"რუსეთშიც ბევრისათვის ცხადია, რომ პუტინი ამ ომს ვერ იგებს, წაგებულ ომს კი რუსეთში სამოქალაქო ომი, რევოლუცია და ფედერაციის დაშლაც კი შეიძლება, მოჰყვეს"

ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი ანკარაში რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელს, სერგეი ნარიშკინს შეხვდა. დასავლურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრის მიზეზი უკრაინის მიმართ მოსკოვის ბირთვული საფრთხეების განხილვა იყო. კრემლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებები ამერიკული მხარის ინიციატივით, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების თაობაზე გაიმართა. თეთრმა სახლმა ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ ბერნსი, რომელიც 2005 წლიდან 2008 წლამდე აშშ-ის ელჩი იყო რუსეთში, არ აწარმოებდა მოლაპარაკებას ომის დასრულებაზე. ამერიკული მხარე ირწმუნება, რომ შეხვედრის მიზანი მოსკოვის გაფრთხილება იყო - ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლო შედეგებისა და „სტრატეგიული არასტაბილურობის ესკალაციის“ რისკის შესახებ. „ბატონი ბერნსი არ აწარმოებს მოლაპარაკებებს კონფლიქტის მოსაგვარებლად... ვაშინგტონი მტკიცედ დაიცავს ფუნდამენტურ პრინციპს - „არაფერი უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე“, - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა არა ერთხელ გააფრთხილა მოსკოვი უკრაინაში ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ, კრემლის მკაფიო მინიშნებების შემდეგ, რომ რუსეთმა, შესაძლოა, გადადგას ასეთი ნაბიჯი. სექტემბერში ვლადიმერ პუტინმა დასავლეთი რუსეთის განადგურებაში დაადანაშაულა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავისი ტერიტორიის დასაცავად „ყველა შესაძლო საშუალებას“ გამოიყენებდა. რუსეთისა და ამერიკის სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელების შეხვედრის დეტალებზე და სხვ მნიშვნელოვან საკითხებზე ანალიტიკოსი, ანდრო გოცირიძე გვესაუბრება:

- მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა ამ შეხვედრის შესახებ ინფორმირებულია და ძირითადი პრინციპი - „არაფერი უკრაინაზე, უკრაინის გარეშე“ შენარჩუნებულია. რუსული ოფიციალური არხები რუსული საინფორმაციო კონფრონტაციის ჩვეული იარაღია, ახლა კი რუსულ პროპაგანდას ყველაზე მეტად უკრაინის მოკავშირეებთან ურთიერთობის ძირის გამოთხრა და სამხედრო თუ დიპლომატიური დახმარების შეფერხება სჭირდება. ბუნებრივია, ყველა ომი ბოლოს დიპლომატიურ სარბიელზე სრულდება, თუმცა მოლაპარაკებების მაგიდასთან გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მოლაპარაკებების თარიღისათვის რა პოზიციები ექნებათ მოწინააღმდეგეებს ბრძოლის ველზე. კრემლი, აცნობიერებს საკუთარ წარუმატებლობას და საფრთხეს, რომ ეს წარუმატებლობა, შესაძლოა, ფართომასშტაბიანი მარცხით დასრულდეს, აქედან გამომდინარე პოლიტიკური შედეგებით. ამიტომ, იგი ყველა საშუალებით ცდილობს, უკრაინა იქამდე მიიყვანოს მოლაპარაკების მაგიდასთან, ვიდრე სავაჭროდ ჯერ კიდევ აქვს ოკუპირებული და ანექსირებული ტერიტორიები.

