"თუშეთის აეროპორტში ათევდა ღამეს, ისეთ "ლეჟანკაზე" იწვა, რომელიც ჩაწყდა და ჩავარდა კიდეც ქვეყნის პირველი პირი!" - როგორ  შეუნარჩუნა ვასილ მჟავანაძემ თუშეთი საქართველოს

"მისი ბრძანებით ღამე აიტანეს გენერატორები და მოსკოვის საკონტროლო თვითმფრინავი რომ გადმოფრინდა, ყველა სოფელი გადანათებული იყო“

„ეს ამბავი 1964 წელს მოხდა. როგორც იცით, თუშეთი კავკასიონის ქედზე მდებარეობს და დაღესტანი ესაზღვრება. სწორედ დაღესტანს უნდოდა ჩვენი მიწები მათ მფლობელობაში გადასულიყო და თუშეთი მათი სასაძოვრე მიწა ყოფილიყო...

რასულ ჰამზათის ძე ჰამზათოვი (დაბ. 8 სექტემბერი, 1923, სოფელი წადა, ხუნძარის რაიონი, დაღესტანი - გარდაცვ. 3 ნოემბერი, 2003, მოსკოვი), დაღესტნის გამოჩენილი და დამსახურებული პოეტი, პირველი მათგანი იყო, ვინც სურვილი გამოთქვა თუშეთის მითვისებაზე და ეს ხრუშჩოვის ყურამდე მიიტანა, - თუშეთში ხალხი არ ცხოვრობს, მიწები უქმადაა და შეგვიძლია საძოვრებად გამოვიყენოთო. ყველაფერი მოგვარებული იყო და უკვე იმედიც აღარ არსებობდა მისი შენარჩუნების. საქმე ის არის, რომ თუშეთში ელექტროენერგია არ იყო, ამიტომ ზამთარში ადგილობრივები ალვანში ჩამოდიოდნენ და ზაფხულში უკან ბრუნდებოდნენ, გარდა იმ რამდენიმე ოჯახისა, რომელიც მუდამ იქ ცხოვრობდა. შესაბამისად, გამზათოვის არგუმენტი, რომ მოსახლეობა არაა და თუშეთი ცარიელია, გამყარდებოდა.

ვასილ მჟავანაძე (სსკპ პირველი მდივანი) და კოსტა ჯამლურიძე (იმხანად ახმეტის რაიკომის მეორე მდივანი), სასწრაფოდ ავიდნენ მთაში ვითარების გასაცნობად. ცხენით სეირნობდნენ, როდესაც ვასილი ჩამოვიდა ცხენიდან, მიწას ემთხვია და თქვა:

"ეს არის სამოთხე და ბედნიერი კაცი ვარ, რომ სიცოცხლეშივე ვეზიარე. თუ წაგვართვეს, ესე იგი, ღირსნი არ ვყოფილვართ ამ სამოთხის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, ჩემო კოსტა, რომ ეს არ დავუშვათ!"

სწორედ კოსტამ და ვასილ მჟავანაძემ მოილაპარაკეს, რომ ,,დვიჟოკები" აეტანათ (იმ პერიოდში თუშეთში საავტომობილო გზა არ მიდიოდა ანუ ბენზოგენერატორების ატანა არცთუ ისე იოლი საქმე იყო, საჰაერო გზით) და თუშეთის ძირითადი სოფლები გაენათებინათ, რადგან ინფორმაცია ჰქონდათ, რომ აპირებდნენ ვერტმფრენებით გადაეფრინათ და დარწმუნებულიყვნენ გამზათოვის სიტყვებში.

ასეც მოიქცნენ და თუშეთი გაანათეს...

არ შემცდარან და მათ მართლაც გადმოიფრინეს ვერტმფრენებით და დარწმუნდნენ, რომ თუშეთში ხალხი ცხოვრობს.

უნდა აღინიშნოს კონსტანტინე ჯამლურიძის უდიდესი დამსახურება ელდარის საძოვრებთან დაკავშირებით. ისტორიულად, თუშები ცხვარს აძოვებდნენ და ამ ტერიტორიებისთვის იბრძოდნენ. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში - ჯერ ალვანის მეურნეობის დირექტორად და შემდგომ - საქართველოს მეცხოველეობის ტრესტის მმართველად (1969-1991) ყოფნისას მოხდა ელდარში (კასრისწყალი) ქართული მოსახლეობის გამაგრება და საძოვრების სრულყოფილად ათვისება, მანამდე იქ აზერბაიჯანელი მოსახლეობა სჭარბობდა" (წყარო - მემატიანე.ჯი).

