მთავრობა გიგანტური პროექტების „გაცოცხლებაზე“ გადავიდა. ანაკლიის პორტის შემდეგ მივიწყებული ხუდონჰესის ჯერი დადგა. ჰესის აშენებას, რომლის წინააღმდეგაც სვანეთის მოსახლეობა უკვე 30 წელზე მეტია ირაზმება, ამჯერად სახელწიფო უპირებს აშენებას. შესაბამისი გადაწვეტილება მიღებულია და პირველი ნაბიჯები გადაიდგა კიდეც.
ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობას ხუდონჰესის პროექტის ინვესტორისგან გამოსყიდვა 13.5 მლნ დოლარი დაუჯდა.
„ხუდონჰესთან დაკავშირებით პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ, იყო ის, რომ სახელმწიფოს შეძლებოდა პროექტის დაბრუნება, რათა პროექტის განხორციელების ეტაპზე ბარიერი აღარ ყოფილიყო და უმოკლეს პერიოდში ჩვენ პროექტის განხორციელების დაწყება შეგვძლებოდა. 13.5 მლნ აშშ დოლარი იყო თანხის მოცულობა, რაზეც ინვესტორ კომპანიასთან გარიგება შედგა“, - განაცხადა დავითაშვილმა.
ინვესტორთან მოლაპარაკებების პროცესში მთავრობას იურიდიული ფირმა „ჰოგან ლოველლს“-ი ჰყავდა ჩართული. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ხუდონჰესი ქვეყნის რესურსებით აშენდება და საბოლოოდ მოსახლეობა მიიღებს იმ ეკონომიკურ სიკეთეს, რაც ამ პროექტით უნდა მივიღოთ.
„გალტ ენდ თაგარტის“ ანალიტიკოსის მარიამ ჩახვაშვილის მოსაზრებით, ხუდონჰესზე მოსახლეობასთან მოლაპარაკებებში მთავრობის ჩართულობა აუცილებელია. მთავრობამ პროექტი მშენებლობის ნებართვამდე უნდა მიიყვანოს.
„ცალსახად კარგია, რომ ამ მიმართულებით გარკვეული სიახლეა, რადგან აქამდე არაფერი კეთდებოდა და პროექტი გაჩერებული იყო. ახლა ის მაინც ვიცით, რომ მთავრობა იქნება თუ ახალი ინვესტორი, მეტი შანსია რამე გაკეთდეს. ფაქტია ისიც, რომ პროექტის ძველი ინვესტორი არაფერს აკეთებდა. აქედან გამომდინარე, გარკვეული ძვრები ამ მიმართულებით ძალიან კარგია.
აუცილებელია მოსახლეობასთან მოლაპარაკებებში მთავრობა იყოს ჩართული. თუ ასეთი სტრატეგიული პროექტია, რასაც ამბობენ და ვადასტურებ, რომ ხუდონჰესი ნამდვილად სტრატეგიულია, საჭიროა მთავრობამ პროექტი მშენებლობის ნებართვამდე მიიყვანოს. ინვესტორს ძალიან უჭირს მოქალაქეს დაუმტკიცოს, რომ ეს პროექტი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაშინ როცა მთავრობა დუმს.
აქამდე მთავრობის პოლიტიკა ისეთი იყო, რომ მაქსიმალურად ინვესტორს გაეკეთებინა ყველაფერი, ახლა ნახა, რომ ვერ სრულდება პროექტები და იძულებული გახდა თავად ჩაერთოს. ამას გარდა, ქვეყანაში საკუთარი ენერგიის წყაროების აქტუალურობა ნამდვილად გაზრდილია. იმ ენერგეტიკულმა კრიზისმა, რომელსაც ამ დროისთვის მსოფლიო უმკლავდება, ენერგოდამოუკიდებლობის საკითხი დღის წესრიგში უფრო მწვავედ დააყენა. ახლა უფრო ნათლად ჩანს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებამ რა შეიძლება მოიტანოს“, - განაცხადა ჩახვაშვილმა.
მთავრობის გადაწყვეტილებას, „ხუდონის“ ჰიდროელექტროსადგურის გამოსყიდვასთან დაკავშირებით, შეფასებები მოჰყვა ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლებს შორისაც. ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ძალისხმევა ინვესტორების მოძიებაში უნდა დახარჯოს, ფული კი ისეთ სფეროებში ჩადოს, სადაც ინვესტიციები ნაკლებ მოსალოდნელია.
„ინვესტორი თუ თავად ვერ აკეთებს, სჯობს ახალი ინვესტორი მოვიძიოთ, ვიდრე სახელმწიფომ აკეთოს. მთავრობის მიერ ამაზე ფულის ხარჯვას, აჯობებს სახელმწიფომ ფული ისეთ რაღაცებში დახარჯოს, რაშიც ინვესტორი არ დახარჯავს“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
ხუდონჰესის პროექტი მესტიის მუნიციპალიტეტში, ენგურის ზედა ნაწილში ჰესის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტი მოიცავს თაღოვანი კაშხლის, მიწისქვეშა ელექტროსადგურისა და სხვა ნაგებობების მშენებლობას. მისი დადგმული სიმძლავრე 702 მგვტ, ხოლო ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება 1,5 მლრდ კვტ/სთ-ია. პროექტი ინდურ კომპანია „ტრანს ელექტრიკას“ უნდა განეხორციელებინა.
როგორც ცნობილია, „ტრანს ელექტრიკასთან“ საქართველოს მთავრობამ ხუდონის ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით პირველი მემორანდუმი 2011 წელს გააფორმა. მას შემდეგ დოკუმენტში არაერთი ცვლილება შევიდა. 2015 წელს განახლებული მემორანდუმის მიხედვით, სახელმწიფო ელექტროსადგურის აშენების შემდეგ იღებდა ვალდებულებას, რომ აშენებიდან 15 წლის განმავლობაში წინასწარ დადგენილ ტარიფად შეეძინა გამომუშავებული ელექტროენერგია. კერძოდ, ხელშეკრულებაში ჩაიდო, რომ პირველი 8 წლის განმავლობაში ხუდონის გამომუშავებული ელექტროენერგიის გარანტირებული ტარიფი კილოვატზე 10.5 აშშ ცენტი იქნებოდა.