თუ მიწათსარგებლობის უფლება არ გაქვს, მაგრამ მიწას მაინც იყენებ, 2 ათასი ლარით დაჯარიმდები, ამის შემდეგ თუ „ჭკუა არ ისწავლე“, უკვე 3500-ლარიანი ჯარიმა დაგეკისრება. ამასთან, ჯარიმის გადახდა მოგიწევს მაშინაც, თუ მწვანე ნარგავები დააზიანე. ყველა ეს აკრძალვა თუ წესი, მხოლოდ თბილისზე გავრცელდება, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. ახალი წესი უკვე დაკანონებულია, რამდენადაც ის პარლამენტმა უკვე მიიღო.
კანონი უკვე ძალაშია, შესაბამისად, უახლოეს მომავალში თბილისელებისთვის იმ მიწების ჩამორთმევა დაიწყება, რომლებსაც ისინი წლების განმავლობაში ამუშავებდნენ, თუმცა საკუთრებაში არ ჰქონდათ. ამასთან, გამორიცხული არ არის, რომ ამავე კანონის შესაბამისად, თბილისში ავტოფარეხების ნგრევაც დაიწყოს. ამის წინაპირობა კი სწორედ ეს ცვლილებები გახდეს.
ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში შარშან დეკემბრის დასაწყისში შეიტანეს. მისი ავტორები არიან ანდრო ალავიძე, ჩიორა თაქთაქიშვილი, ლაშა თორდია და კახა ანჯაფარიძე. კანონპროექტის მიხედვით, თბილისის მერიას მწვანე ნარგავების დაზიანებისათვის ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრების უფლება მიენიჭება.
ამავე კანონის თანახმად, მიწის ნაკვეთის უნებართვოთ დაკავება გამოწვევს დაჯარიმებას 2 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეოებით დაჯარიმდება 3500 ლარით.
რაც შეეხება დედაქალაქის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავებისათვის ზიანის მიყენებას, ამ შემთხვევაში, ჯარიმა განსაზღვრულია 500 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედების განმეორების შემთხვევაში გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
როგორც კანონპროექტის ავტორმა ანდრო ალავიძემ პროექიის ინიცირებისას განაცხადა, ასეთი კანონპროექტის მიღების მიზეზი ისაა, რომ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვა, მწვანე ნარგავების ბუნებრივი პირობების შენარჩუნებისა და განვითარებისათვის უზრუნველყოფა მოხდეს. ასევე, თბილისის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე მიწის ნაკვეთის სარგებლობა აღიკვეთოს.
ამასთან, ალავიძის თქმით, ეს ჯარიმები შეეხება იმ პირებს, რომლებიც ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის მიღების შემდეგ, თვითნებურად დაიკავებენ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს.
პარლამენტის წევრი გია ცაგარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ ამას თბილისსა და მის შემოგარენში არა მარტო ავტოფარეხების, არამედ სახლების ნგრევაც კი დაიწყოს. თავად ამ კანონპროექტის მომზადებას და შემდეგ მიღებას, ტყის ფონდიდან მიწების ამოღებას და მათი მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში გადასვლას უკავშირებს.
„ამ კანონზე მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ტყის ფონდიდან მიწების ამოღება და მათი მუნიციპალიტეტებისთვის გადაცემა იყო. ტყის ფონდს ეკუთვნოდა კოჯრის, ოქროყანის, წავკისის, მანგლისისა და თბილისისთვის სხვა ახლადშემოერთებული ტერიტორიების მიწები.
ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ამ კანონის ამოქმედების შემდეგ მოხდეს მიწების ჩამორთმევა, სახლების და ავტოფარეხების დანგრევა. თბილისის მერიისთვის ხომ ე.წ. უკანონო მშენებლობები სერიოზულ პრობლემადაა ქცეული.
გარდა ამისა, ამ მისი მიღების შემთხვევაში პროგრამა „რაც შენია, შენია“ მთლიანად უგულებელყოფილი იქნება და საერთოდ, მერიას ნგრევის დაწყებისთვის ხელ-ფეხი მთლიანად გაეხსნება. დაიწყება ის პროცესი, რასაც ეს ხელისუფლება უკვე მე-7 წელია აქტიურად ახორციელებს და რასაც საკუთრების უფლების ხელყოფა ჰქვია. ვიცი, რომ მიწებს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობას უკვე ართმევენ“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.