„ცუდი კლიშეა, თითქოს რუსეთს ზამთარი ეხმარება, რუსეთს სხვის ტერიტორიაზე ზამთარში ომი არასოდეს არ მოუგია“

„ცუდი კლიშეა, თითქოს რუსეთს ზამთარი ეხმარება, რუსეთს სხვის ტერიტორიაზე ზამთარში ომი არასოდეს არ მოუგია“

უკრაინაში კვლავ მძიმე და კრიტიკული სიტუაციაა. უკრაინის ქალაქების ნახევარზე მეტი დენის და წყლის გარეშეა დარჩენილი. რუსეთი კი საჰაერო და სარაკეტო თავდასხმებს ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე აგრძელებს. სავარაუდოდ, უკრაინას მძიმე და რთული ზამთარი ელის.

რუსეთის მიერ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის განხორციელების შედეგად, უკრაინის დედაქალაქ კიევის დაახლოებით 50% ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ოთხშაბათს რუსეთის მიერ კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე განხორციელებულმა თავდასხმამ უკრაინის ელექტროსადგურების უმეტესობის დროებითი გათიშვა გამოიწვია, რის შედეგადაც, მოსახლეობის უმრავლესობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ოთხშაბათს რუსებმა 70 რაკეტა გაუშვეს, აქედან 51 უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს.

ბრძოლის მხრივ კი ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილი კვლავ დონეცკი და ლუგანსკია. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სიტუაციას თავად აკონტროლებენ და ოკუპანტების ცოცხალ ძალას და მძიმე შეიარაღებას ყოველდღიურად ანადგურებენ. უკანასკნელი ავიაიერიში აგრესორის კონცენტრაციის უბნებზე გვიან ღამით განხორციელდა.

პრობლემები აქვს რუსულ არმიას მობილიზებულთა ახალ ნაკადთან. ოკუპანტების რეზერვისტთა ნაწილმა დონეცკის ოლქში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. მიზეზად შესაბამისი შეიარაღების და აღჭურვილობის არარსებობა დაასახელეს, რასაც ბუნტი მოჰყვა. მისი ჩახშობა მეთაურებმა 19 მობილიზებულის დემონსტრაციული ჩაცხრილვით მოახერხეს.

საქართველოს შეიარაღებული ჯარების გენშტაბის ყოფილი უფროსი და გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ ტაქტიკურ დონეზე, ზამთარს ორივე ქვეყნისთვის დიდი გავლენა აქვს. კაპანაძე ამბობს, რომ ზამთარში შენიღბვის შესაძლებლობები ქვეითდება, ვინაიდან ტყე არ არის და დამალვა ჭირს. ამავე დროს კი ნათელი დღის რაოდენობა მცირდება, ღრუბლიანობაა, მხედველობა ჭირს, რაც დაზვერვის საშუალებას  საქმეს კიდევ უფრო ურთულებს.

„გარეთ ასეთ სიცივეში, როგორიც უკრაინაში იცის, ჯარისკაცის ღია ცის ქვეშ გაჩერება ძალიან რთულია. ამას სჭირდება ცხელი საკვები, ტანსაცმელი, გათბობა, თავშესაფარი. მისი ბრძოლისუნარიანობა სიცივეში ქვეითდება. გადაადგილება უჭირთ და ვიცით იქ როგორი ყინვები და სიცივეც არის. ძალიან შორს რომ არ წავიდეთ, ძალიან ცუდი კლიშეა, თითქოს რუსეთს ზამთარი ეხმარება. ამ შემთხვევაში ორი ფაქტორი უნდა განვიხლოთ, ზამთარი რუსეთს რუსეთის ტერიტორიაზე შველის. არასოდეს რუსეთს სხვის ტერიტორიაზე ზამთარში ომი არ მოუგია. პირველი მსოფლიო ომის დროს ვერანაირმა ზამთარმა ვერ უშველა, ასევე როცა მოწინააღმდეგე მსგავს კლიმატს შეჩვეულია.

უკრაინელები სიცილიიდან არ არიან, რომ მზის გარეშე ვერ ძლებდნენ. მათთვის ეს კლიმატი და სიცივე იგივეა, რაც რუსებისთვის. მათ სიცივე არანაკლებ იციან, ვიდრე რუსებმა. აქ სხვა ფაქტორია, ორივე მხარემ კულმინაციის წერტილს მიაღწია. ეს არის ის მომენტი, თუკი ჯარის დროული გადახალისება, გადაჯგუფება არ მოხდა, იმ მომენტამდე მივლენ, რომ ვერც დაცვას და ვერც შეტევას ვეღარ შეძლებენ. რეალობა არის იმაში, რომ რუსები ამ კულმინაციის წერტილს უკავშირდებიან და დაღმავალი სიტუაცია აქვთ. უკრაინელებს პირიქით, აღმასვლა აქვთ და ფრონტის ხაზზე წარმატებები აქვთ. ორივე მხრე შეეცდება, რომ გარკვეული რეზერვების დაგროვება მოახერხონ, გადაჯგუფებას და გეგმების გადაწყობას დაიწყებენ. მიმაჩნია, რომ ორივე მხრე გაზაფხულისთვის მზადებას დაიწყებს და გარდატეხის ძირითადი მომენტი ამ დროს მოხდება. თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ დაპირისპირება უფრო პოზიციურ სახეს მიიღებს“, - ამბობს გენერალი.

