დიდი ჯარიმები და დიდი ცდუნება - შეძლებს თუ არა მთავრობა ფარმაცევტების მადის მოთოკვას?

დიდი ჯარიმები და დიდი ცდუნება - შეძლებს თუ არა მთავრობა ფარმაცევტების მადის მოთოკვას?

ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტულ საცალო ფასზე მაღალ ფასად რეალიზაციის წესის დარღვევა გამოიწვევს ჯერ გაფრთხილებას, ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. ჯარიმები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონში შესატანი ცვლილებებით არის გათვალისწინებული. მთავრობა ცდილობს მედიკამენტების ოლიგოპოლიური ბაზარი გამჭვირვალე გახადოს და მოსახლეობას ხარჯი შეუმციროს, მაგრამ ჯერ კიდევ უამრავი დაბრკოლებაა გადასალახი.

როგორც ცვლილებების განმარტებით ბარათში აღნიშნულია, ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტულ საბითუმო ფასზე მაღალ ფასად რეალიზაციის წესის დარღვევა გამოიწვევს: დაჯარიმებას 22 500 ლარის ოდენობით. ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 45 000 ლარით.

„აღნიშნული ჯარიმების ოდენობების განსაზღვრისას, მხედველობაში იქნა მიღებული გადაცდომის სიმძიმე, მასშტაბები, მისი გავლენები ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის სფეროზე და ასევე, საერთაშორისო გამოცდილება, მაგალითისთვის, საბითუმო რეალიზატორებისთვის ჯარიმის ოდენობის გამოსათვლელად გამოყენებულ იქნა შემდეგი მიდგომა: რეფერენს ქვეყნებში ჯარიმების ოდენობებიდან, აირჩა ქვედა ნიშნული, ყველაზე დაბალი ფასი, შემდეგ აღნიშნული მოცულობები გადაკონვერტირდა ლარში. საბოლოო ეტაპზე კი გაანგარიშდა ჯარიმის საშუალო მოცულობა.

საბითუმო რეალიზატორებისთვის ჯარიმის მოცულობად განისაზღვრა რეფერენს ქვეყნებში არსებული ჯარიმების საშუალო მაჩვენებლის - 45 000 ლარის ნახევარი - 22 500 ლარი. განმეორების შემთხვევაში კი - 45 000 ლარი“, - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ფარმაცევტულ ბაზარზე ჯერ კიდევ უამრავი პრობლემაა. მონოპოლისტებისა და მათთან მჭიდროდ დაკავშირებული ექიმების მოთოკვა საკმაოდ ძნელი იქნება. ჯანდაცვის სპეციალისტის, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ანდრია ურუშაძის ინფორმაციით, ბევრმა კომპანიამ უარი თქვა პარალელურ იმპორტზე.

„თურქეთის თემა - კარგია, როდესაც ადამიანს აქვს საშუალება იგივე წამალი უფრო იაფად შეიძინოს. ეს სწორია, მაგრამ რატომ არის მხოლოდ მცირე რაოდენობის მედიკამენტებზე, რა ბარიერებია მის შემოტანაზე, რატომ არის, რომ მარტო თურქეთიდან კი არა სხვა ქვეყნებიდან პარალელური იმპორტი ფერხდება დღეს და ბევრ კომპანიას უჭირს? ბევრმა შემომტანმა უარი თქვა ამაზე. ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ხელოვნურად ფერხდება და მე ვიცი, რომ სწორედ წამლის სააგენტოზე გავლენის გამო ფერხდება ეს. იმიტომ, რომ ბევრი ფარმაცევტული კომპანია, ვისაც შემოაქვს და აქვს ექსკლუზიური კონტრაქტები, ცდილობს ხელი შეუშალოს სხვა ბაზრებიდან უფრო იაფად შემოსული მედიკამენტების დროულად რეგისტრირებას, ადვილად შემოტანას, რამაც თავისი ეფექტი მოიტანა თავის დროზე და შემცირდა ფასები“, - განაცხადა ანდრია ურუშაძემ.

მისივე ინფორმაციით, დღეს ისევ უკონტროლოა მედიკამენტების გამოწერის პრაქტიკა. ხშირ შემთხვევაში, ექიმი ვერ უძლებს იმ ცდუნებას, რასაც ფარმაცევტულ კომპანიასთან აღებული საკომისიო ჰქვია და ცდილობს, რაც შეიძლება მეტი და ძვირიანი წამალი გამოწეროს.

„ზოგადად, რეცეპტის ინსტიტუტი უნდა დამკვიდრებულიყო და ძალიან დიდი მოლოდინი იყო ამასთან დაკავშირებით. რეცეპტი აუცილებელი პირობაა იმ მედიკამენტების ჯგუფებისთვის, სადაც ექიმის დანიშნულება აუცილებელია, როგორც დოზირების, ხანგრძლივობის, ისე კონკრეტული მედიკამენტების დასახელებისთვის, მაგრამ როგორ იყო მართული ეს პროცესი? ალბათ, ყველას დაგვრჩა განცდა, რომ ვერ მოახერხა ამის მართვა ვერც სამინისტრომ და არც ექიმებისგან იყო ამ მიმართულებით მხარდაჭერა.

სამწუხაროდ, დღეს ისევ უკონტროლოა, მედიკამენტების გამოწერის პრაქტიკა. მათ შორის, წამლების ჭარბი ან არარაციონალური მოხმარება. ეს პრაქტიკა გრძელდება. ექიმი ვერ უძლებს იმ ცდუნებას, რასაც ფარმაცევტულ კომპანიასთან აღებული საკომისიო ჰქვია და ცდილობს, რაც შეიძლება მეტი და ძვირიანი წამალი გამოწეროს. ამ შემთხვევაში მხედველობაში მაქვს არა მხოლოდ ერთი წამლის ღირებულება, არამედ, როდესაც რამდენიმე წამალი ინიშნება და შედეგი არ ჰქონდეს. ეს ყველაფერი ჯიბეზე აისახება და ეკონომიკურად აზარალებს პაციენტს. ამას მომზადება და მართვა სჭირდება, შემდეგ შედეგების ანალიზი, იმ პრობლემების ანალიზი, რომელიც ხელს უშლის. აუცილებელია პაციენტსა და ექიმს შორის დამკვიდრდეს ურთიერთობა, რომელიც თავისუფალი იქნება ფარმაცევტული კომპანიების ზეგავლენისგან“, - განაცხადა გადაცემაში „საქმე“ ურუშაძემ.