მიმდინარე წელს მთავრობა ინვესტიციების მკვეთრ მატებას პროგნოზირებს. ამას ბევრი ობიექტური მიზეზი აქვს და მათ შორის ისიც, რომ საქართველომ სტაბილური და მშვიდობიანი ქვეყნის სტატუსი შეინარჩუნა. ერთ-ერთი უმთავრესი პროექტი, რომელიც უცხოელ ინვესტორთა ფოკუსში უკვე მოხვდა, ანაკლიის პორტის განახლებული პროექტია.
ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2023 წელს საქართველოში ინვესტირებით არაერთი უცხოური კომპანია არის დაინტერესებული. დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მყოფი მინისტრის თქმით, ამ კომპანიების ნაწილი ქვეყანაში ისედაც წარმოდგენილია, ხოლო ნაწილი ახალი ინვესტორი იქნება.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილი და სამთავრობო დელეგაცია დავოსში „სითი გრუპის“, „სტენა ლაინის“, ასევე „კარფურის“ მფლობელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. ამასთანავე, შეხვედრა გაიმართა ყატარის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელთანაც.
„დავოსის ეკონომიკური ფორუმი ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს. ინტენსიური შეხვედრები იმართება ინვესტორ კომპანიებთან. ჩვენ გვქონდა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვა ძალიან ბევრ დაინტერესებულ კომპანიასთან. იმ კომპანიებთან, რომლებიც საქართველოში წარმატებით მოღვაწეობენ და არის შანსი, რომ მათ გააფართოვონ თავიანთი საინვესტიციო პროექტები საქართველოში, ასევე იმ კომპანიებთან, რომლებიც ჯერ რეგიონში არ არიან წარმოდგენილები. ვისაუბრეთ საქართველოს გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე, ასევე იმ გეოგრაფიულ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოს გააჩნია.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ბოლო მოვლენების ფონზე ცენტრალური დერეფნით დაინტერესება საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიების. ჩვენ ვისაუბრეთ ძირითად სტრატეგიულ პროექტებზე, რომელიც გულისხმობს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. ასევე, ენერგეტიკის მიმართულებებზე, ზოგადად, სტუმარმასპინძლობის სფეროზე და სხვადასხვა დარგზე, სადაც საქართველოს მართლაც გამორჩეული პოტენციალი გააჩნია.
ვფიქრობ, საკმაოდ ბევრია დაინტერესებული კომპანია, რომელიც 2023 წლის განმავლობაში პოზიტიურ გადაწყვეტილებებს მიიღებს საქართველოში ინვესტირების კუთხით“, - განაცხადა ვიცე პრემიერმა.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელი ანაკლიის უმსხვილესი პორტისადმი ინვეტორების დაინტერესებითაც დაიწყო. თურქული ჰოლდინგური კომპანია პორტის პროექტში კაპიტალდაბანდებითაა დაინტერესებული. ცნობილია, რომ თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში მოხდება გარკვეული საბუთების გადაგზავნა და ასევე იგეგმება დაინტერესებული კომპანიის ხელმძღვანელი პირების ვიზიტი საქართველოში.
თურქულ კომპანიასთან ერთად ანაკლიის პორტში ინვესტირებით აზიური კომპანიების ინტერესიც მზარდია. იაპონური კომპანიის წარმომადგენლები საქართველოში გასული წლის ბოლოს უკვე იმყოფებოდნენ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტის აშენება სახელმწიფოს თანამონაწილეობით მოხდება და ამ პროექტში სახელმწიფოს წილი 51% იქნება. სწორედ ამ უკანასკნელი ფაქტორის გათვალისწინებით, აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის პირველი ვიცე-პრეზიდენტი დავით ცირდავა ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ინვესტორი უფრო დაზღვეულია, ვინაიდან 51%-ს სახელმწიფო ფლობს.
„ანაკლიის პორტში ინვესტირების ინტერესს აზიიდან საკმაოდ ბევრი კომპანია გამოხატავს. ჯერჯერობით ინვესტირებაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. როგორც ცნობილია, გარკვეული სასამართლო დავა მიმდინარეობს და ახლა მიდის იმაზე მსჯელობა, რამდენად შესაძლებელია, რომ ეს დავა ინვესტირებაზე აისახოს.
ზოგიერთი პოლიტიკოსი ამბობდა, თითქოს ინვესტორი არ წამოვიდოდა, ახლა კი, პირიქით, ვხედავთ, რომ უკვე არის წინადადებები პროექტის წარმატებულად განხორციელებისათვის. ინვესტორი უფრო დაზღვეულია ამ შემთხვევაში, ვინაიდან 51%-ს სახელმწიფოს ფლობს. იქ არის გარკვეული საკითხები, რომელსაც შესაძლოა, სრულად ბიზნესი მართავდეს და არა სახელმწიფო“, - განაცხადა დავით ცირდავამ „კომერსანტთან“.
საქართველოს მთავრობა იმედოვნებს, რომ 2023 წლიდან ანაკლიაში სამშენებლო სამუშაოები და პორტის განვითარება დაიწყება. ინტერესთა გამოხატვა კი თებერვლის ბოლომდე მოხდება. თავად პროექტი სამ ეტაპად განხორციელდება და პირველი ეტაპის სამუშოები 300 მლნ დოლარი დაჯდება.