მისივე თქმით, რუსეთი ზამთრისთვის უკრაინის სტრატეგიულ პარალიზებას ცდილობს. კაპანაძე ამბობს, რომ სარაკეტო დარტყმები ძირითადად სტრატეგიულ და ენერგოობიექტებზე ხდება. ამას კი იმიტომ აკეთებს, რომ უკრაინის მოსახლეობაში ომით გადაღლის სინდრომი გაზარდოს. მათი ბრძოლისუნარიანობა დააქვეითოს და ხელისუფლებაზე მოსახლეობის მხრიდან მოხდეს ზეწოლა, რათა რუსებთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ.

„ეს გააქტიურება მოსალოდნელი იყო და სამწუხაროდ, უფრო გააქტიურდება. ზამთრის მოახლოვვებასთან ერთად, ოკუპანტები ეცდებიან, რომ მოსახლეობა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენონ. მე არ მგონია იმ წარმატებების ფონზე, რომელსაც ახლა უკრაინა ფრონტის ხაზზე აღწევს, მოსახლეობაში ამან დამთგრუნველი ზეგავლენა მოახდინოს. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა ზამთარში სიცივეში და ელექტროენერგიის გარეშე ყოფნა, მაგრამ ხალხი ხედავს, რომ უკრაინის არმია წინ მიიწევს და არ მისცემენ რუსებს საშულებას, რომ ეს ტერორი მათი არმიის ბრძოლისუნარიანობაზე ზეგავლენის მომხდენი იყოს.

რაც შეეხება იმას, რუსებს ეწურებათ თუ არა მარაგები და რამდენ ხანში შესაძლოა ვერღარ შეძლონ სარაკეტო დარტყმები, რთული სათქმელია. მათ საბჭოთა წარმოების ფრთოსანი რაკეტები და იგივე „ს-300“ გადაკეთებული და ქმედითი რაკეტები აქვთ. მართალია, ისეთი ზუსტი არ არის, როგორც თანამედროვე ტიპის რაკეტები, მაგრამ მათ გამოყენებას მაინც ახერხებს. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ის მოლაპარაკებები, რომელიც რუსეთსა და ირანს შორის მიმდინარეობს და ბალისტიკური რაკეტების მიღება შეიძლება ირანიდან შეძლოს. ესეც მას საშუალებას მისცემს, რომ ზამთარში სარაკეტო თავდასხმები გააგრძელოს“, - ამბობს გენერალი.

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე კი ამბობს, რომ თუკი უკრაინას რაიმე წარმატების მიღწევა სურს, მან ფრონტის ყველა მიმართულებებზე შეტევები უნდა გააგრძელოს. ბერიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ამ ფორმით უკრაინელები რუსების გამოფიტვას შეძლებენ. მას ეჭვი აქვს, რომ უკრაინა ზამთარშიც სწორედ ამ სტრატეგიას გამოიყენებს, რათა რუსებმა ფრონტის ხაზი თავად მიატოვონ, ჯარის დემორალიზება მოხდეს და ქალაქები ხერსონის მსგავსად დატოვონ.

„რუსეთის თავდაცვა რაც უფრო გაშლილი იქნება, მისი დაღლა და გამოფიტვა მით უფრო მარტივი იქნება. რუსებს რომ გრძელვადიანი სტრატეგია ჰქონდეთ და ფიქრობდნენ, რომ ჯარი არ გამოეფიტოთ, მაშინ რაღაცა მიმართულება უნდა დათმონ, აქცენტი სამხრეთზე ან კიდევ აღმოსავლეთზე უნდა გააკეთონ. ხერსონი მიატოვეს იმიტომ, რომ ყირიმი დაეცვათ. აქედან მდინარე დნეპრით და თავდაცვითი ზოლით ნახევარკუნძული გაამაგრეს, რათა ყირიმი არ დაეცეს. ვფიქრობ, ეს საკმარისი არ არის, რადგან რუსებმა ამ ზამთარს ჯარები აღმოსავლეთისკენ უნდა გადააჯგუფონ, რომ დიდხანს გაძლონ. ყველაფერს ასე ვერ დაიცავენ. ტაქტიკურად ხერსონის დატოვება მოიფიქრეს, მაგრამ სტრატეგიულად რომ აზროვნებდნენ და კრემლი სამხედროებს მოქმედების საშუალებას აძლევდეს, მთელ სამხრეთს დატოვებდნენ. სამხრეთის და ყირიმის დაცვა დნეპრის სანაპიროს გაძლიერების გარეშე წარმოუდგენელია. კი ბატონო, უკრაინელებსაც გაუჭირდებათ დნიპროს დაკავება, მაგრამ ზამთარში მოსვენებას არ მისცემენ“, - ამბობს ბერიძე.

 

Aburjga Tasmanieli პატივცემულო საზოგადოებავ, სისულელეებს ნუ დაიჯერებთ! მოუგია თუ არა რუსეთს ომი ეს რომ ობიექტურად განსაჯით დახედეთ მე-11 საუკუნის რუსეთის რუკას და ახლანდელს. ყველაფერი გასაგები გახდება!
1 წლის უკან