სააკაშვილი თვითონ ენმ-ს ამომრჩეველშიც უკვე ძლევამოსილი ლიდერის იმიჯით აღარ სარგებლობს, არადა, ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, ხალხს სწორედ ძლევამოსილი ლიდერის ხილვა სურს. მაგალითად, ციხეში მყოფი ნიკა გვარამია, ჩემი მისდამი დამოკიდებულების მიუხედავად, გაცილებით უფრო ღირსეულად იქცევა - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სააკაშვილის სასამართლოს გარშემო განვითარებული მოვლენების შეფასებისას.
მისი აზრით, პროცესზე თავად მიხეილ სააკაშვილის ჩართვას, ჯერჯერობით ის ეფექტი არ ჰქონდა, რომ მოსახლეობისგან საპროტესტო დიდი ტალღა წამოვიდეს, რაზედაც აქცენტს სააკაშვილის ოჯახი და გარემოცვა აკეთებს.
„ჰქონდა თუ არა სააკაშვილის გამოჩენას ის ეფექტი, რაც საპროტესტო ტალღის ასაგორებლად საკმარისი იქნება, ეს ალბათ უახლოეს დღეებში გამოჩნდება. ვიზუალმა საზოგადოების და ზოგადად სააკაშვილის მომხრეების ცნობიერებაში ჯერ რაღაცნაირად აბსორბირება უნდა მოახდინოს და ამის შემდეგ ის განწყობა უნდა დადგეს, რომელმაც შესაძლოა ადამიანებს საპროტესტო ქცევისკენ უბიძგოს.
„მიუხედავად იმ ინტენსიური პროპაგანდისა, რაც ხალხის მობილიზებისათვის ენმ-ს მიერ კონტროლირებადი მედიებიდან მიდიოდა, სასამართლოს შენობის წინ ხალხი ცოტა იყო. აქედან გამომდინარე, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ჯერჯერობით საპროტესტო მუხტი მაღალი არაა. მერე რა იქნება, ვნახოთ, თუმცა წინასაახალწლო და საშობაო დღეები აქციებისთვის არახელსაყრელია. ხალგრძლივ საპროტესტო აქციებს ხელს არც ამინდი არ უწყობს.
„თუ სოციალუირ ქსელებს შევხედავთ, ჩემი დაკვირვებით, საზოგადოების ერთ ნაწილს შესაძლოა პროტესტის და ემპათიის განცდა გასჩენოდა, მაგრამ მეორე ნაწილმა ჩათვალა, რომ სააკაშვილი გარკვეულწილად სიმულირებას ეწეოდა. მე იმ კომენტარებს ვციტირებ, რაც სოცქსელებში იყო, რომ სპეციალურად აკეთებდა იმას, რასაც აკეთებდა, რომ საზოგადოებაში ვნებათაღელვა აეგორებინა. მაგალითად ერთი პატარა დეტალი რომ გავიხსენოთ, თმის დავარცხნას რა დიდი ძალსიხმევა სჭირდებოდა?!
„გარდა ამისა, მისი ეს განცხადება, რომ უკრაინის მოქალაქე ვარ და ქართულად არ ვილაპარაკებო, პირადად ჩემთვის და ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრისთვისაც, დადებითად აღქმული არ იქნებოდა. როცა მშობლიურ ენაზე საუბარი არ სურს, რა გამოდის? ე.ი. საკუთარ თავს საქართველოსგან კვეთავს? ეს განცხადება საკმაოდ ალოგიკურად და მისი იმ იმიჯისთვის დამაზიანებლად გამოიყურებოდა.
„არ მგონია, რომ მოსამართლემ განაჩენი ერთ დღეში გამოიტანოს, რადგან თვითონ სააკაშვილის ადვოკატებისვე ნათქვამს დავეყრდნობი, რომ 30-მდე მოწმეა დასაკითხი და ძალიან ბევრი მასალაა გასაცნობი, რომელიც ბევრი ტომისგან შდგება და ეს ასე მალე არ მიესწრება",- განაცხადა ანჯაფარიძემ.
მისივე აზრით, საზოგადოებაში სააკაშვილისადმი, როგორც ლიდერისადმი რწმენა თანდათან იკლებს.
„ნაცმოძრაობა" და მასთან აფილირებული რადიკალური ოპოზიციური ჯგუფები უკვე მერამდენეჯერ საუბრობენ, რომ შეიკრიბებიან, ერთობლივ გეგმას შეიმუშავებენ, აქციებს მოაწყობენ, მაგრამ ბოლო წლებია ვხედავთ, რომ თუ რაღაცა გეგმა აქვთ, ეს არცთუ ისე ეფექტურია და ფიასკოთი მთავრდება-ხოლმე. ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე იყო და აქციებზე მაინცდამაინც ბევრი ხალხი ვერ გამოჰყავთ.
„არ მინდა წინმსწრები, შორსმავალი ვარაუდები გამოვთქვა, მაგრამ დღევანდელ აქციაზე ხალხის სიმწირე სწორედ ერთ-ერთი ინდიკატორი იყო იმისა, რომ სააკაშვილისადმი, როგორც ლიდერისადმი ნდობა და რწმენა იკლებს, მათ შორის „ნაცმოძრაობის" ამომრჩეველში, რამდენიმე ათას მართლმორწმუნე ნაციონალს თუ არ ჩავთვლით.
„მაგრამ თვითონ ენმ-ს ამომრჩეველშიც სააკაშვილი უკვე ძლევამოსილი ლიდერის იმიჯით აღარ სარგებლობს, მით უმეტეს დღევანდელი გამოჩენაც ამას ემსახურებოდა, რომ მისი იმიჯი რაღაცნაირად გაუფერულებულიყო. ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, ჩვენს მოსახლეობას უნდა, რომ ძლევამოსილი ლიდერი დაინახოს, თუნდაც ციხეში მყოფი. მაგალითად ნიკა გვარამია, ჩემი მისდამი დამოკიდებულების მიუხედავად, გაცილებით უფრო ღირსეულად იქცევა.
„ჩემი აზრით, სააკაშვილის საქციელი მისთვის უფრო წამგებიანია, ვიდრე ის, რაზედაც მისი ოჯახი და გარემოცვა აქცენტს აკეთებს, რომ თითქოს პუბლიკის წინაშე სააკაშვილის ამ სახით წარმოჩენა საპროტესტო აქციებს ააგორებდა. მე არ მგონია, რომ ასე მოხდეს. მათი გეგმები ალბათ ისევ ქუჩის აქციები იქნება სხვა რა შეუძლიათ, იმედია „ვივა-მედზე" შეტევას არ მიიტანენ", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".