აქცია სტოკჰოლმში, რომლის გამოც თურქეთმა შესაძლოა ნატოში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანება დაბლოკოს

აქცია სტოკჰოლმში, რომლის გამოც თურქეთმა შესაძლოა ნატოში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანება დაბლოკოს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლის პროვინცია სილივრში გამართულ ცერემონიაზე განაცხადა, რომ შვედეთმა და ფინეთმა უნდა მოახდინოს 130-მდე „ტერორისტის" თურქეთში დეპორტაცია ან ექსტრადაცია, სანამ თურქეთის პარლამენტი მათ ნატოში გაწევრიანების წინადადებას დაამტკიცებს.

ამ ორმა სახელმწიფომ ნატოში გაწევრიანება რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, გასულ წელს მოითხოვა, მაგრამ მათი წინადადებები ნატოს წევრმა 30-ვე ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს. ამჟამად აღნიშნული ქვეყნების ორგანიზაციაში გაწევრიანებას მხარს არ უჭერენ თურქეთი და უნგრეთი.

თურქეთის პოზიცია ასეთია - შვედეთმა უნდა გამოიჩინოს მეტი სიმკაცრე ტერორისტების მიმართ, საუბარია ქურთ მეამბოხეებსა და დაჯგუფებებზე, რომლებსაც თურქეთის ხელისუფლებაა 2016 წელს გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.

„ჩვენ ვთქვით, რომ თუ თქვენ ტერორისტებს არ გადმოგვცემთ, ჩვენ ნატოში გაწევრიანების განაცხადს ვერ დაგიმტკიცებთ. საჭიროა 100-ზე მეტი, დაახლოებით 130 ტერორისტის თურქეთისთვის გადაცემა", - განაცხადა ერდოღანმა.

ფინელმა პოლიტიკოსებმა ერდოღანის მოთხოვნაზე ისაუბრეს და იგი შეაფასეს, როგორც „გაბრაზებული პასუხი" გასულ კვირას სტოკჰოლმში მომხდარ ინციდენტზე, როდესაც ქურთი მუშათა პარტიის წარმომადგენლებმა ქალაქის ცენტრში გამართულ აქციაზე თურქეთის პრეზიდენტის მანეკენი თავდაყირა დაკიდეს.

„მე მჯერა, რომ ეს გასულ დღეებში მომხდარი მოვლენების გამო ხდება. ეს ერდოღანის რეაქციაა", - განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰავისტომ.

შვედეთის პრემიერმა კი ეს აქცია პირდაპირ შეაფასა, როგორც ნატოში გაწევრიანებაზე შევედეთის განაცხადის საბოტირების მცდელობა.

აღსანიშნავია, რომ სტოკჰოლმში მომხდარ ინციდენტს თურქეთმა ერთგვარი პოლიტიკური დემარშით უკვე უპასუხა - ერდოღანმა შვედეთის პარლამენტის სპიკერის, ანდრეას ნორლენის ანკარაში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა, რასაც მალევე მოჰყვა ფინეთის პარლამენტის სპიკერის, მატი ვანჰენის გამოხმაურებაც.

„ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ფინეთსა და შვედეთში გვაქვს გამოხატვის თავისუფლება, რასაც ვერ ვაკონტროლებთ", - განაცხადა ფინელმა პოლიტიკოსმა.

აღსანიშნავია, ორშაბათს შვედეთის პრემიერ-მინისტრი, ულფ კრისტერსონი სტოკჰოლმში ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა, სადაც განაცხადა, რომ თურქეთი პოზიტიურ ეტაპზეა შვედეთის ნატოში გაწევრიანების დამტკიცების კუთხით.

„ჩვენ პატივს ვცემთ თითოეული ქვეყნის რატიფიკაციის პროცესს. შვედეთი და ფინეთი ასრულებენ თურქეთთან სამმხრივი მომერანდუმის ვალდებულებებს. ექსტრადაციის საკითხზე კი, რომელსაც თურქეთი ითხოვს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს. მე პატივს ვცემ იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც თურქეთი მიიღებს ჩვენთან მიმართებაში", - განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა.

შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების საკითხი, სავარაუდოდ, ნატოს უახლოეს სამიტზე, 2023 წლის ივლისში უნდა გადაწყდეს.