ახლა ზავი რეპარაციების და მიტაცებული ტერიტორიების დაბრუნების გარეშე კრემლის გამარჯვებად გასაღდება და რეჟიმს შიდა აუდიტორიასთან იმ უზარმაზარ მსხვერპლს და ზარალს „ჩამოაწერს“, რაც ამ არაპროვოცირებულმა, სასტიკმა და, როგორც გამოჩნდა, არასწორად დაგეგმილმა ომმა რუსეთს მოუტანა. რაც შეეხება ანკარაში მოლაპარაკებათა საგანს, მიუხედავად არნახული დაძაბულობისა ბირთვულ სახელმწიფოებს შორის, აშშ-ისა და რუსეთის სპეცსამსახურების თუ სამხედრო უწყებების დონეზე კონსულტაციები შენარჩუნებულია. როგორც ოფიციალური განცხადებებიდან ჩანს, საუბრები, ძირითადად, ეხება ბირთვული ესკალაციის დაუშვებლობას. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კრემლი და პუტინის გარემოცვა ინფორმირებულია, სცენარის ამგვარი განვითარების შემთხვევაში, რუსეთისთვის კატასტროფულ შედეგებზე. აქ მეტად მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ შედეგებზე სწორედ გარემოცვა ანუ ის ხალხია ინფორმირებული, ვინც ჰიპოთეტურად პუტინის ამგვარი ბრძანების შესრულებაზეა პასუხისმგებელი.

- რა შემთხვევაში შეიძლება ალაპარაკდეს ამერიკა ომის დიპლომატიური გზით დასრულებაზე და რა შეიძლება იყოს საპირწონე, თუკი უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვალერი ზალუჟნი ამბობს, რომ უკრაინა არ მიიღებს არანაირ მოლაპარაკებებს, შეთანხმებას ან კომპრომისებს და იბრძოლებს ბოლომდე, უკრაინის სრულ დეოკუპაციამდე?

- აშშ-მა არა ერთხელ მოუწოდა რუსეთს, თუ მას ომის დასრულება სურს, გაიყვანოს ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან. ვაშინგტონმა უმაღლეს დონეზე დააფიქსირა პოზიცია, რომ ის არ უბიძგებს უკრაინას, ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე შეთანხმდეს კრემლთან ცეცხლის შეწყვეტაზე. იგივე პოზიცია დააფიქსირა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმაც: ალიანსი ხელს შეუწყობს უკრაინას, რომ საბრძოლო გამარჯვებების ფონზე წარმართოს მოლაპარაკებები ოკუპანტთან. მკვეთრი განცხადებით გამოირჩეოდა ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრიც. როგორც ჩანს, დასავლეთის პოზიცია, რუსეთი ბრძოლის ველზე დამარცხდეს, ურყევია.

- უკრაინის მიერ ხერსონის დაბრუნების შემდეგ, ბევრი ელოდებოდა, როგორი იქნებოდა მოსკოვის რეაქცია ამ წარუმატებლობაზე. თქვენი აზრით, როგორი იქნება მოსკოვის საპასუხო ნაბიჯი ან იქნება კი საერთოდ?

