"იმისთვის, რომ ტრიბუნალი შედგეს, ჯერ რუსეთი უნდა დამარცხდეს"

"თუ წავაგებთ, ჰააგა დამლაგებელსაც კი ელოდება, რომელიც კრემლის კედლის მიღმა ქვაფენილს ასუფთავებს", - ასეთია­ რუსი იდეოლოგების შიში. კრემლის პროპაგანდისტი ღუსსია­ თოდაყ-ის­ მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი დარწმუნებულია, რომ რუსებს­ უნდა ეშინოდეთ უკრაინის ომში წაგების: "ისინი ჩვენი ყირიმის ასაღებად ემზადებიან,­ ჩვენ ვაკეთებთ ერთადერთს, რისი გაკეთებაც­ შეგვიძლია ამ სიტუაციაში­ - ჩვენ ვბომბავთ! ყოველდღე ვბომბავთ: ვბომბავთ­ ინფრასტრუქტურას. ღმერთმა იცის, ეს არ გვინდოდა! მე კარგად ვიცი, რომ ხელისუფლებას­ ეს არ სურდა". კრემლის კიდევ ერთი პროპაგანდისტი ოლგა სკაბეევა ირწმუნება, რომ უკრაინაში დამარცხების შემდეგ რუსეთს რეპარაციები და იზოლაცია ელოდება. მისი თქმით, ყველას, ვინც მხარს უჭერდა ომს, პასუხს მოსთხოვენ:. "ჩვენ ამას არ დავუშვებთ, თუ მოულო­დნელად რამე მოხდება და ჩვენი­ ქვეყანა ვერ გაიმარჯვებს, მაშინ გამონაკლისის გარეშე პრეტენზიები ყველასთან ექნებათ, მიუხედავად იმისა, რუსეთის ფედერაციის ფარგლებშია თუ რუსეთის ფედერაციის გარეთ. უბრალოდ, გარეთ მყოფებს დაუყოვნებლივ დააპატიმრებენ, იმისდა მიუხედავად, პუტინის რეჟიმის თანამზრახველები არიან თუ არა, ჩვენ ყველანი დამნაშავეები ვიქნებით". მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალი სიტუაციიდან არის უკრაინის დაბომბვის გაგრძელება, რადგან "საფრთხეშია რუსეთის ფედერაციის არსებობა და მისი თითოეული მოქალაქის სიცოცხლე". "ჰააგის ტრიბუნალის გარეშე სისხლის სამართლის საქმეების გახსნა, კომპენსაციები, რეპარაციები რომ არ მოხდეს, საომარი მოქმედებების გააქტიურებაა საჭირო, რათა ზავით თუ მშვიდობით მოგვმართონ", - დასძენს სკაბეევა. როგორც ჩანს, რუს პროპაგანდისტებს მოსვენება დაუკარგა­ გერმანიაში "დიდი შვიდეულის" იუსტიციის მინისტრების შეკრებამ. "დიდი შვიდეულის" მინისტრები უკრაინაში სამხედრო დანაშაულის გამოძიებასთან დაკავშირებით შეიკრიბნენ... შეხვედრის დაწყებამდე გერმანიის იუსტიციის მინისტრმა მარკო ბუშმანმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინასთან ომს დანაშაულებრივი მეთოდებით აწარმოებს და მათ რიცხვს მიეკუთვნება უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებაც. "რუსეთის ტაქტიკა მიმართულია იმაზე, რომ ხალხი ზამთარში გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშე დატოვოს, როდესაც ტემპერატურა შესაძლოა მინუს 30 გრადუსამდე დაეცეს", - განაცხადა ბუშმანმა. ოდნავ მოგვიანებით, 2 დეკემბერს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანია მზადაა ყველა­ შესაძლო დონეზე და ყველა არსებული საშუალებით დაიწყოს დევნა რუსეთის ფედერაციისა და მისი ხელმძღვანელობის მიერ უკრაინაში ჩადენილ შესაძლო დანაშაულებზე. "რუსეთისა და მისი ხელმძღვანელობის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დიდ ყურადღებას იმსახურებს.­ ჩვენ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს, ასევე, სხვადასხვა იურიდიული დეპარტამენტის მიერ იმ დანაშაულებზე მტკიცებულებების შეგროვებას - ასეთია ომის დანაშაულები და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, რათა გამოვიყენოთ ისინი ბრალდებისთვის სხვადასხვა საქმეზე, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება", - განაცხადა ბურბოკმა.

მოუწევს თუ არა რუსეთის პოლიტიკურ და სამხედრო ელიტას სამხედრო ტრიბუნალის წინაშე წარდგომა, პოლიტოლოგი, პროფესორი სოსო ცინცაძე გვესაუბრება:

- საფრანგეთმა უკვე დაიწყო მუშაობა სპეციალური ტრიბუნალის შექმნისთვის, რადგან ჰააგის სასამართლოს ძალიან შეზღუდული აქვს უფლებები. ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ჯერ კიდევ ოქტომბერში მოუწოდეს ევროკავშირის ქვეყნებსა და მათ საერთაშორისო პარტნიორებს, რომ შეექმნათ სპეციალური ტრიბუნალი, რომელიც გამოიძიებდა რუსი სამხედროების დანაშაულებს უკრაინის ტერიტორიაზე და საფუძველს ჩაუყრიდა მათ სამართლებრივ პასუხისმგებლობას. სპეციალური ტრიბუნალის შექმნის პრეცედენტები ჩვენ უკვე ვნახეთ იუგოსლავიისა და უგანდის შემთხვევაში. ფაქტია, რომ დასავლეთმა უკვე დაიწყო მუშაობა, მაგრამ იმისთვის, რომ ტრიბუნალი შედგეს, ჯერ რუსეთი უნდა დამარცხდეს უკრაინაში, შემდეგ კი დაიდოს კონკრეტული იურიდიული არგუმენტები.

- უკრაინის პროკურატურამ უკვე გამოავლინა მშვიდობიანი მოსახლეობის წამების 746 ფაქტი. ეს არის კონკრეტული პირების მიერ ჩადენილი დანაშაულები ბუჩაში, ირპენში,­ მარიუპოლში... გარდა ამისა, რუსებმა ჰუმანიტარული კატასტროფის შესაქმნელად მიზანმიმართულად დაბომბეს უკრაინის ენერგოობიექტები.

- გეთანხმებით, მასალა ძალიან ბევრია. ამაზე არა მარტო უკრაინის პროკურატურა, ჰააგის გამომძიებლებიც მუშაობენ, მაგრამ სპეციალური ტრიბუნალისთვის სხვა ტიპის არგუმენტებია საჭირო.

- ენერგოობიექტების მიზანმიმართული დაბომბვა და ჰუმანიტარული კატასტროფის შექმნა არგუმენტად არ გამოდგება?

- ერთია უკრაინელი ხალხის სიბრალული, მაგრამ მეორეა სამართლებრივი ნორმები. 90-იან წლებში იუგოსლავიის ომის დროს ნატოც ბომბავდა სერბეთში ენერგეტიკულ ობიექტებს და იქაც დარჩა მოსახლეობა უდენოდ. ამერიკელებიც ბომბავდნენ ენერგოობიექტებს ერაყში სადამ ჰუსეინის ერაყთან ომის დროს. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით, ერთი დაპირისპირებული მხარის მიერ მეორის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურება აპრიორი დანაშაულს არ ნიშნავს. რატომ? იმიტომ, რომ ენერგოსისტემა მშვიდობიანი მოსახლეობის გარდა სამხედრო ობიექტებს, იარაღის საწარმოებს და მსგავს დაწესებულებებსაც ემსახურება. შესაბამისად, რუსეთს შეუძლია თქვას, რომ მისი მიზანი სამხედრო ობიექტის დაბომბვა იყო და მშვიდობიანი მოსახლეობა შემთხვევით დაიბომბა.

- მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ რუსებმა ისეთი დასახლებული პუნქტებიც დაბომბეს, სადაც სამხედრო ობიექტები არ ყოფილა?

