თურქეთიდან შემოტანილი იაფ წამლებზე ფასის მატება დაახლოებით 2 კვირის წინ დაიწყო და რამდენიმე დღეა მკვეთრად მაღალ ნიშნულს მიაღწია. მაგალითად, იმპორტირებული, თურქული „თემოდალი“ 143 ლარის ნაცვლად, 280 ლარი ღირს. მაღალია გულისა და ანტითრომბოზული მედიკამენტების ღირებულებაც.
მსხვილი კომპანიების სრულიად მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ მათვრობა წყობიდან გამოიყვანა. ჯანდაცვის მინისტრი დიდი ფარმაცევტული კომპანიების მიმართ მკაცრ მიდგომებზე საუბრობს. ზურაბ აზარაშვილი თურქეთიდან შემოტანილ გარკვეულ მედიკამენტებზეც ფასების გაზრდის მიზეზებს განმარტავს. ამბობს, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე დომინანტი კომპანიები პრეპარატების ღირებულებასა და შეზღუდვებზე გადაწყვეტილებებს თავად იღებენ.
ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ოთხი კომპანია, რომელთა სახელებიც მას არ დაუკონკრეტებია, ჯამში ფარმაცევტული ბაზრის 90%-ზე მეტს ფლობს.
„თურქეთიდან შემოტანილ მედიკამენტებზეც ფასების მნიშვნელოვანი ზრდა მოხდა. სამწუხაროდ, ფაქტი გვაჩვენებს იმას, რომ საქმე, დიდი ალბათობით, შეთანხმებულ მოქმედებებთან გვაქვს და ეს სამწუხარო ფაქტი ისევ და ისევ გამომდინარეობს იქიდან, რომ რამდენიმე ჰოლდინგი არის დომინანტი ფარმაცევტულ ბაზარზე, მთლიანად სამედიცინო ბაზარზე და აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ფასის, ნებისმიერი შეზღუდვის, დეფიციტს, თუ ცვლილებების და ძალიან სამწუხარო ფაქტების შესაძლებლობა აქვთ.
სახელმწიფოს პოზიცია იქნება საკმაოდ მკაცრი. ჩვენ შესაბამისი ცვლილებებით რეგულაციაში უკვე მივმართეთ მთავრობას, ასევე, მივმართავთ პარლამენტს. ასევე ჩართულია კონკურენციის სააგენტო და მსგავს ფაქტებზე ჩვენი მიდგომა, რეაგირება ყოველთვის საკმაოდ მკაცრი იქნება, რადგანაც მოგეხსენებათ, ჩვენი პოლიტიკა მიმართულია მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, როგორც ფარმაცევტულ სექტორში, ასევე სამედიცინო სექტორში და ყოვლად დაუშვებელია ის ფაქტები, რაც სამწუხაროდ, რეფერენტული ფასების დაწესებას გარკვეულ მედიკამენტებზე მოყვა.
აქედან გამომდინარე, ჩვენ მივყვებით იმ რეფორმას, რაც ფარმაცევტულ ბაზარზე და სამედიცინო სექტორში დაგეგმილი და მკაცრად გაწერილი გვაქვს. ამ რეფორმას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე და ამ რეფორმის ნაწილი ყველაზე რთული და ყველაზე მკვეთრი, რაც იქნება ჩვენი მხრიდან, ეს იქნება ჰოლდინგური შეთქმულებების წინააღმდეგ და აქედან გამომდინარე, მოგვიწევს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება ამ რეფორმაზე და ფასწარმოქმნაც იქნება სამართლიანი“, - განაცხადა აზარაშვილმა.
წამლის ფასის რეგულირების მიზნით მთავრობამ მორიგი გადაწყვეტილება მიიღო, პრემიერმა ახალ დადგენილებას ხელი მოაწერა. მედიკამენტების ფასების რეგულირების უწყებათაშორის კომისიას უფლებამოსილება გაეზარდა. კერძოდ თუ დადასტურდა, რომ კონკრეტულ პრეპარატზე ღირებულებამ მოიმატა, კომისია მოკლე ვადებში წამლის ფასის ზედა ზღვარს დააწესებს და ფარმაცევტული კომპანიებიც ამ რეგულაციას დაექვემდებარებიან.
პარალელურად კონკურენციის სააგენტომ საკითხის შესწავლა დაიწყო. თუ დადგინდა, რომ ფარმაცევტულმა კომპანიებმა შეთანხმებულად გაზარდეს მედიკამენტებზე ფასი, ასეთ შემთხვევაში ჯარიმა მაღალი იქნება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ფარმაცევტული პროდუქტის ფასების რეგულირების უწყებათაშორისი კომისია უფლებამოსილი იქნება კონკრეტულ ფარმაცევტულ პროდუქტებზე შესაბამისი ზღვრული საბითუმო სარეალიზაციო ფასი დაადგინოს.
„მაღალი საზოგადოებრივი ან სახელმწიფოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ფარმაცევტული პროდუქტის ფასების რეგულირების უწყებათაშორისი კომისია უფლებამოსილი იქნება კონკრეტულ ფარმაცევტულ პროდუქტებზე შესაბამისი ზღვრული საბითუმო სარეალიზაციო ფასი დაადგინოს ექსპერტული შეფასების საფუძველზე. ასევე, უწყებათაშორისი კომისია უფლებამოსილი იქნება კონკრეტულ ფარმაცევტულ პროდუქტებზე შესაბამისი საბითუმო სარეალიზაციო ფასი შემოიღოს ან განსაზღვროს და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები მოაწესრიგოს.
უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობაში შედიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და კონკურენციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე, ორი პროფესიული პროფილის დამოუკიდებელი წევრი-ფარმაკოლოგი და ფარმაცევტი და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი.
კომისია უფლებამოსილი იქნება განსაზღვროს ფარმაცევტულ პროდუქტზე დადგენილი ფასის ძალაში შესვლის განსხვავებული ვადები და პირობები. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ფასებს შესაბამის კატალოგში გამოაქვეყნებს“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
განახლებული ფასი ფასების კატალოგში გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში შევა ძალაში.
პრემიერის გადაწყვეტილებით საქართველომ თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტი გასული წლის მარტში დაიწყო, რამაც პრეპარატების ღირებულება 60%-80%-ით გააიაფა. მთავრობამ წამლებზე ზედა ზღვარი - რეფერენტული ფასებიც დააწესა. სანაცვლოდ აფთიაქებმა ძლივს გაიაფებული თურქული წამლები გააძვირეს. მთავრობა ამ ყველაფერზე თვალის დახუჭვას არ აპირებს. მისი გადაწყვეტილებას ბობოლა აფთიაქარების ნაბიჯების შესაბამისი იქნება.