აქტი, რასაც შესაძლოა სხვა ჩვენთვის არასახარბიელო გადაწყვეტილებებიც მოჰყვეს. სანქციებს არავინ განიხილავს პანაცეად და არ ელის, რომ მათი დაწესების შემდეგ ყველაფერი მყისიერად გამოსწორდება. სანქციები საფეხურებრივი და გრძელვადიანი პროცესია. გავიხსენოთ, როგორ ხდებოდა რუსეთში, ირანში თუ ჩრდილოეთ კორეაში. დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება, ბოლოს და ბოლოს, დაფიქრდება, გააანალიზებს პრობლემას და ადეკვატურად მოიქცევა. ჯერჯერობით, როგორც ქალბატონმა ელჩმა კელი დეგნანმაც ბრძანა, მათ ძალიან ემოციურად მიიღეს ეს სანქციები და არასერიოზული და, ცოტა არ იყოს, ბავშვური განცხადებებიც კი გააკეთეს, რაც სახელმწიფოს პარტნიორს არ ეკადრება. თუ ვინმე იტყვის, რომ პარტნიორები ერთმანეთში სანქციებით არ საუბრობენო, დავეთანხმები, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ გატეხილი პირობებისა და არაერთი “გადაგდების” შემდეგ, აშშ-ს, ფაქტობრივად, სხვა გზა აღარ დაუტოვა. ჩემი აზრით, ხელისუფლებაში კი გაბრაზდნენ, მაგრამ ეს გადაწყვეტილება დიდად მოულოდნელი არ ყოფილა”, - მიიჩნევს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი.

“მათ განცხადებებში დასავლეთისა და აშშ-ის ნეგატიურად მოხსენიება იშვიათი არ ყოფილა. ბოლო დროს მიზანმიმართულად ნერგავდნენ ამ რიტორიკას და წესით, შედეგიც უნდა გაეთვალათ... რაც უფრო დიდი ხანი გავა და გაჭიანურდება პროცესები, უფრო რთული იქნება ისეთი რამის გაკეთება, რასაც დადებითი შედეგი მოჰყვება. თუ გავიდა 6 თვე და არაფერი შეიცვალა ხელისუფლების მოქმედებებში, დარჩა იგივე რიტორიკა, ვერ გამოვრიცხავთ, რომ დასავლეთმა სანქციები გაზარდოს. ვგულისხმობ პერსონალურ სანქციებს. ახლა ყველაზე ჯანსაღი და მარტივი ნაბიჯი შეიძლება იყოს სანქცირებული მოსამართლეების სასამართლო სისტემიდან ჩამოშორება, მათი საქმეების საჯარო სივრცეში გამოტანა და შესწავლა. თუ ხელისუფლებას სურს საკუთარი თავის გაჯანსაღება, მაშინ ეს უნდა გააკეთოს. ეს პროცესი ორმხრივი უნდა იყოს: საშინაო და საგარეო. საგარეო თვალსაზრისით, ბევრად უფრო რთული იქნება გაჯანსაღება, ქვეყანაშიც სულ უფრო ეწურება ხელისუფლებას იმის რესურსი, რომ ძლიერი პოზიცია დაიბრუნოს როგორც ჯანსაღმა და ფუნქციონირებადმა სისტემამ. ბოლოს და ბოლოს, ჩვენმა პოლიტიკურმა ელიტამ, ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც, უნდა შეძლოს და აღიაროს შეცდომები”, - თვლის გიორგი კობერიძე.

“დიახ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადაამეტეს ბევრ შემთხვევაში და მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა. სასამართლო სისტემიდან ერთი ან ორი კაცის წასვლა ხელისუფლების სანდოობას ვერ გაზრდის, უფრო სხვა, ღრმა და სერიოზული პროცესებია საჭირო, რაც შეცდომების აღიარებით უნდა დაიწყოს. უნდა დაისაჯონ ის პირები, რომელთა ქმედებებმაც ეს შეცდომები განაპირობა. ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ქმედითი ნაბიჯი. სანქციები არის პოლიტიკური აქტი და არა სამართლებრივი სასჯელი. მტკიცებულებების წარმოდგენის ვალდებულება ნამდვილად არა აქვს სახელმწიფო დეპარტამენტს, მაგრამ თუ საჭიროდ მიიჩნევს, ვფიქრობ, არც ეგ გაუჭირდება. სავარაუდოდ, დაინდობენ ჩვენი ხელისუფლების იმიჯს და ამას საჯაროდ არ გააკეთებენ, მაგრამ კულუარულად ამ მტკიცებულებებს გაუზიარებენ, თუ, რა თქმა უნდა, საჭიროდ მიიჩნევენ”, ამბობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ბევრი თემა გვაქვს, მათ შორის სატელეფონო საუბრებში რას ითხოვდნენ ჩვენგან, ამიტომ მინდა ყველას მოვუწოდო, დაიცვან წესები”, - განაცხადა `ქართული ოცნების~ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. დაახლოებით ამგვარი რამ გაიმეორა ერთ-ერთმა სანქცირებულმა მოსამართლემაც...” - პასუხობს:

