მუშახელის დეფიციტი საქართველოში არა მარტო 2023 წელს, არამედ შემდგომ წლებშიც პრობლემური იქნება. შეიძლება ითქვას ამ მიმართულებით სერიოზული კრიზისია და მისი მოგვარებაც სწრაფად ვერ მოხერხდება. მთავრობა იძულებულია საქმეში ჩაერთოს. მიმდინარე წელს დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სამუშაოს მაძიებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად ბიუჯეტიდან 2 500 000 ლარი დაიხარჯება.
რეალურად ბიზნესი კადრების დიდ სიმცირეს განიცდის და ის თანდათან ეკონომიკისთვის მთავარ პრობლემად სახელდება. ირკვევა, რომ საქართველოში დასაქმებულთა თითქმის 40% ნახევარ განაკვეთზე მუშაობს, ანუ კვირაში 35 საათზე ნაკლებს. ამ მაჩვენებლით საქართველო საშუალო და საშუალოზე დაბალშემოსავლიანი ქვეყნების ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს. გლობალურად, 35 საათზე ნაკლებს კვირაში დასაქმებულთა მხოლოდ 20.3% მუშაობს, ხოლო 35%-ზე მეტი - კვირაში 48 საათზე მეტს უთმობს სამუშაოს.
კადრების დეფიციტი განსაკუთრებით მომსახურების სფეროსთვის არის დამახასიათებელი, უფრო კონკრეტულად კი ჰორეკა სექტორისთვის, რასაც რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი, შოთა ბურჯანაძეც ადასტურებს. პანდემიის შემდეგ სფერომ დაკარგა ბევრი მუშახელი, რომლებიც სხვაგან მუშაობენ და აღარ უნდათ დაბრუნება.
„ძალიან რთულია ადამიანების პოვნა, რომლებსაც სურვილი გააჩნიათ, იმუშაონ, არაა საუბარი პროფესიონალ მუშახელზე. ამის მიზეზია სხვა სფეროში გადასული ადამიანებია, რომლებიც სტაბილურად გრძნობენ ახლა თავს და არ უნდათ უკან დაბრუნება, რადგან არასტაბილურად იყო ჩვენი სფერო აღქმული პანდემიის დროს.
მეორე მიზეზი არის ქვეყნიდან გასული მუშახელი. კიდევ უფრო რთული პრობლემაა მენტალური საკითხი. ადამიანები, რომლებიც ფინანსდებიან ემიგრანტებისგან და ეს თანხა საკმაოდ დიდია, უარს ამბობენ სამსახურებზე, რომლებიც არსებობს როგორც მათი პროფესიის შესაბამისად, ასევე უპროფესიო ადამიანებისთვისაც.
ადამიანებს არ აქვთ სურვილი ასეთი სამსახურებით იყვნენ დაკავებული და მათი სურვილია, პირდაპირ მაღალანაზღაურებად ადგილებზე დასაქმდნენ, იმის მიუხედავად, შესაბამისი განათლება აქვთ თუ არა. ეს ზოგადად, მენტალური პრობლემაა და არაა მარტივად გადასაწყვეტი“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.
მუშახელის პრობლემაზე საუბრობს მეფრინველეობის ფაბრიკა „კუმისის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი ზურაბ უჩუმბეგაშვილიც, რომლის განცხადებითაც, 2023 წელს ბიზნეის კადრებთან დაკავშირებით შეიძლება სერიოზულ გასაჭირში აღმოჩნდეს.
„კომპანიაში 200 დასაქმებულია, თუმცა მუდმივი კადრების გარდა, გვიწევს დროებითი დასაქმებაც, რა მხრივაც საქმე საკმაოდ რთულადაა. ხშირად არის დეფიციტი, თან კვალიფიკაციის პრობლემაცაა. დღესდღეობით ვუძლებთ, მაგრამ ასე თუ გაგრძელდა, შეიძლება სამომავლოდ უფრო გაგვიჭირდეს.
დეფიციტურია როგორც კვალიფიციური, ასევე არაკვალიფიციური კადრიც, რაც, ფაქტობრივად, ყველა დარგს ეხება, მათ შორის, ჩვენც. ამას განაპირობებს ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია, პირველ რიგში, მოსახლეობის გადინება, რადგან ვინც სწავლობს, ცოდნას იძენს და მომავლის იმედი აქვს, საზღვარგარეთ წასვლას ცდილობს, ურჩევნია ქვეყნის გარეთ დასაქმდეს.
სპეციფიკური ტექნოლოგიების მცოდნე ადამიანი დღეს ძნელად მოსაძებნია. უკვე დიდი ხანია ამ პირობებში ვმუშაობთ და 2023 წელს კიდევ უფრო გაგვიჭირდება“, - აღნიშნა ბიზნესმენმა.
პრობლემა უკვე კარგად ნაცნობია ხელისუფლებისთვისაც. შესაბამისად, დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სამუშაოს მაძიებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად ბიუჯეტიდან 2 500 000 ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ მთავრობის დადგენილებაშია აღნიშნული და მისი განმახორციელებელი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო იქნება.
დოკუმენტის თანახმად, პროგრამის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება, პროფესიული გადამზადება ან/და სამუშაო ადგილზე სტაჟირებით, მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით მათი დასაქმების ხელშეწყობა.
წლის განმავლობაში ერთ ბენეფიციარზე გათვალისწინებულია ერთი სასწავლო კურსი. დაფინანსდება მხოლოდ ისეთი დანახარჯები, რომლებიც აუცილებელია სასწავლო პროგრამის ხარისხიანი და სრულფასოვანი მიწოდებისთვის. ამასთან, პირდაპირი დანახარჯი ფინანსდება სრულად, ხოლო არაპირდაპირი დანახარჯი არ უნდა აღემატებოდეს საერთო ღირებულების 20%-ს.
ამასთან, სტაჟირების შემთხვევაში, სტაჟირებაზე გაგზავნილი მოსარგებლეებისათვის გაიცემა სახელმწიფო სტიპენდია, რომლის ოდენობა განისაზღვრება თვეში 200 ლარით ერთ მოსარგებლეზე, დისტანციური სტაჟირების შემთხვევაში თვეში 100 ლარით ერთ მოსარგებლეზე.
ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ სამუშაოს მაძიებელი პირები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სააგენტოს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში.
ფულის გადახდა თქვენ არ გინდათ და მოგება გინდათ 200-300%.
შშშშშშშშშშშშათლახები...................... კადრები არაააო
მაშ მტყუნის??