ამ თემაზე გვესაუბრება ეთნოლოგი, ომალოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დამაარსებელი ნუგზარ იდოიძე:

- მაშინ 11 წლის გახლდით, თუშეთში ვცხოვრობდი... მახსოვს, ამ საკითხთან დაკავშირებით ვასილ მჟავანაძე თუშეთში კომისიის თანხლებით ამოვიდა, რადგან საკითხი ისე იდგა, დაღესტნელები ითხოვდნენ თუშეთის მიწებს საძოვრებად. იმ პერიოდში მოსახლეობა თითქმის ჩამოსახლებული იყო და მთავრობამ ტერიტორია საძოვრებად გამოაცხადა. მოგეხსენებათ, კოლექტივები რომ გააუქმეს, ძალიან ცოტა ოჯახი იყო დარჩენილი, ისიც, მხოლოდ ზაფხულობით ჩამოდიოდნენ. ეს იყო მიზეზი, რომ მთელ თუშეთს საძოვრების სტატუსი მიეცა და ხმამაღალი ნათქვამი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ეს ღალატის ტოლფასი იყო ამ კუთხის ისტორიისთვის, კულტურისა და ეკოლოგიისთვის.

- რომელ წელს მოხდა თუშეთის საძოვრებად გამოცხადება?

- თუშეთში კოლექტივების გაუქმება 1959 წელს მოხდა... სწორედ მაშინ მოითხოვეს დაღესტნელებმა, თუშეთის ტერიტორიები ჩვენ მოგვეცითო და მაგიტომაც ამოვიდა ვასილ მჟავანაძე მთელი თავისი ბიუროს თანხლებით. მე მისი ვიზიტი ასე მკაფიოდ იმიტომ მახსოვს, რომ მონაწილეობაც კი მივიღე რაღაც კუთხით:

როდესაც ეს ხალხი შენაქოსკენ გადავიდა, ჩამოსულ პიროვნებათაგან ერთ-ერთი მათ ჩამორჩა. ვასილ მჟავანაძე ჯარში კავალერისტი იყო, კარგი მხედარი, მათ ცხენებით ჩამოიარეს და წავიდნენ. დაახლოებით, ნახევარი საათის შემდეგ კი ერთ-ერთმა ჩამოსულმა ჩამოიარა, რომელიც ცხენს მოუძღვებოდა. მან იქვე მყოფ ბავშვებს გვთხოვა, შენაქოსკენ მიმავალ მთავრობას დამაწიეთო... სურვილი გამოვთქვი, მე გავყვები-მეთქი... მახსოვს, მის ცხენზე წინ მე შევჯექი, ეს კაცი უკან იჯდა და შენაქოს ასასვლელში რომ ავედით, მთავრობის წევრები უკვე იშლებოდნენ და დართლოსკენ მიდიოდნენ... (შენაქოში დასასვენებლად იყვნენ შეჩერებული). მამაჩემიც სამთავრობო ჯგუფთან იყო, იგი ომალოში მუშაობდა და მათ ეხმარებოდა... ჩვენ რომ მივედით, მამაჩემი ამ ჯგუფს გამოეყო, ცხენი გამომართვა და ამ კაცმა კი ძალიან დიდი მადლობა გადამიხადა, ჩაიწერა კიდეც ჩემი ვინაობა, შემდეგში შენი სიკეთე რომ არ დამავიწყდესო. დღემდე არ ვიცი, ვინ იყო, ბავშვი ვიყავი და გულწრფელად გითხრათ, არც დავინტერესებულვარ, მეკითხა.

- თუ გახსოვთ, მსჯელობა რის შესახებ მიმდინარეობდა?

- ვასილ მჟავანაძე კომისიასთან ერთად ამოვიდა თუშეთში და სამი დღით დარჩა... საუბარში მან თქვა, რომ ახლა ელექტროგენერატორებს გამოგიგზავნით, შენაქოში, ომალოში და დართლოში მოაწყვეთ, სოფლები განათებული იყოს, თვითმფრინავიდან ჩანდეს, რომ აქ ხალხი ცხოვრობსო… მართლაც ამოიტანეს გენერატორები, საწვავი. მახსოვს ის პერიოდი, როდესაც სოფლები განათდა, ხიდებიც გაკეთდა ალაზანზე... ვასილ მჟავანაძე შემდგომშიც ამოდიოდა თუშეთში, მაგრამ მერე უფრო ცოტა ხალხი ახლდა, ხან ერთი კაცი, ხან - ორი... სახალხო კაცი იყო და ძალიან უბრალოდ ცხოვრობდა.

- მას კიდევ შეხვდით?

- შემდეგ მისმა ქალიშვილმა წიგნები გამოსცა და თუშეთში მამამისის ვიზიტის შესახებ ინფორმაციის შეკრებაში ვეხმარებოდი... სად რა მარშრუტით გადაადგილდებოდა, ვის რა უთხრა... წიგნზე რომ მუშაობდა, სახლში მიმიწვია და ვესტუმრე. მახსოვს, საჩუქრად ხატები გამომატანა, მათ შორის - წმინდა გიორგის ხატი.

- შვილმა როგორი შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე?

- ძალიან უბრალო და ეროვნული ადამიანები იყვნენ... წარმოიდგინეთ, რომ არა ვასილ მჟავანაძის ეს ნაბიჯი, დღეს თუშეთი აღარ იქნებოდა და დაღესტანს საძოვრებად მიუერთდებოდა ეს ტერიტორია... მახსოვს მისი აღფრთოვანება, ეს რა კუთხე გვქონიაო.