“ეს განცხადებები აშკარად შეიცავს შანტაჟის ნიშნებს. დიპლომატიურ კორპუსთან შანტაჟით ლაპარაკი 1961 წლის ვენის კონვენციის დარღვევაა. ეს ძალიან დიდი პრობლემაა და აჩენს ძალიან ბევრ ეჭვს იმ სახელმწიფოზე, რომელიც ასე საუბრობს. იმედია, ამგვარი რიტორიკა შეწყდება”.

“საქართველოს ომში ჩართვაზე ლაპარაკი ძირშივე მცდარია. ამერიკისა და ევროპისთვის რეგიონში, მათ შორის საქართველოში, მშვიდობა უმნიშვნელოვანესია, შესაბამისად, ჰიპოთეზურადაც კი წარმოუდგენელია იმის დაშვება, რომ მათ აქ ომის გაჩაღება სურთ. გარდა ამისა, დასავლეთმა იმდენად დიდი თანხა ჩადო საქართველოს ინსტიტუციებსა და დემოკრატიული პროცესის განვითარებაში, ნგრევა ნამდვილად არ აწყობს. ამდენი მილიარდი იმიტომ კი არ ჩაყარეს, რომ აქ ახლა ომი გააჩაღონ. ომი დღეს არც დასავლეთის, არც საქართველოს და სავარაუდოდ, არც რუსეთის ინტერესშია. მას თავისი უდიდესი პრობლემები აქვს უკრაინაში. ამიტომაც ამგვარი დადანაშაულება პოლიტიკურადაც და იდეურადაც წარმოუდგენლად მცდარია და ემსახურება რუსეთის პროპაგანდის გაგრძელებას, რომ თურმე “ომის და ძალადობის პარტია არის დასავლეთი”, და ასევე ემსახურება ხალხის დაშინებას. მათი გზავნილი ასეთია: თუ “ქართული ოცნება” არ იქნება ხელისუფლებაში, ომი იქნებაო”, - დასძენს გიორგი კობერიძე.

არაგველი641 გიორგი კობერიძეს მე არ ვიცნობ, მაგრამ ეგრევე ეტყობა< რომ "ქალბატონი ელჩის" გოშიაა და მისი დაფინანსებით ივსებს კუჭს. ნეტა როდის შეძვრებიან სოროში ამ კობერიძისნაირები?
1 წლის უკან
Maverick არ გეთანხმები, ლიბერასტობის სურნელს აფრქვევთ!

გამოდის, რომ ამერიკის საელჩო, რიგი კონგრესმენი, სენატორი სტრატეგიული მეგობრები საქართველოს კეთილდღეობისთვის ზრუნავენ როდესაც პოლიტიკურ მითითებებს აჟღერებენ, გვტენიან ლომჯარიებს, მათი მოქალაქეები ტრენინგებს უტარებენ, წვრთნიან ახალგაზრდა ნეო ფაშისტებს, ანარქისტებს, დაუფარავად უჭერენ მხარს ნაც-ბოზ-ბანდიტ პარტიის ნეო-ბოლშევიკურ, ნეოფაშისტურ, ინკვიზიტორულ მიდრეკილებებს, დიქტატორი სააკაშვილის დამცველებს, მიშმაკ ნა(ლუ)ციფერს რომელმაც უკვდავ კაშეის აჯობა რომელსაც კვერჩხში ქონდა საბედისწერო ნემსი ცხოველთა კუჭში და ფრინველთა კვერცხში დამალული.

არ გვინდა და არც მოვიყვანთ ხელისუფლების სათავეში სააკაშვილს, მის დამქაშებს, თავის სატელიტებს!

გაიგეთ, რომ გასული საუკუნის 90-ნი წლები არასოდეს გამეორდება!

ქართველ ერს დიდი გამოცდელება აქვს დამპყრობლებთან, კოლონიზატორებთან, ცკ-ის მდივნობით დამთავრებული და დასავლეთის არაადეკვატური "ზრუნვების" მიმართ, ამგვარი "ზრუნვების" ამოცნობისგან საუკუნეების განმავლობაში ჩამოუყალიბდა მყარი იმუნიტეტი!

ასე, რომ ბატონო კობერიძევ, თქვენი შეგონება ცალმხრივია, "მწვადს წვავთ, ხოლო შამფურს ინახავთ"!

რისთვის ინახავთ?!

არ გეგონოთ ოცნებისტი ვიყო!

მათ თავისი ცოდვები აქვთ და განისჯებიან!
1 წლის უკან