ძირითადი მოხმარების პროდუქტების გაიაფების მიმართეულებით მუშოაბა კიდევ უფრო გაძლიერდა. პრემიერმა ორი კვირის წინ, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს მისცა დავალება პირველადი დანიშნულების პროდუქციაზე 60-100%-იანი ფასნამატი შეესწავლათ და ეპოვათ რეგულირების გზები. ამჯერად კი ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე პირდაპირ თქვა, რომ გამოსავალი რითეილ სექტორის თამაშის წესების რეგულირებაა.
„ჩვენ მოვისმინეთ იმპორტიორების ახსნა-განმარტება, რომ ამ 80%-იან ფასნამატში დიდი წილი რითეილ სექტორის თამაშის წესებზე მოდის, რომელიც მათ მიერაა განსაზღვრული. ამ წესებზე ჩვენ გვაქვს სერიოზული კითხვები. ეს წესები არ არის აპრობირებული საერთაშორისო ბაზრებზე და რეგულირებულია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და მთელ დასავლურ სამყაროში.
ამიტომ, ჩემი დავალებით ეკონომიკის სამინისტრო ახლა მოამზადებს შესაბამის კანონპროექტს, რომელიც შეეხება დირექტივას სამართლიანი ვაჭრობის შესახებ. ჩვენ პარალელურად გავაგრძელებთ მუშაობას იმპორტიორებთან და დიდ ქსელებთან. კანონპროექტს წარვუდგენთ პარლამენტს და მათ უკვე დაადასტურეს, რომ დაგვიჭერენ მხარს. ამით რეალურად ბაზარზე სამართლიანი თამაშის წესები დამკვიდრდება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის ინიციატივა კიდევ უფრო დააკონკრეტა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, კანონპროექტს, რომელზეც სამინისტრო მუშაობს და რომელმაც სურსათზე ფასები უნდა დაარეგულიროს, პარლამენტი მიმდინარე საგაზაფხულო სესიაზე მიიღებს. ეს კანონპროექტი სამართლიან კონკურენციას უზრუნველყოფს.
მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ კანონის ძალაში შესვლამდეც არის მოლოდინი სურსათზე, ფასების კლების კუთხით, დადებითი ტენდენციები გამოიკვეთოს.
„სურსათის მიწოდების ჯაჭვი უფრო კომპლექსურია, ვიდრე საწვავის. აქ მრავალფეროვნებაც მეტია. სურსათი არ არის ერთი ან რამდენიმე პროდუქტი. ბაზარზე სურსათის ბევრი სახეობა არსებობს, ძალიან ბევრი გვყავს იმპორტიორი, ასეულობით კომპანია, სხვადასხვა მიმართულებით ბევრი დისტრიბუტორი და რეალიზატორია. შესაბამისად, ამ მუშა პროცესში ჩვენ დავინახეთ, რომ უფრო მეტი სიცხადის შესატანად საჭიროა მკაფიო პოლიტიკური გადაწყვეტილებები არსებობდეს, უკვე საკანონმდებლო ინიციატივების სახით.
ჩვენ შევისწავლეთ ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკა, ევროკავშირის სამართლიანი კონკურენციის შესახებ დირექტივა, რომლის საფუძველზეც მოვამზადეთ ძირითადი პრინციპებით კანონპროექტი. იგი დაარეგულირებს ბევრ საკითხს და სამართლიან კონკურენციას უზრუნველყოფს. დარეგულირდება გადასახადის ვადები მიმწოდებლებისთვის, მათ შორის მარკეტინგული ხარჯების პირობები, ასევე, მარაგების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალედ გაზიარება, ე.წ. დამატებითი რეტრო ბონუსების საკითხი, უკან დასაბრუნებელი პროდუქტების საკითხები და სხვა და სხვა. ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია მარჟებთან და საკითხის ოპტიმიზაციასთან.
