საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასების ზრდის ტენდენცია შეინიშნება. ეს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით არის გამოწვეული. მიუხედავად გლობალური ტენდენციისა, საქართველოში არსებული ვითარება არ შეცვლება და საწვავის ღირებულება შედარებით დაბალ ნიშნულზე დარჩება.
1 ბარელი „ბრენტის“ ღირებულება ამჟამად 85 დოლარს აღწევს, ხოლო ამერიკული „ლაითის“ ფასი კი 80 დოლარამდეა გაზრდილი. რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი „ურალსის“ ფასი 57 დოლარს შეადგენს.
საერთო ჯამში, ერთკვირიან ჭრილში ნავთობი 5%-ითაა გაძვირებული, რაც რიგი გეოპოლიტიკური და მაკროეკონომიკური ფაქტორებითაა განპირობებული.
პირველ რიგში, ენერგორესურსების გაძვირება ჩინეთის მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთანაა დაკავშირებული, კერძოდ, 2023 წლის იანვრიდან საერთაშორისო ტურისტებისა და მოგზაურებისთვის გაუქმდება კარანტინის მოთხოვნის ვალდებულება.
კოვიდრეგულაციების შემსუბუქება იმის მანიშნებელია, რომ ჩინეთის მთავრობა ნულოვანი კოვიდპოლიტიკის გადახედვას გეგმავს, რაც, საბოლოო ჯამში, ჩინეთში ეკონომიკური აქტივობის აღდგენას და, შესაბამისად, საწვავზე მოთხოვნის ზრდას შეუწყობს ხელს.
მეორე ძირითადი ფაქტორი კრემლის განცხადებას უკავშირდება, კერძოდ, რუსეთი საერთაშორისო ბაზრისთვის ნედლი ნავთობის მიწოდების შეზღუდვით იმუქრება, უფრო კონკრეტულად, საუბარია წლიური წარმოების 5-7%-ით შემცირებაზე, რასაც საერთაშორისო ბაზრისთვის საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს.
გარდა მოცემული ფაქტორებისა, ოპეკის ხელმძღვანელობა ისევ თავს იკავებს საერთაშორისო ბაზრისთვის ნავთობის მიწოდების გაზრდაზე, უფრო მეტიც, შესაძლოა, რომ ენერგეტიკულმა კავშირმა მომდევნო შეხვედრაზე ნავთობის წარმოება 500 000 ბარელით შეამციროს, რათა ფასები 80-90 დოლარის ფარგლებში დასტაბილურდეს.
საქართველოში ჯერჯერობით და არც სამომავლოდ სიტუაცია არ შეცვლება და საწვავის ღირებული დაბალ ნიშნულზე დარჩება. ამის მიზეზია ის, რომ ნავთობპროდუქტები რუსეთიდან შემოდის, სადაც გაცილებით დაბალი ფასებია, ვიდრე საერთაშორისო ბირჟებზე. ასე რომ, ქვეყნის შიგნით დაწყებული საუბრები, რომ ქვეყანამ რუსულ საწვავზე უარი უნდა თქვას, ეკონომიკურ მოცემულობას არ შეესაბამება, რადგან მთლიანად ევროპულ ნავთობპროდუქტებზე გადასვლას ფასების ნახტომისებური ზრდა მოჰყვება.
სწორედ ამაზეა ამახვილებს ყურადღებას გლობალური სავაჭრო ჯგუფის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი, რომელიც ადასტურებს, რომ დღეს ბაზრის ძირითადი წილი არის რუსული საწვავი. „რეგულარის“ ტიპის ბენზინის 95% რუსეთიდან იყო იმპორტირებული.
„როდესაც ჩვენ რუსულ პროდუქტზე, მისი მასშტაბების და იმპორტის მოცულობის ზრდაზე ვსაუბრობთ, ეს სწორედ ფასის ფაქტორებიდან გამომდინარეობს. ნებისმიერი კომპანია დიდი სიამოვნებთ შეიძენს ევროპულ პროდუქტს, თუ, რა თქმა უნდა, ფასი და მიწოდებასთან დაკავშირებული ვითარება სტაბილური იქნება.
თუ იქნება ალტერნატივა და შესაძლებლობა, რომ თუნდაც მიახლოებული ფასით მოხდეს ევროკავშირის ქვეყნებიდან საწვავის შემოტანა, რა თქმა უნდა, ნებისმიერი კომპანია მზად არის იმისთვის, რომ ეს ნაბიჯი გადადგან და რუსული პროდუქტი ჩაანაცვლონ.
სამწუხაროდ, ახლა რომ ევროპულ პროდუქტზე გადავერთოთ, საწვავზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზრდება და მოწოდების მხრივ შეიძლება პრობლემები შეიქმნას, რაც მომხმარებელს დიდ დისკომფორტს შეუქმნის, ამიტომ ამ შემთხვევაში გადამწყვეტი და პრიორიტეტული არის ფასი“, - აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა.
ამ ეტაპზე საქართველოში 1 ლიტრი ბენზინის ღირებულება არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე 2.25-2.30 ლარის ფარგლებშია, ხოლო ბრენდირებულ სადგურებზე 3 ლარს ჩამოსცდდა და 2.80 ლარის ირგვლივ ტრიალებს. აღსანიშნავია, რომ საბითუმო ბაზარზე 1 ლიტრი ბენზინის ფასი უკვე 2 ლარს ჩამოსცდა.
.ამათ გაძვირების პრიჩინა მიეცი და მაშ არ გაააძვირებეეენ??