იანვრიდან ტექდათვალიერების მოთხოვნები მკაცრდება და ახალი გადასახადიც წესდება

იანვრიდან ტექდათვალიერების მოთხოვნები მკაცრდება და ახალი გადასახადიც წესდება

2 კვირის შემდეგ ტექდათვალიერებაზე მისულ მძღოლებს ბევრი ცვლილება დახვდებათ, რომელთა დიდი ნაწილი მათთვის სახარბიელო არ იქნება. საქმე ეხება მანქანის გამონაბოლქვის სტანდარტის გამკაცრებას, ხმაურის დონის შემოწმებასა და განმეორებითი ინსპექტირებისათვის გადასახადის დაწესებას.

2023 წლის 1-ელი იანვრიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, მავნე გამონაბოლქვის შემცირების მიზნით, ძალაში შედის გამონაბოლქვზე შემოწმების სტანდარტის გამკაცრება. ეს გულისხმობს ტექნიკური ინსპექტირებისას გამოსაყენებელი გამონაბოლქვში ნახშირჟანგის შემცველობის ნორმების კოეფიციენტის განსაზღვრას.

კერძოდ, 2023 წლის 1-ლი იანვრიდან ბენზინის ძრავიანი ავტომობილის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისას ავტომობილის გამონაბოლქვში CO-ს დასაშვები ზედა ზღვარი შემცირდება და გახდება 0.55% ძრავის უქმ სვლაზე.

„საწყის ეტაპზე - 2017 წელს, გამონაბოლქვის დასაშვები ნორმების გამკაცრების გადავადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიღებული იქნა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სტატისტიკური ინფორმაციის გათვალისწინებით, რადგანაც საქართველოს ავტოპარკი მზად არ იყო რეგულაციების გამკაცრებისთვის, პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაქვემდებარებული მთლიანი საავტომობილო პარკის დაახლოებით 50% ვერ დააკმაყოფილებდა CO-ის შემცველობასთან დაკავშირებულ სტანდარტს და დახარვეზდებოდა.

იმ მიზნით, რომ სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს, პანდემიის პირობებში მისცემოდათ დრო და საშუალება, რათა გამონაბოლქვში CO-ს შემცველობის ევროპულ სტანდარტთან დაახლოებისთვის მოეწესრიგებინათ მათ მფლობელობაში არსებული ავტომობილები, ზემოაღნიშნული ცვლილებებით დადგინდა 2023-2025 წლებისთვის განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირებისას გამოსაყენებელი CO-ს კოეფიციენტის განსაზღვრის გარდამავალი ეტაპები.

ცვლილებების თანახმად, 2024 წელს გამონაბოლქვში CO-ს დასაშვები ზედა ზღვარი არ უნდა აღემატებოდეს 0.5%-ს, 2025 წლიდან კი ძრავის უქმ სვლაზე - 0.5%, ხოლო ძრავის უქმ სვლაზე მაღალ ბრუნთა რიცხვით - 0.3% უნდა შეადგინოს.

აღნიშნული ნორმების ეტაპობრივი გამკაცრების შემდგომ 2025 წლისთვის უზრუნველყოფილი იქნება სრული შესაბამისობა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან გამონაბოლქვის შემოწმების მიმართულებით, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საავტომობილო პარკის ეკოლოგიურ მდგომარეობას და შეამცირებს ავტომობილის გამონაბოლქვის შედეგად გარემოსთვის მიყენებულ ზიანს“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.

იანვრიდანვე ავტოსატრანსპორტო საშუალებებს ტექდათვალიერების დროს ხმაურზეც შეამოწმებენ და ხმაურის დონის (დეციბალებში) საშუალო მაჩვენებელი დადგინდება.

2019 წლიდან მოყოლებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ხმაურის შემოწმების კომპონენტის შემოწმების ვალდებულება რამდენჯერმე გადავადდა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ზენორმატიული ხმაური უარყოფით გავლენას ახდენს მოსახლეობაზე, განსაკუთრებით ურბანულ პირობებში და ღამის საათებში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის ხმაურის შემოწმების ვალდებულება, რაც განხორციელდება ერთ-ერთ კომპონენტად პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ფარგლებში.

ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტები რეგულაციების დაწესებას მიესალმებიან, თუმცა აქვთ შენიშვნებიც და აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებას საავტომობილი ბაზარი მოუმზადებელი ხვდება.

საავტომობილო ბაზრის ექსპერტი ელგუჯა ჯამაგიძე ამბობს, რომ ინფორმაციული კამპანია ვერ აწარმოა სახელმწიფომ, ამ მხრივ სრული ქაოსია. ცალკე პრობლემაა ხარჯი, რის გაღების შესაძლებლობა მძღოლების უმეტესობას არ აქვს.

„გამოკითხვა რომ ჩატარდეს, ავტომფლობელების 80% იტყვის, რომ არ არის ინფორმირებული. ეს მაშინ, როცა სულ ცოტა დროა დარჩენილი კანონის ამოქმედებამდე. რა ქნან მძღოლებმა, რომლებსაც არ შეუძლიათ ხარჯის გაწევა. კატალიზატორი, მინიმუმ, 500 დოლარი ღირს, სხვა ხარჯსაც თუ გავითვალისწინებთ, სულ მცირე, 1500-1800 ლარის გაღება მოუწევს მძღოლს.

ცხადია, მივესალმები ცვლილებას, აუცილებელია, მაგრამ პრობლემებიც მოსალოდნელია, რაზეც თვალს ვერ დავხუჭავთ. სჯობს, ევროპულ სტანდარტს ჯერ საწვავის ხარისხით დავეწიოთ და შემდეგ ვიზრუნოთ სხვა რეგულაციებზე. ძალიან ბევრი მანქანა დახარვეზდება. ყოველი 100-დან 40-50 ვერ გაივლის ინსპექტირებას“, - აღნიშნა ჯამაგიძემ.

გარდა ამისა, 2023 წლის 1-ელი თებერვლიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება ფასიანი ხდება.

საერთაშორისო პრაქტიკით, უმეტეს სახელმწიფოებში, სადაც მოქმედებს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება საქართველოს მსგავსი სისტემით, განმეორებითი ინსპექტირებისთვის დაწესებულია საფასური, რომელიც შეადგენს პირველადი ინსპექტირების საფასურის დაახლოებით 30%-ს.

შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალების განმეორებით ტექნიკურ ინსპექტირებაზე საქართველოშიც დგინდება საფასურები შემდეგი განაკვეთებით:

- მძიმეწონიანი სატვირთო და სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის (M2, M3, N2, N3 - კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის) - 30 ლარი.

- მსუბუქი სამგზავრო (M1 კატეგორია) და სატვირთო (N1 კატეგორია) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, და მისაბმელებისთვის (O3, O4) - 20 ლარი.

- ელექტრომობილებისთვის (M1 კატეგორია) - 15 ლარი.