გია სურამელაშვილს ინტერვიუსთვის იმ რესტორანში მივაკითხე, სადაც მღერის. იქ მისული დაცვამ "გადამამოწმა", ჩემი მონაცემები ჩაიწერა და ამის შემდეგ ინტერვიუ მომღერლის დაცვის თანხლებით ჩავიწერე. გია სურამელაშვილს სექტემბრისთვის უამრავი მუსიკალური სიახლე აქვს დაგეგმილი, ეგ კი არა, არ გამორიცხავს, პრეზიდენტობაზეც კი იყაროს კენჭი.
- ცნობილია, რომ პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" ახალ სეზონში მიიღებთ მონაწილეობას, ვისგან მიიღეთ შემოთავაზება?
- სამი თვე "მაბამდა" ჩემი ბუთხუზა ნოე სულაბერიძე (გადაცემის პროდიუსერი), ბოლოს მაინც დამითანხმა. რომ მახსენდება, რა შრომა მომიწევს, ცუდად ვხდები. ღამის ცხოვრებით ვცხოვრობ, ვსვამ, ცოტა სხვა წესები მაქვს და არ ვიცი, როგორ მოვახერხებ ამას. ჩემმა მეგობარმა ია ფარულავამ მითხრა, პირადად მე გავაკონტროლებ, ერთი წვეთი ალკოჰოლიც რომ არ დალიო პროექტში მონაწილეობის პერიოდშიო. გადაცემა 1-ელ სექტემბერს გავა ეთერში, მეორე დღეს გასტროლებზე მივდივარ ჯერ ისრაელში, შემდეგ კი ბელგიაში. ასევე ვაპირებ დუეტის ჩაწერას ნინო ჩხეიძესთან, კონცერტის ჩატარებას ფილარმონიაში. არ არის გამორიცხული, პრეზიდენტობაზეც ვიყარო კენჭი. მე ქვეყანას ვუყვარვარ და ბევრი მხარდამჭერი მეყოლება. გუშინ ტელევიზორს ვუყურებდი, თავიდან კი გამიკვირდა, როგორ შიშვლდება ხალხი ასე თავისუფლად, მაგრამ მივხვდი, ახლა საზოგადოებას გაკვირვება სჭირდება, ამიტომ გადავწყვიტე მეც გავიხადო. რატომაც არა, ცუდი გარეგნობა მაქვს თუ რა?
- პირველად მიიღეთ შემოთავაზება მსგავს პროექტში მონაწილეობაზე?
- შემოთავაზებებს ხშირად ვიღებ, მაგრამ უარიც ბევრჯერ მითქვამს. მინდა აკაკი გოგიჩაიშვილს ბოდიში მოვუხადო, დავაღალატე. "ბიზნესკურიერში" ბრილიანტებზე სალაპარაკოდ მიმიწვია, მე კი ჩამეძინა და ვერ მივედი.
- საიდან გაქვთ ამდენი ბრილიანტი?
- იციან, რომ ვგიჟდები ბრილიანტზე და მეგობრები, მსმენელები, ახლობლები და საყვარლები საჩუქრად მიძღვნიან. ბრილიანტების გარდა ყველაზე ხშირად სუნამოებით და ვისკით მასაჩუქრებენ. დაბადების დღეზე მომღერალმა გიორგი წერეთელმა ულამაზესი სამაჯური მაჩუქა, ოთარ ტატიშვილმა კი ვისკი. სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლებისგანაც მიმიღია საჩუქრები. 1992 წელს ჯაბა იოსელიანმა "მერსედესი" მაჩუქა, ის ჩემი შემოქმედების თაყვანისმცემელი იყო.
- კონცერტზე უარი არასდროს გითქვამთ?
- ყველა კონცერტზე მთავაზობენ გამოსვლას, თუ გია არ მღერის რომელიმე კონცერტზე, ე.ი. შესაბამისი ჰონორარი არ ჰქონდათ და მხოლოდ ეს არის მიზეზი. ერთ სიმღერაში 2.000 ლარს ვიღებ. მაღალანაზღაურებადი მომღერალი ვარ. მყავს ხუთკაციანი პირადი დაცვა, მემსახურება საკუთარი პარაფსიქოლოგი, სტილისტი, დიზაინერი და ა.შ.. დღეში 5 კონცერტზე ვმღერი და პარაფსიქოლოგის მომსახურება ჩემთვის აუცილებელია. დატვირთული ცხოვრება მაქვს, "მოთხოვნადი" ვარ (ხეზე აკაკუნებს). ხანდახან მკითხავებთანაც მივდივარ, წინასწარ მაინტერესებს, რა მოხდება ხვალ (იცინის).
- ასეთ სამოსს დიზაინერი გირჩევთ?
- წლებია ჩემი გემოვნებით ვიმოსები და არ მგონია, ეს ვინმეს უკვირდეს.
- ფეხსაცმელზე რას იტყვით?
- ფეხსაცმელზე გამახსენდა... რატომ აღარ მაშარჟებს ვასო ფხაკაძე? პოპულარობა ხომ არ დავკარგე? რაღაცები ზედმეტი კი მოსდის სკეტჩებში, მაგრამ ალბათ ეს შოუს ნაწილია. კი მაპიარებს და რაც უნდა, ის გააკეთოს. პერსონაჟებს დროებით ასვენებენ, როგორც ვიცი და დავასვენებ მე მაგას კუბოში (იცინის). "კომედი შოუში" ყველა მიყვარს, ჩემი მეგობრები არიან.
- საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკა გაღიზიანებთ?
- საერთოდ ფეხებზე მკიდია კრიტიკული მოსაზრებები. ლაპარაკობენ იმაზე, ვინც ყველაზე მაგარია და ვინც აინტერესებთ. ფაქტია, 20 წელია პოპულარული ვარ საქართველოშიც და რუსეთშიც. მე ქვეყანას ვუყვარვარ და 20 კაცის აზრი არ მაინტერესებს.
- თუ რუსეთში ასე პოპულარული ხართ, რატომ არ წახვედით იქ?
- ვიყავი რუსეთში და როცა დავბრუნდი, მალე გარდაიცვალა დედა, რომელიც ჩემთვის უძვირფასესი ადამიანი იყო (ცრემლები მოერია)... მერე დაიჭირეს ჩემი ვაჟი... ამიტომ ვეღარ მოვახერხე რუსეთში დაბრუნება. ახლა ძალიან კარგად ვართ, მყავს 5 თვის შვილიშვილი ლიკა, რომელსაც დედაჩემის სახელი დავარქვით. ულამაზესი გოგონაა, მე მგავს.
- ვაჟთან ერთად ცხოვრობთ?
- არა, ცალკე ვცხოვრობ. სამწუხაროდ, ჯერ საკუთარი სახლი არ მაქვს, ვერ შევარჩიე, და არც საამისო ფული.