დაცული ტერიტორიები რომ შეიქმნა, სატყეოს უფროსმა აბანოს უღელტეხილზე გადმოაცილა და მჟავანაძემ მას მაჯის საათი აჩუქა... თუშეთში სულ მამაჩემი მასპინძლობდა, ღამე დარაჯად იდგა, სადაც ის ღამეს ათევდა. მამაჩემი ჰყვებოდა, აეროპორტის შენობაში "ლეჟანკა" იყო გაშლილი, ამ "ლეჟანკაზე" იწვა, ერთხელ ჩაწყდა კიდეც და ჩავარდაო... მამაჩემს ეძახდა თურმე, არიქა, შემოდი, მიშველეო... მამამ თქვა, რომ შევედი, ძირს იყო ჩავარდნილი, თან ძალიან იცინოდა, ძლივს ამოვიყვანეო.

აი, ამდენად უბრალო ადამიანი იყო ქვეყნის პირველი პირი!

საბჭოს თავმჯდომარე იყო შენაქოელი, გვარად - კურდღელაიძე, მასაც ახსოვდა ეს ამბავი და ჰყვებოდა, შენაქოში რომ შესულან, მჟავანაძეს წყალი მოუთხოვია და უხუცესებს უთქვამთ, ლუდს დაგალევინებთო... მართლაც ჯიხვის თასებით გამოუტანეს და დაალევინეს. უხუცესებს უთქვამთ, ერეკლე მეორის შემდეგ პირველი მეფე შენ ხარ, ვინც თუშეთში მოვიდაო. ვასილ მჟავანაძე თურმე შეცბა და უთქვამს, მე მეფე არ ვარო... მოხუც კაცს უთქვამს, ამდენი ხალხი გახლავს, რასაც იტყვი იმას აკეთებენ და მეფე ხარ, აბა, რაო...

თუშები ძალიან მადლიერი ვართ და ვასილ მჟავანაძე გამორჩეულად გვიყვარდა კიდეც.

ელდარ ბუკვაიძე:

- იმ დროს თუშეთში შვებულებით ვიმყოფებოდი და ყველაფერი ძალიან თვალნათლივ მახსოვს... 1963 წლის ზაფხულში თუშეთში, შენაქოში ვასილ მჟავანაძე პაატა ინაურთან და რამდენიმე კორესპონდენტთან ერთად ამოვიდა... იქ იკითხა, ეს ტყეები ვინ გააშენაო... უთხრეს, ეს ბუნებრივად არის გაშენებული, მაგრამ ალაზნის გაღმა რაც ტყეებია, უკვე გათხელდა, მთლიანი მასალა დაღესტანს გააქვს, უკონტროლოდ ჭრიანო. ხელშეკრულება კი არის დადებული რესპუბლიკასთან, მაგრამ კონტროლი არ არის, რასაც ასწრებენ, ჭრიან და მიაქვთო... ვასილ მჟავანაძემ თქვა, არ ვიცოდი, ამხელა სიმდიდრის პატრონი თუ ვიყავით, ახლა წავალ და ერთი კვირის მერე აქ კაციშვილი აღარ იქნება ხეების გამჭრელიო... ისიც დასძინა, მე ალბათ ცოცხალი აღარ ვიქნები, დრო მოვა, თუშეთში სამანქანე გზაც შემოვა და ტყესაც ადგილობრივი ხალხი მოიხმარსო... მართლაც, რომ წავიდა, ორი კვირის შემდეგ დაღესტნის ბრიგადები ტყიდან სულ გაიკრიფნენ. მათ ტყე არ აქვთ და ყველაფერი აქედან გაჰქონდათ, მაგრამ იმის შემდეგ, ტყეში ხე აღარ მოჭრილა და იქ ამჯერად ეროვნული პარკის ტერიტორიაა.

დაღესტანი ჩიოდა, თუშები მაინც მიდიან, ზამთარში იქ აღარავინ რჩება, ჩვენ სახნავები, ტყე არ გვაქვს, მთებში გაჭირვებით ვცხოვრობთ მიუვალ ადგილებში და საცხოვრებლად გადმოვალთო... მაშინ საბჭოთა კავშირი იყო და რუსეთი ამ წინადადებას თავისთავად დასთანხმდებოდა.

მჟავანაძემ წარმოუდგენელი რამ შეძლო.

სასწრაფოდ ამოატანინა დიზელის ძრავები, ყველა სოფელში დადგეს, დენი სასწრაფოდ გაიყვანეს და ღამე საკონტროლო თვითმფრინავი რომ გადმოფრინდა, ყველა სოფელი გადანათებული იყო... ისე კი, იქ ვერავინ ამოვიდოდა, მოგეხსენებათ, ზამთარში თუშეთში როგორი დიდთოვლობაა... ამ დროს სოფლებში ერთი, ან ორი ადამიანი თუ იყო დარჩენილი, მაგრამ ისე იყო განათებული, იფიქრებდნენ, მოსახლეობა კვლავაც იქ იყო.

ვასილ მჟავანაძემ ასე გადაარჩინა თუშეთი და საქართველოც...