ახალი რეგულაციებით, ვაჭრობის სხვადასხვა მონაწილე რგოლები დაინტერესებულები იქნებიან, რომ მაქსიმალურად ოპტიმალური იყოს პროცესები და შესაბამისად, გაზრდილი მარჟები, რომელიც, დღეს, როგორც წესი, ამ გადაზღვევის როლს ასრულებს, ამის საჭიროება აღარ იქნება. ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებას, რომ ის დამატებითი მარჟები შემცირდეს და მომხმარებელმა ოპტიმალურ ფასად მიიღოს პროდუქტი.
ვიდრე კანონი ძალაში შევა, ჩვენ ველოდებით დადებითი ტენდენციები ფასების კლების კუთხით უნდა იყოს სურსათზეც. ეს საკითხი სისტემურად დარეგულირდება ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. კანონპროექტში მნიშვნელოვანი სანქციებიც გვაქვს გათვალისწინებული და ვფიქრობთ, რომ უფრო ცივილიზებულ, სასურსათო პირველადი მოხმარების ბაზარს მივიღებთ. გვინდა, რომ საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მივიღოთ ეს კანონი“, - განაცხადა დავითაშვილმა.
მთავრობამ ბიზნესისგან მიიღო ინფორმაცია, თუ რისგან შედგება სურსათზე ფასნამატები და სად არის რესურსი, რომ პროდუქციის ღირებულება შემცირდეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ უპასუხა კითხვას, „რატომ სჭირდება ბიზნესს მთავრობისგან „თითის ქნევა“ და თავად რატომ ვერ ხვდება, რომ არაგონივრული მარჟებით მუშაობენ“.
„არ ვფიქრობ, რომ თითის ქნევაზეა საუბარი. კონკურენციის სააგენტომ წარმოადგინა ინფორმაცია ფასნამატებთან დაკავშირებით, რაზეც ვიმსჯელეთ. ბიზნესისგან მივიღეთ ინფორმაცია, თუ რისგან შედგება ფასნამატები და სად გვაქვს რესურსი, რომ გარკვეული საკითხების დარეგულირებით სურსათზე ნაკლები ფასები მივიღოთ. ეს ღია პროცესია. იმისთვის, რომ ეს საკითხი დარეგულირდეს, აუცილებელია, ნორმატიული ბაზა შეიქმნას, რომლისთვისაც, ვფიქრობ, საუკეთესო მაგალითი შეიძლება იყოს ევროკავშირი, სადაც ეს საკითხები შესაბამისი დირექტივითაა რეგულირებული.
ამ ყველაფრით მიიღწევა ის შედეგი, რომ თამაშის პირობები თანაბარი იქნება. საბოლოოდ, გვინდა, შედეგი იყოს ის, რომ სურსათის ფასები მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
პრემიერის ინიციატივას ლამის ყოველდღიურად ეხმიანებიან იმპორტიორები და უმსხვილესი სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები.
დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონიას აზრით, ახალი კანონი იმპორტიორ-დისტრიბუტორებისა და სავაჭრო ქსელების ურთიერთობას მოაწესრიგებს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის ურთიერთობები დაარეგულიროს, რომელიც დღევანდელ დღეს არის. ჩვენი შეფასებით ძალაუფლება ცალ ხელშია. რითეილ სექტორის დღეს გაცილებით ძლიერია, ვიდრე სადისტრიბუციო კომპანიები, რადგან წლიდან წლამდე უფრო მეტ ძალაუფლებას იძენენ. კანონპროექტის შემუშავების პროცესში აქტიურად უნდა იყოს ჩართული, როგორც ჩვენი მხარე, ასევე რითეილ სექტორი, რადგან არ გვინდა ბაზარს სერიოზული ზიანი მივაყენოთ, რაც სავალალო შედეგებს მოიტანს. მნიშვნელოვანია, კანონპროქტი სწორად შემუშავდეს, რომ არ იყოს არც ერთი მხარისათვის“, - განაცხადა „საქმის კურსთან“ ივა ჭყონიამ.