ახლა ვადამდელი არჩევნები არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას არ უნდა აწყობდეს

ახლა ვადამდელი არჩევნები არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას არ უნდა აწყობდეს

“7-8 მარტის მოვლენების შემდეგ ოპოზიციის ნაწილი სულ უფრო აქტიურად ალაპარაკდა იმაზე, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს. ასევე მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა ხელისუფლებას პარლამენტში უმრავლესობა დაეშალოს და არჩევნების დანიშვნა მმართველ გუნდს ავტომატურად მოუწიოს. თუმცა ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ ახლა რიგგარეშე არჩევნები არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას არ უნდა აწყობდეს. “საქართველოში უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები”, - ამის შესახებ განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, კობა ნაყოფიამ მარკ ფეიგინთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლების ნდობა არ შეიძლება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ახლა ვადამდელი არჩევნები არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას არ უნდა აწყობდეს.

“ხელისუფლებას მოუწევს ბოლომდე უკან დახევა და საქართველოში უახლოეს ხანში აუცილებლად მოხდება ხელისუფლების ცვლილება. უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება, რადგან ამ მთავრობის ნდობა არ შეიძლება. ეს მთავრობა ჩვენ ანალოგიური ხერხებით დაგვაშანტაჟებს და სულ ეცდება, რაიმე შემოგვაჩეჩოს. ახლა ეს იყო კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, ხვალ იქნება იატაკქვეშა ინტეგრაცია ან კოლაბორაცია პუტინთან და კრემლის ხელმძღვანელობასთან. ჩვენ ამ ყველაფერს ველოდებით. მათი ნდობა არ შეიძლება|”, – განაცხადა ნაყოფიამ. მისი თქმით, “ბრძოლა გრძელდება და ახლა მთავარი მიზანია მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა და პოლიტიკური პატიმრების, მათ შორის ნიკა გვარამიას გათავისუფლება”. თუ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას საფრთხე დაემუქრება, ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს - ასეთ შემთხვევაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მექანიზმი არის ვადამდელი არჩევნები, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ახლა ასე მკაცრად არ ყოფილა დაყენებული მოთხოვნა “არა რუსულ ხელისუფლებას”, ეს რომ ყოფილიყო მოთხოვნა, ახლა ხალხი ქუჩაში იქნებოდა. მე პირადად ვამბობ, რომ “არა რუსულ კანონს” არ არის საკმარისი მოთხოვნა, მაგრამ ობიექტურად შევხედოთ - “არა რუსულ ხელისუფლებას” იქ შეკრებილი ყველა ადამიანის მოთხოვნა არ ყოფილა, რადგან ხალხი ფიქრობს, რომ “ქართული ოცნების” პირობებში ჯერ კიდევ შეიძლება სტატუსის მიღება და ასე მკაცრად არ აყენებს მისი გაშვების მოთხოვნას. მაგრამ, იმდენად უნდათ ევროპა, რომ როგორც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს “ქართული ოცნება” სტატუსის მიღების საკითხს, პირველი ვიქნები, ვინც რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვს”, - განაცხადა მანჯგალაძემ. “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნები არც ერთ შემთხვევაში არ ჩატარდება. იქვე დაამატა, რომ არჩევნების, პლებისციტის ან რეფერენდუმის ჩატარება “თეორიულადაც რომ წარმოვიდგინოთ”, ოპოზიცია “მაინც ყველაფერს წააგებს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ის, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება, ეს არის მოცემულობა. სულ რომ თეორიულად წარმოვიდგინოთ თუნდაც იმ მოთხოვნების გათვალისწინება, რაც აქვს ოპოზიციას შესაძლო რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, იქაც ყველაფერს წააგებენ, თვითმმართველობასთან მიბმულსაც წააგებენ, რეფერენდუმსაც, პლებისციტსაც და არჩევნები რომ ჩატარდეს, იმასაც წააგებენ. მაგრამ მოცემულობა არის ეს, რომ რიგგარეშე არჩევნები არ იქნება”, - განაცხადა კობახიძემ. არჩილ თალაკვაძე კი აცხადებს, რომ “რადიკალურ ოპოზიციას არანაირი კავშირი არ აქვს იმ ადამიანებთან, ვინც აქციაზე გულწრფელი პროტესტი გამოხატა”. “ნაციონალური მოძრაობა” ვერ ისაუბრებს იმ საზოგადოების სახელით, ვინც თავისი პროტესტი გამოხატა. ისინი ცდილობენ მიეწებონ, მიეტმასნონ ამ საზოგადოებას, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ეს არის ფარისევლობა და ამ ძალას არანაირი მორალურ კავშირი არ აქვს, ჩვენი საზოგადოების უდიდეს ნაწილთან”, - თქვა თალაკვაძემ. ნიკა ჩიტაძის თქმით, 7-8 მარტის აქციებმა აჩვენა, რომ რუსთაველზე ხალხი ოპოზიციამ კი არ გამოიყვანა, არამედ საკუთარი სურვილით გამოვიდნენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იქ მყოფი ხალხი მათი ამომრჩეველი ვერ იქნება. ამიტომ ილუზიაში არ უნდა ჩავარდნენ, რატა თავი უარეს მდგომარეობაში არ ჩაიყენონ”, - დასძენს გამოცემა.

“ოპოზიცია ძალიან ცდება, თუკი ჰგონია, რომ რუსთაველზე გამოსული ადამიანები მისი ამომრჩეველია. ეს ხალხი აქციაზე საკუთარი ნებით მივიდა და კონკრეტული მიზეზი ჰქონდათ. ამიტომ, ეს არ ნიშნავს, რომ თუკი ვადამდელი არჩევნები დაინიშნება, ისინი ხმას ოპოზიციას მისცემენ. პირიქით, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი 7-8 მარტის აქციების შემდეგ ბევრ რამეზე უნდა დაფიქრდეს. თანაც წელიწადნახევარში, 2024 წელს არჩევნები ისედაც ჩატარდება, ამიტომ ერთწლიანი პარლამენტი ქვეყანაში მოვლენებს კი არ განმუხტავს, არამედ პირიქით, შესაძლოა უფრო კრიზისი შეიქმნას. მით უმეტეს, თუკი კოალიციური ხელისუფლება იქნება, ეს საერთოდ წარმოუდგენელია. როგორ უნდა შექმნას “ოცნებამ” და “ნაციონალებმა” კოალიციური მთავრობა, რთული წარმოსადგენია. პატარა პარტიების რეიტინგი ძალიან დაბლაა დაწეული. ამ საარჩევნო სისტემით და 5%-იანი ბარიერით შანსი პარლამენტში მოხვედრის ისევ ხელისუფლებას და ნაცებს აქვთ. ამიტომ ამ არჩევნების რეალური მიზანი რას ემსახურება, გაუგებარია. ანუ ოპოზიციას უფრო არ უნდა აწყობდეს, რომ რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს. ამან შესაძლოა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი კი არ განმუხტოს, პირიქით, გაამწვავოს”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.