„დღეს მანქანის გაჩერებას და ფეხით მოძრაობას აზრი არ აქვს, ამიტომ კერძო ტრანსპორტზე მოთხოვნა დარჩება უმაღლეს დონეზე“

„დღეს მანქანის გაჩერებას და ფეხით მოძრაობას აზრი არ აქვს, ამიტომ კერძო ტრანსპორტზე მოთხოვნა დარჩება უმაღლეს დონეზე“

დედაქალაქში საცობების პრობლემამ უკვე ყველა დასაშვებ გათვლას გადააჭარბა. მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა შედეგს ვერ იძლევა, თუმცა ქალაქის ხელმძღვანელობა იხტიბარს მაინც არ იტეხს და ბოლომდე აპირებს დასახული გეგმის სისრულეში მოყვანას. ამ დროს მის არჩეულ გზას, ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა.

თბილისის მერმა, მედიასთან საუბრისას, დედაქალაქში საცობების გამომწევ მიზეზებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებული საცობები ბოლო წლებში კერძო ავტომობილების რაოდენობის რეკორდული ზრდის შედეგია. კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მერია ძალისხმევას არ იშურებს, რომ პრობლემა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებით და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით გადაიჭრას. მანვე აბსურდული უწოდა აღნიშნულ თემაზე ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გამოთქმულ შენიშვნებს.

„ოპოზიციაში საერთოდ სატრანსპორტო პოლიტიკის გაგებაში არ არიან და წარმოდგენა არ აქვთ, რა უნდა გაკეთდეს ქალაქში ამ მიმართულებით. რაც შეეხება საცობებს, თბილისში, განსაკუთრებით პიკის საათებში, ფიქსირდება კერძო ავტომობილების რეკორდული მაჩვენებელი. 2012 წლამდე, დაახლოებით, 180 000-მდე კერძო ავტომობილი გადაადგილდებოდა დედაქალაქში. დღეს, პიკის საათებში 600 000-ზე მეტი კერძო ავტომობილი გადაადგილდება და წარმოიდგინეთ, ეს რიცხვი მუდმივად მზარდია.

ყოველწლიურად კერძო ავტომობილების რაოდენობა იზრდება. რა უნდა დავუპირისპიროთ ამას? უნდა დავუპირისპიროთ ერთი რამ - საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, ხელმისაწვდომობა, ინფრასტრუქტურის შექმნა ისე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს სწრაფი და კომფორტული. ამისთვის ვმუშაობთ, ამისთვის ვაკეთებთ ამდენ გამზირს, ქუჩას. იხაზება და კეთდება შესაბამისი ზოლები იმისთვის, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა შეძლოს კომფორტულად გადაადგილება. ახალს არაფერს ვიგონებთ, ვაკეთებთ იმას, რაც განვითარებულმა ქალაქებმა თავის დროზე გააკეთეს, სადაც იგივე პრობლემები იყო, რაც დღეს თბილისშია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისი მართლაც ვეღარ იტევს ვერც ამდენ მოსახლეობას და ვერც მანქანებს. როგორ დავძლიოთ საცობების პრობლემა, ამაზე დღეს ბევრი ბჭობს. სატრანსპორტო პოლიტიკის ექსპერტი მევლუდ მელაძე მერიის მოსაზრებებს არ იზიარებს.

თბილისში იზრდება ავტომობილების რიცხვი, ასევე, მოსახლეობაც და რას ვიზამთ? რაც არ უნდა ვქნათ, კერძო მანქანებზე მოთხოვნა მაინც დარჩება უმაღლეს დონეზე.

დღეს მანქანის გაჩერებას და ფეხით მოძრაობას აზრი არ აქვს, რადგან იგივე საცობში უნდა იყოს მეტროშიც, ავტობუსშიც, ყველგან ბევრ მგზავრთან შეზელილი უნდა იყოს და ადამიანს ურჩევნია, ისევ მანქანაში იჯდეს და ამასობაში, მობილურში მაინც იქექოს. ყველაფერი იქეთკენ მიდის, რომ ადამიანებს ვაიძულოთ, ავტომობილებით არ გამოვიდნენ ქუჩაში, მაგრამ ამას ძალიან მყარი არგუმენტი უნდა ჰქონდეს. საცობში სულ რომ 4 საათი ვიყო, იგივე დრო დამჭირდება სხვადასხვა ავტობუსებში გადასაჯდომად და მაინც მირჩევნია, ჩემს მანქანაში ვიყო, ჩავრთავ ინტერნეტს და საინფორმაციოს მაინც ვუყურებ, რაღაცას გავიგებ, რატომ ვიყო ვიღაცებთან შეზელილი, რა ძალა მადგია, თან ამ ვირუსების ჟამს? თუ ტრანსპორტი ასეთი მოქნილი და კარგია, მერიამ აკრძალოს მისი თანამშრომლების სამსახურში მანქანით მისვლა და ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მიდიოდეს სამსახურში, მათ ზუსტად ეცოდინებათ, რა როგორ მუშაობს.

