მიმდინარე წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულდება, მაგრამ ახლა ფოკუსირება 2023 წელზეა, რადგან არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ აღებული ტემპი შესაძლოა, შემცირდეს. როგორც 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტშია აღნიშნული, მთავრობა წელს ქვეყნის ეკონომიკის უფრო მაღალ ზრდას მოელის. თუ ბოლო პროგნოზით, 8.5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდებოდნენ, განახლებული მაჩვენებელი უკვე 10%-იანია. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის ზრდის თვალსაზრისით პოზიტიური ვითარებაა, ახლა ის უფრო საინტერესოა, როგორ დაიწყება 2023 წელი და ისეთივე შთამბეჭდავი ზრდის ტემპი თუ შენარჩუნდება.
როგორც „თიბისი კაპიტალი“ თავის მიმოხილვაში წერს, ეკონომიკური ზრდა 3.5%-მდე ან შესაძლოა, უფრო მეტადაც შემცირდეს. ეს თვალსაჩინო 2023 წლის პირველივე კვარტალში იქნება.
„თიბისი კაპიტალის“ საბაზო სცენარი, საერთაშორისო სასაქონლო ფასების შემდგომ ნორმალიზებას და ასევე, 2023 წელს საქართველოში ეკონომიკის ზრდის ბევრად უფრო ზომიერ ნიშნულს ეყრდნობა. ძირითადად მაღალი საბაზო ეფექტის გამო, და ასევე გლობალური რეცესიის რისკის გათვალისწინებით, ზრდა დაახლოებით 10%-დან, როგორც ჩანს, დაახლოებით 3.5%-მდე ან შესაძლოა, უფრო მეტადაც შემცირდება. ამ მხრივ, საყურადღებოა, რომ წლიურ გამოხატულებაში ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვანი შენელება, უკვე მომდევნო წლის პირველ კვარტალში იქნება თვალსაჩინო“, - ნათქვამია „თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვაში.
დაახლოებით იგივე შეფასებას აკეთებენ კვლევით ორგანიზაცია PMC-Si. მათ მიერ გამოკითხული ეკონომისტები ადასტურებენ, რომ 2022 წლის მეოთხე კვარტალში მომდევნო ექვსი თვის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ მოლოდინი გაუარესდა იმ პოზიტიურ პროგნოზთან შედარებით, რომელიც ეკონომისტებს მომდევნო ექვსი თვის მიმართ ჰქონდათ როგორც 2022 წლის მესამე კვარტალში, ისე 2021 წლის მეოთხე კვარტალში. გარდა ამისა, გამოკითხულთა 90% საქართველოს ეკონომიკისთვის ამჟამად არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხეებს შორის მაღალ ინფლაციას ასახელებს.
„თითქმის 90% ფიქრობს, რომ მაღალი ინფლაცია ამჟამად მაღალ ან ძალიან მაღალ საფრთხეს უქმნის საქართველოს ეკონომიკას. დამატებით, უმრავლესობამ მაღალი საფრთხის შემცველ გარემოებებად დაასახელა უკრაინაში რუსეთის ომი (77%) და ცხოვრების ხარჯების ზრდა (72%).
ამავდროულად, რესპონდენტთა 50% მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქალაქეების იმიგრაცია საქართველოში ამჟამად საქართველოს ეკონომიკისთვის მხოლოდ დაბალ ან ძალიან დაბალ საფრთხეს წარმოადგენს.
რაც შეეხება ინფლაციის დაძლევის გზებს, გამოკითხულ ეკონომისტთა 94% ფიქრობს, რომ გამკაცრებულ ფისკალურ პოლიტიკას ძალიან მაღალი, მაღალი ან სულ მცირე ზომიერი ეფექტიანობა მაინც ექნება საქართველოში ინფლაციის დაძლევის კუთხით. გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის კი 89%-ს სჯერა.
მიუხედავად სკეპტიკური განწყობისა, არიან დარგის სპეციალისტები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში ყველა დადებითი გარემოებაა შექმნილი, რათა ეკონომიკამ ზრდა განაგრძოს და დიდად არც აღებული ტემპი შემცირდეს. როგორც ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი კაპანაძემ აღნიშნა, ახლა პროგნოზირება რთულია, თუმცა მშპ-ს ტემპი მაინც ორნიშნასთან მიახლოებული იქნება.
„თუ შევხედავთ საერთაშორისო თუ ადგილობრივ კვლევით ორგანიზაციებს, ისინი, ბუნებრივია, ელიან, რომ პირველ თვეებში იქნება უფრო დაბალი ტემპი, მაგალითად, 4-5%-ის ფარგლებში, თუმცა ჯერჯერობით არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ველოდოთ ეკონომიკური მაჩვენებლების სწრაფად ვარდნას.
ვფიქრობ, წლის დასაწყისში ნორმალური სიტუაცია გვექნება და გარკვეულწილად გაგრძელდება ტენდენცია და არ ველი, რომ მშპ-ს ზრდა მკვეთრად შემცირდება. ამის შემდგომ უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდიც ჯერჯერობით ფრთხილ პროგნოზს აკეთებენ და საქართველოს ეკონომიკას გაისად 4-4,5%-იან ზრდას უწინასწარმეტყველებენ.