- რუსეთი უკრაინაში ყველაზე უფრო ბრძოლისუნარიან დანაყოფებს კარგავს, რაც აუცილებლად გამოიწვევს შიდაკონფრონტაციას. კრემლის მმართველ რეჟიმს მოუწევს იმაზე დაფიქრება, რომ ჯარი მას შიდაამოცანების გადასაჭრელად ჯერ კიდევ დასჭირდება. ხერსონის დაბრუნებით უკრაინის შეიარაღებული ძალები ყირიმის მომარაგების გზებს უშუალო საფრთხეს უქმნიან, შავი ზღვის ფლოტი აქტიურ როლს ვეღარ ასრულებს ყირიმის დაცვაში. ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, ამ ფაქტორების გათვალისწინებით, რუსულმა სარდლობამ „დროებითი დედაქალაქი“ აზოვის ზღვის ნაპირას, ქ. ჰენიჩესკში გადაიტანა, რომელიც უკრაინული არტილერიის წვდომის არეალში არ ხვდება. განვითარებული მოვლენების ფონზე რუსეთს ბევრი სვლა არ უნდა ჰქონდეს და სამხედრო თვალსაზრისით ყველაზე რაციონალური გზა უკრაინასთან ომის შეწყვეტაა. რუსეთშიც უკვე ბევრისათვის ცხადია, რომ პუტინი ამ ომს ვერ იგებს, წაგებულ ომს კი რუსეთში სამოქალაქო ომი, რევოლუცია, სხვა ქვეყნების ინტერვენცია, ფედერაციის დაშლაც კი შეიძლება, მოჰყვეს. შესაბამისად, ჯარის შენარჩუნება ახლა რუსეთისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. თუმცა, როგორც ჩანს, რეჟიმი ამას არ გააკეთებს და დაელოდება ზამთარს, რომელმაც, მისი აზრით, შესაძლოა, უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა შეაფერხოს, სამოქალაქო მოსახლეობას, ინდუსტრიას პრობლემები შეუქმნას, ხოლო ევროპაში კონფორმისტული განწყობები გააღვივოს. თავისთავად, ოცდამეერთე საუკუნეში ბუნებრივ პირობებზე დაყრდნობა ცოტა ირაციონალურად მეჩვენება. ამას გარდა, ზამთარი არც რუსული ჯარის ისედაც სუსტ ლოჯისტიკასა და დაბალ საბრძოლო განწყობაზე იმოქმედებს დადებითად: ცივი ამინდები პრობლემებს შექმნის როგორც იარაღის გაუმართაობების, ასევე - დაჭრილი ჯარისკაცების გადარჩენის, მოყინვების, ღამის ბრძოლებისათვის არასათანადო მზადყოფნის სახით.

- თურქეთმა, რომელიც რუსულ-ამერიკული სადაზვერვო სამსახურების შეხვედრის ორგანიზატორი იყო და რომელიც რუსეთისა და უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხში საკუთარი წვლილის შეტანას აპირებს, რამდენიმე დღის წინ არ მიიღო აშშ-ის საელჩოს სამძიმარი სტამბოლში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სოილუმ პირდაპირ განაცხადა, რომ არ იღებენ და უარყოფენ აშშ-ის საელჩოს სამძიმარს სტამბოლში, რადგან მათ იციან, რა მოხდა. ტერაქტთან დაკავშირებით ჩვენ ის ვიცით, რომ უშუალო შემსრულებელი ქალი, თურქეთში ქურთისტანი მუშათა პარტიის წევრებისა და სირიელი ქურთების სახალხო თავდაცვის შენაერთების დავალებას ასრულებდა. როგორ გგონიათ, რა იცის ანკარამ და როგორ იმოქმედებს ეს ყოველივე თურქების დამოკიდებულებაზე დასავლეთის მიმართ?

- ანკარა ვაშინგტონს ჩრდილოეთ სირიაში ქურთების მხარდაჭერაში სდებს ბრალს. ამერიკის შეერთებული შტატები მართლაც ეხმარება ჩრდილოეთ სირიაში მოქმედ სირიის დემოკრატიულ ძალებს (SDF), რომელსაც სირიაში მცხოვრები ქურთები ხელმძღვანელობენ. რაც შეეხება ტერორისტული აქტის განხორციელებაში ეჭვმიტანილ ქურთისტანის მუშათა პარტიას (PKK), მას ვაშინგტონი, ისევე, როგორც ანკარა, ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. უნდა აღინიშნოს რომ PKK-მ უარყო ტერაქტთან მისი რამე ფორმით შემხებლობა. ვფიქრობ, მკვეთრი განცხადებები თურქეთის მმართველი ელიტის მხრიდან უფრო შიდა აუდიტორიასა და რეგიონულ პოლიტიკაზეა გათვლილი. ერდოღანის ადმინისტრაცია რეგიონში დამოუკიდებელი ლიდერის სტატუსს ესწრაფვის. სულ ესაა.