გარდა ამისა, აუცილებელია საპარკინგე სივრცეების მოწყობა უბნებში, თუნდაც სართულებიანის, რათა ეს მანქანები ქუჩებში არ იყოს ჩახერგილი, რაც უმეტეს შემთხვევაში ქმნის საცობს. მჭიდროდ დასახლებულ უბნებში, სადაც ამხელა კორპუსების მშენებლობა მიდის, მას თუ არ ექნება შესაბამისი რაოდენობის პარკირების სივრცეები, ეს ამდენი მანქანა სად ჯანდაბაში წავა? ამიტომ მოთხოვნაში უნდა ჩადებულიყო თითოეულ ბინაზე 2 საპარკინგე. ქალაქის ცენტრში ვინმეს თუ უნდა კორპუსის აშენება და იქ ბინების გაყიდვა, იქ ძვირიც უნდა ღირდეს, სხვანაირად არ გამოვა.

მივედით იქამდე, რომ რადგან თბილისის მჭიდროდ დასახლებულ სივრცეებში ამხელა ცათამბჯენები აშენდა ქუჩების დავიწროების ტენდენცია წავიდა, პარკინგის სივრცეები დაემატა კი არა, რაც იყო, ისინიც გაუქმდა, „ბასლაინების“ ჩაყოლებაზე რაც კი რამ საპარკინგე სივრცე იყო, ყველა გაუქმდა. ეს ავტომობილები სადღაც ხომ უნდა იდგნენ, ცაში ხომ არ ჩამოვკიდებთ? ხვალ რომ სულაც კანონი გამოვიდეს, მანქანით ნუ გამოხვალთ, თორემ დაგხვრეტთო, ამ ავტომობილებს ხომ არ გადააგდებენ, სადღაც ხომ გააჩერებენ და, შესაბამისად, სადღაც ხომ უნდა იყოს სივრცე?“, - განუცხდა „ამბებს“ მელაძემ.

ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად, როგორ აღვნიშნეთ, საცობები ადამიანის ჯანმრთელობაზეც უარყოფითად აისახება. ექიმები ამბობენ, რომ საცობში ხანგრძლივად დგომა პროვოცირებს ნერვული, კუჭ-ნაწლავის, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებებს, აუარესებს მეხსიერებას და იწვევს დეპრესიის განვითარებას. სიტუაციის გასაუმჯობესებლად საჭიროა ავტომობილი აღვჭურვოთ ნახშირბადის ფილტრებით, რომელიც აირწინაღის პრინციპით მუშაობს.

ძირითად საშიშროებას წარმოადგენს გამონაბოლქვი აირები, რომლებიც ძლიერად აკუმულირდება საცობში, განსაკუთრებით თუ გზაზე ბევრი სატვირთო მანქანაა. როდესაც მანქანა საცობში იჭედება, შიგნით მავნე ნივთიერებების დონე 40%-ით იზრდება, თუმცა ფანჯრის გაღება მაინც არ ღირს.

გამონაბოლქვი აირები და ნახშირჟანგის ვარიაციები ბოჭავს სისხლს და არღვევს ჟანგბადის მიწოდების უნარს. ეს იწვევს ყურადღების დროებით დაქვეითებას და ჟანგბადის შიმშილს.

მეორე საშიშროებას წარმოადგენს აზოტის ოქსიდი და დიოქსიდი. თვალის, ცხვირისა და ბრონქების ლორწოვანთან კონტაქტისას წარმოიქმნება აზოტისა და აზოტოვანი მჟავები, რის შედეგადაც ადამიანი გრძნობს წვას და ქავილს თვალის არეში და სუნთქვისას დისკომფორტს. ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად შეიძლება განვითარდეს ქრონიკული ბრონქიტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანის ანთება, გულის დაავადებები, ნერვული აშლილობა და დეპრესია. გამონაბოლქვ აირებში ასევე დიდი რაოდენობითაა კანცეროგენები.