ერთ თვეზე ნაკლებ დროში მედიკამენტები ერთბაშად გაიაფდება. სახელმწიფომ წამლებზე რეფერენტული ფასი შემოიღო და 15 თებერვალს ახალი ინიციატივა კიდეც შევა ძალაში. შედეგად სამკურნალო პრეპარატების ღირებულება 40%-ით უნდა შემცირდეს, რამაც მოსახლეობას დიდი შვება უნდა მოუტანოს.
როგორც ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, ფარმაცევტულ სექტორს ფასების გადახედვისთვის ვადა 31 იანვრამდე ექნება, ხოლო თუკი სექტორი, რომელიმე მედიკამენტის ღირეუბლების თაობაზე დასაბუთებულ არგუმენტს წარადგენს, სამინისტროში შექმნილი სპეციალური საბჭო აღნიშნულს განიხილავს.
15 თებერვლიდან კი ყველა კომპანია - იმპორტიორი, დისტრიბუტორი თუ საცალო მოვაჭრე - ვალდებული იქნება, მაქსიმალური ზედა ზღვარი ამ ფასების მიხედვით დაადგინოს.
მინისტრმა კონტროლისა და აღსრულების მექანიზმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგულაციების დამრღვევებს სხვადასხვა ტიპის სანქციები დაუწესდებათ.
„წამლის კანონში ძალიან მნიშვნელოვანი კონტროლის მექანიზმი ჩავდეთ, რომელიც ნებისმიერი საბითუმო თუ საცალო ქსელისთვის ითვალისწინებს ვალდებულებას, რომ რეგულირების სააგენტოს გამოუჩნდეს ნაშთები, მედიკამენტების ჩამონათვალი და ფასები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმია, არა მხოლოდ რეფერენტული ფასებისათვის, არამედ იმ მიზნებისთვის, რომელიც დაკავშირებულია ელექტრონული რეცეპტების გამოწერასთან, მედიკამენტების მოძრაობასთან ქვეყანაში, რომ არ შეიქმნას ხელოვნური დეფიციტი და ა.შ.“ - განაცხადა აზარაშვილმა.
უკვე გაჩნდა ეჭვი ახალი ინიციატივის შედეგად ბაზარზე მედიკამენტების დეფიციტი ხომ არ წარმოექმნება? როგორც ჯანდაცვის მინისტრი ამტკიცებს, მსგავსი საშიშროება არ არსებობსებობს, ხოლო საბოტაჟის შემთხვევაში სათანადო გეგმა ამოქმედდება.
„დავადგინეთ ორი ფასი: ცალკე დადგენილი ორიგინალი მწარმოებლებისთვის, ცალკე გენერიკული მედიკამენტებისთვის. ამ ორი ფასის პირობებში ბიზნესს ოპერირების გაგრძელების ინტერესი ექნება, რადგან ზუსტად იგივე მწარმოებლები სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებით მუშაობენ. აქედან გამომდინარე, წამლებზე დეფიციტის საშიშროება არ არის და თუ მიზანმიმართული საბოტაჟის მცდელობა იქნება, ამაზეც შესაბამისი გეგმა გვაქვს. არ ვგულისხმობ მთლიანად სექტორს, ანუ საბოტაჟი გულისხმობს კონკრეტული კომპანიების შესაძლო ქმედებას. ამას არ გამოვრიცხავ, თუმცა მზად ვართ და შესაბამისი რეაგირება გვექნება“, - აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, საბოტაჟის მცდელობას ადგილი თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის საწყის ეტაპზეც ჰქონდა, როცა ბიზნესი შესაბამისი ოდენობის მედიკამენტების იმპორტს არ ახორციელდებდა, ხოლო აღნიშნული გამოცდილება იძლევა იმის საშუალებას, რომ მსგავსი გამოწვევების წინაშე არ აღმოჩნდეს მედიკამენტების ბაზარი.
„ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, რეგულირების სააგენტო კონკურენციის სააგენტოსთან აქტიურად თანამშრომლობს იმ კუთხით, რომ მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა მიზანმიმართულად არ მოხდეს ან ხელოვნურად შეიქმნას დეფიციტი. პირდაპირ წერია კანონში, რომ ამ ფაქტებზე რეაგირება შესაძლებელია და საკმაოდ მაღალ ჯარიმებსაც ითვალისწინებს.
