შვიდწლიანი ხელმძღვანელობის შემდეგ, კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტს ტოვებს. გავრცელებული ინფორმაციით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტი, შესაძლოა, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, ნათია თურნავამ დაიკავოს. ამ თემაზე საუბარს თავად ნათია თურნავა ერიდება. მის განვლილ საქმიანობას პოზიტიურად აფასებენ მმართველი გუნდის ლიდერები, თუმცა ყოფილი მინისტრის ეროვნული ბანკის პრეზიდენტობაზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევენ.
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი ნათია თურნავას პროფესიონალად მიიჩნევს და საჭიროების შემთხვევაში, მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს, თუმცა ფაქტს, რომ თურნავა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე განიხილება, არ ადასტურებს.
„ყველანაირად დადებითად და მაღალკვალიფიციურ კადრად დავახასიათებდი, როგორც მისი მინისტრობის პერიოდში, ასევე, ყველა იმ თანამდებობაზე, რომელზეც უმუშავია, შესაბამისად, ყველა მის შემდგომ ნაბიჯს ჩემი მხარდაჭერა ექნება, თუმცა აღნიშნულ ფაქტს ნამდვილად არ ვადასტურებ“, - თქვა წილოსანმა.
ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელად თურნავას კანდიდატურას მიუღებლად მიიჩნევს საპარლამენტო ოპოზიცია. კანონმდებლებმა დღეს ეკონომიკის ყოფილ მინისტრს კომპეტენციაც დაუწუნეს და თქვეს, რომ თურნავა მთავარი საფინანსო ინსტიტუტის დამოუკიდებლობის ხარისხს შეამცირებს.
„გირჩის“ წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი თურნავას ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დანიშნვას არ ემხრობა, რადგან, რაქვიაშვილის თქმით, მას არანაირი განსაკუთრებული ხედვა ეროვნული ბანკის მიმართ არ გააჩნია.
„ძალიან ცუდი ხდება, თუ ნათია თურნავა გახდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, მათ შორის, იმიტომ, რომ მას არ აქვს რაიმე განსაკუთრებული ხედვა ეროვნული ბანკის მიმართ, განსხვავებული პოზიცია, ზოგადად, ეთანხმება იმ ყველაფერს, რაც ხდება და ორნიშნა ინფლაციას, რომელიც ეროვნული ბანკის დამსახურებაა. არის თაროებიდან წამოსული ადამიანი.
ასევე ვიცი, რომ ბევრი ადამიანი კრიტიკულად უყურებს მის კანდიდატურას, მათ შორის პარლამენტში. იმედია, რომ მას არ აირჩევენ პრეზიდენტად და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ვაკანტური ადგილებია საბჭოში და იქ ავირჩიოთ ადამიანი, რომელსაც, მინიმუმ, საღი პოზიცია უკავია მაკროეკონომიკის ნაწილში“, - აცხადებს რაქვიაშვილი.
საქართველოს ეროვნული ბანკის ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ კი მომავალ პრეზიდენტს ურჩია, რომ არ მოერიდოს არაპოპულარულ გადაწყვეტილებებს, რომლის გარეშეც მიზნის მიღწევა შეუძლებელია.
„ფინანსური სექტორი არის ჯანსაღი და მყარი, არასაბანკო ფინანსური სექტორი არის მოწესრიგებული და ისეთი რისკები, როგორიც არის მაგალითად პირამიდები, შემცირებულია. ქვეყანამ შეძლო დახმარების მიღება, როდესაც ამის საჭიროება იდგა და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ დასაწყისი ნამდვილად კარგი ექნება.
ჩემს შემცვლელს ვურჩევ, რომ ყოველთვის საქმის კურსში იყოს, თუ რა ხდება საერთაშორისო ბაზარზე, რომელი პრაქტიკა არის უფრო კარგი და არასოდეს მოერიდოს არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღებას, რადგან ამის გარეშე, სამწუხაროდ, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი მიზნების მიღწევა შეუძლებელია“, - ამბობს კობა გვენეტაძე.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ პოსტის დატოვების შემდეგ მიუხედავად მრავალი შემოთავაზებისა, პირველ ეტაპზე დასვენებას გეგმავს.
„მაქვს რამდენიმე, საკმაოდ კარგი შემოთავაზება, თუმცა მინდა რომ ცოტა ხანი დავისვენო. დაგროვებული მაქვს რამდენიმე წიგნი, რომელიც ძალიან მინდა წავიკითხო“, - აღნიშნა გვენეტაძემ.