- კი ბატონო. ჰუმანიტარული სამართალი შემტევ მხარეს ავალდებულებს ზუსტად შეარჩიოს დასაბომბი ობიექტები. ამასთან, ზარალი უნდა იყოს პროპორციული იმ შედეგთან, რომელსაც შემტევი მხარე მიიღებს. ეს ნიშნავს, რომ პატარა ელექტროსადგურის ან იარაღის პატარა ქარხნის განადგურების გამო ხალხი არ უნდა დახოცო. ჰუმანიტარულ სამართალში ასევე ხაზგასმით წერია, რომ აგრესორი მხარის წარმატება უნდა იყოს წმინდა სამხედრო ხასიათის. დღეს კი რუსეთი ბომბავს იმიტომ, რომ უკრაინელი ხალხი მორალურად გატეხოს, რაც დანაშაულია. ნახეთ, ბოლო დროს რუსეთი რა ხერხს მიმართავს - ბელგოროდიდან ააფრენენ თვითმფრინავებს, უკრაინელები ამას დააფიქსირებენ და მთელ ქვეყანას საგანგაშო სიგნალს აძლევენ, მაგრამ თვითმფრინავები არ ბომბავენ. ეს ნიშნავს, რომ ხალხს ატერორებენ, რაც სამხედრო დანაშაულია. რუსეთს მოუწევს დამტკიცება, რომ თვითმფრინავებს სამხედრო დანიშნულების მიზნით აფრენდნენ­ და არა მოსახლეობის დასატერორებლად, რაც არ იქნება ადვილი. კი, უკრაინელები ნამდვილად აგროვებენ მასალას, რომ გენოციდის ბრალდება წაუყენონ რუსებს. მეტსაც გეტყვით - კონგრესში შევიდა კანონპროექტი "ვაგნერის" ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებაზე. "ვაგნერში" დღეს 40 000-მდე კაცი მსახურობს. თუ კანონი დამტკიცდა, ყოველი მათგანი ტერორისტად ჩაითვლება - სისხლისსამართლებრივ დევნას და ზოგჯერ პირდაპირ განადგურებასაც დაექვემდებარება. ამასთან, კიდევ უფრო გამყარდება იურიდიული საფუძველი იმისათვის, რათა რუსეთი "ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ" აღიაროს მსოფლიომ.

- როგორია რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების თქვენი ვერსია?

- რამდენიმე დღის წინ ბაიდენმა განაცხადა, რომ მზად არის პუტინს ესაუბროს, თუ ის დაინტერესებულია უკრაინაში ომის დასრულებით, ზავის პირობებით. მან ეს განცხადება ფრანგ კოლეგა ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.­ ახლა საკითხავი ის არის, რა იქნება პუტინის ზავის პირობა. არის ასეთი ლათინური გამოთქმა, "რასაც ვფლობ". რუსეთი ამბობს, დღეს რასაც ვფლობ, დამიკანონეთ და შევწყვიტოთ ომიო. რასაკვირველია, ასე არ იქნება. გარდა იმისა, რომ ზელენსკი შეუვალია, ევროპის მოსახლეობა უკიდურესად პროუკრაინულია და პოლიტიკოსები ვერ ბედავენ, თქვან რაიმე ისეთი, რაც უკრაინის ინტერესებში არ შედის. გახსოვთ, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რა თქვა? - ჩვენ ამ ომის ფასს ფულით ვიხდით, უკრაინელები კი სისხლითო. გასულ კვირას გერმანიის ყოფილმა კანცლერმა მერკელმა ბი-ბი-სისთან ინტერვიუში აღიარა, დიდი შეცდომა დავუშვი, გვიან მივხვდი, რომ პუტინი მხოლოდ ძალას სცემს პატივსო. დასავლელი პოლიტიკოსები მიხვდნენ, რომ დააგვიანეს, პუტინის წინააღმდეგ შესაბამისი ზომები ჯერ კიდევ მაშინ უნდა მიეღოთ, საქართველოში რომ შემოიჭრა, ან ყირიმი რომ წაართვა უკრაინელებს, 2014 წელს. თუმცა ახლა პრობლემა ის არის, რომ ევროპას თავისიც ძალიან ბევრი პრობლემა აქვს. საქართველოში ამის შესახებ არაფერს ამბობენ, მაგრამ დასავლეთში დიდხანს კამათობდნენ, თუ რა უნდა ყოფილიყო რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარი. დასავლეთში აზრი ორად გაიყო. ყველა მათგანის ამოცანა იყო რუსეთს რაც შეიძლება ცოტა მოგება დარჩენოდა, რათა ომის წარმოების შესაძლებლობა აღარ ჰქონოდა, მაგრამ იყო საკითხები, რაზეც ვერ თანხმდებოდნენ. დასავლეთმა ახლახან მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთი ბარელი ნავთობის ზედა ზღვარი­ 60 დოლარით განსაზღვრულიყო. ეს შეეხება მხოლოდ ტანკერებით გადატვირთულ ნავთობს. რუსეთს ერთი ბარელი ნავთობის მოპოვება 20 დოლარი უჯდება, შესაბამისად, მინიმუმ სამმაგი მოგება მაინც დარჩება, ადრე კი ოთხმაგი და ხუთმაგი რჩებოდა. ამასთან, ჯერ არ არის ცნობილი, როგორი იქნება ჩინეთისა და ინდოეთის პოზიცია. ასე რომ, წინ რთული ზამთარია. თუ სიტუაცია გართულდა და ენერგოპრობლემა შეიქმნა, არავითარი სამხედრო ტრიბუნალი არ იქნება.