ცუდი გამოცდილება გვქონდა თურქულ მედიკამენტებთან დაკავშირებით. შესაბამისად, კონკურენციის სააგენტოსთან ერთად, ავაწყვეთ მექანიზმი და ძალიან სამწუხარო იქნება თუ დაგვჭირდა მისი გამოყენება. აქედანვე ვაცხადებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებთ“, - დასძინა აზარაშვილმა.
მთავრობის წევრის ასეთ დამოკიდებულებას, ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია მიუღებლად მიიჩნევს. გაერთიანებაში აცხადებენ, რომ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების შედეგის განსაზღვრა ამ ეტაპზე რთულია, ხოლო ხელოვნური დეფიციტის და მიზანმიმართული საბოტაჟის შექმნის ბრალდების „სავარაუდო“ დაშვება ასოციაციის წევრი კომპანიებისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
„ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია და მასში გაერთიანებული წევრები სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ შეუძლებელია ამ ეტაპზე განისაზღვროს თუ რა შედეგი მოჰყვება რეფორმას, განსაკუთრებით პირველ ეტაპზე. ამ დროს ხელოვნური დეფიციტის და მიზანმიმართული საბოტაჟის შექმნის ბრალდების „სავარაუდო“ დაშვება კატეგორიულად მიუღებელია და ბიზნესის მიმართ მოსახლეობაში არაკეთილგანწყობილ დამოკიდებულებას ქმნის. მით უმეტეს, როდესაც დღეს არ არის ამის არანაირი საფუძველი და მტკიცებულება.
ბატონი მინისტრის ამ განცხადებით ეჭვი ჩნდება, რომ რეფორმასთან დაკავშირებული „სავარაუდო“ პრობლემის შექმნის შემთხვევაში, სამინისტროს სურს სრული პასუხისმგებლობა ბიზნესოპერატორებს დააკისროს და თავიდან აიცილოს დეფიციტის შექმნის „სავარაუდო“ გარემოებაზე პასუხისმგებლობა. რეფერენტულ ფასწარმოქმნასთან დაკავშირებული მსოფლიო გამოცდილება ადასტურებს, რომ ამ სახის რეფორმის ყველაზე უფრო დიდი და გავრცელებული რისკი, სწორედაც დეფიციტის შექმნის საშიშროებაა, რაც გამოწვეულია კალკულაციის არასწორი მეთოდოლოგიით. აქედან გამომდინარე, „სავარაუდო“ დეფიციტის შექმნის შემთხვევაში პასუხისმგებლობა სრულიად იმ ორგანოზეა, ვინც განსაზღვრავს ფასს და მის გამოთვლასთან დაკავშირებულ მეთოდოლოგიას.
ასოციაციის წევრებისათვის მიუღებელია და ემიჯნებიან ბიზნესის არაეთიკურ წარმოებას, მით უმეტეს პაციენტების ხარჯზე. ფარმაცევტული კომპანიების უმრავლესობა ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა მათ მიერ გაწეული მომსახურება შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და მომხმარებლებს მიეწოდოს ხარისხიანი, უსაფრთხო და ეფექტიანი ფარმაცევტული პროდუქტი.
კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ფარმაცევტული ბაზრის ოპერატორებისთვის კატეგორიულად მიუღებელია ბრალდებები „სავარაუდო“, „თეორიულ“ დარღვევებზე და წინასწარ დაანონსებულ საბოტაჟურ მოქმედებებზე, რაც ამ დარგის წარმომადგენლების მიმართ ბოლო პერიოდში ვრცელდება. ჩვენი ასოციაციის წევრები სრულიად ემიჯნებიან მსგავს უკანონო ქმედებებს და საქართველოს კანონის დაცვით, აგრძელებენ ქვეყნის მოსახლეობის მაღალი ხარისხის მედიკამენტებით უზრუნველყოფას და კვალიფიციური მომსახურეობის გაწევას“, - ნათქვამია ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამაგიეროდ, ახალი რეფორმის წარმატებაში არანაირი ეჭვი არ ეპარება საქართველოს პრემიერს. იგი იმთავითვე დარწმუნებული იყო დადებით შედეგში და უკვე, ძალაში შესულ სიახლეს საქართველოს ახლა კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, ეს სასიკეთო პროგრამა მედიკამენტების ღირებულებას, საშუალოდ, 40%-ით შემცირებს.
„მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით წამლებზე მაქსიმალური ზღვრული ფასი დავადგინეთ. რეფორმის შედეგად, მედიკამენტების ღირებულება, საშუალოდ, 40%-ით შემცირდება“, - დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა.