კარგად გვახსოვს, როგორ ერევიან საქართველოს არჩევნებში უცხო ქვეყნები, - განაცხადა ექსპერტმა დავით ჩიხელიძემ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“. მაგალითად მან 2016 წელს, არჩევნებამდე ორი კვირით ადრე გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქება და 2021 წლის არჩევნებამდე მიხეილ სააკაშვილის შემოპარვის ფაქტები მოიყვანა.
„ახლა ვხედავთ, რომ ისევ უკრაინიდან შემოვიდა ასაფეთქებელი ნივთიერება, რომლის საბოლოო დანიშნულების ადგილი ავლაბარი აღმოჩნდა. შესაბამისად, იკვეთება, რომ გარე ძალების ინტერესი საქართველოს მიმართ გაზრდილია. მათ უნდათ, რომ მოხდეს რევოლუცია, რადგან საქართველოს გაიმეოროს ის გზა, რაც უკრაინამ გაიარა. ეს არ არის მითი და შეთქმულების თეორია. ამაზე ფაქტები მეტყველებს“, - განაცხადა ჩიხელიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ გასულ არჩევნებზე საქართველოში „ენჯეოების“ გავლით დიდი თანხები შემოვიდა, რომლებიც მათ არამიზნობრივად ხარჯავდნენ და „კანვასის“ ტრენინგები გაიხსენა.
„როდესაც დონორს ჰკითხეს რას ემსახურებოდა ტრენინგი და რაში გადაიხადეთ თანხა, დონორმა განაცხადა, რომ თანხა კულტურულ ღონისძიებაში გადაიხადა. და დონორი იყო USAID-ი, რომელმაც რეალურად ფული გადაიხადა იმაში, რომ მომხდარიყო გადამზადება სერბი ინსტრუქტორების მიერ და ქართველებს მოეწყოთ რევოლუცია“, - დასძინა ჩიხელიძემ.
მისივე განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკუთარ უფლებამოსილებას გადააჭარბეს, რადგან წახალისებულები იყვნენ მათი უცხოელი დამკვეთების მიერ.
„მათთვის არ არსებობდა ცნება „სამშობლო“. მათთვის მთავარი იყო პატრონი, რომელიც აძლევდა დავალებას და ის უნდა შეესრულებინათ, რადგან მიეღოთ ფინანსური სარგებელი, რაზეც შეთანხმებულები იყვნენ“, - აცხადებს ექსპერტი.